კაცი, რომელმაც დააბრუნა მარიო ბალოტელი

AutoSharing Option
"ნიცა" საფრანგეთის ჩემპიონატის მთავარი მოულოდნელობაა. როგორი საქმეა, ფერხულში თვით ვარსკვლავებით გადაჭედილ "პარი სენ-ჟერმენს" აჰყვე. გუნდის დამრიგებელმა ლუსიენ ფავრმა დააბრუნა მარიო ბალოტელი, ვინც ბოლო დროს ჩაკარგული იყო. ფავრი ის მწვრთნელია, ყურადღებას და დაფასებას რომ იმსახურებს.

"ფეხბურთი იმპროვიზაციის გარეშე მკვდარია. წარმოიდგინეთ, ჩემმა ფეხბურთელმა დრიბლინგით აუარა გვერდი რამდენიმე მოწინააღმდეგეს. მე კი მინდვრის კიდიდან მას ვუყვირი, რომ არასწორად იქცევა. ეს ხომ დიდი სიბრიყვე იქნება. თუ ფეხბურთელი კარგია ინდივიდუალურად, ის გუნდისათვის თამაშობს. აიღეთ ნეიმარი. საკმარისია, მან ორი მოწინააღმდეგე მოატყუოს, რომ მეტოქის რიგებში პანიკა იწყება", -
ამ სიტყვებში ძალიან კარგად ჩანს ლუსიენ ფავრის სამწვრთნელო კრედო.

თავის დროზე ლუსიენ ფავრი "გლადბახის" მთავარი მწვრთნელი იყო. ის გუნდი ძალიან ტექნიკურად და სანახაობრივად თამაშობდა. ბოლო 25 წლის განმავლობაში გუნდმა საუკეთესო შედეგი აჩვენა, გერმანიის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თამაშის პატივიც ირგუნა.

2015-16 წლების სეზონის დასაწყისში დადგა კრიზისი. "გლადბახმა" ზედიზედ ექვსი შეხვედრა წააგო. არაფერია, უთხრა მაშინ კლუბის სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა ფავრს, ჩვენ უარესიც გვინახავს. და მაინც, ეს დიდი კრიზისი იყო.

ფავრის კარიერაში ასეთი უიღბლო პერიოდი ჯერ არ ყოფილა. შვეიცარიელმა კლუბის ხელმძღვანელობას უთხრა, რომ გუნდიდან წასვლას აპირებდა. მესამე მოთხოვნა და ებერლი გატყდა. ფავრი წავიდა მშობლიურ ალპებში - სუნთქავდა სუფთა ჰაერს და ფიქრობდა, სად გაეგრძელებინა კარიერა. მსურველები იყვნენ "ევერტონი", "გალათასარაი", ახსენეს "ბაიერნიც"...

* * *
მოგვიანებით "ნიცას" პრეზიდენტი ჟან-პიერ რივიე იტყვის: "ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ველაპარაკებოდით ფავრს და ის სულ უარს ამბობდა. ჩვენ ვიცოდით, რომ ის უფრო მაღალი დონის გუნდის გაწვრთნისათვის არის მოწოდებული, თუმცა მაინც შევძელით მისი დათანხმება".

ფავრი გახდა ახალი პროექტის წევრი. მან პირველივე დღეს გადმოულაგა კლუბის ხელმძღვანელობას თავისი პრინციპები. "ჩემთვის ფეხბურთში იმპროვიზაცია ყველაფერს ნიშნავს. "ნიცა" ყველას შეუტევს. ფეხბურთისათვის ყველაზე დიდ ბოროტებად მიმაჩნია გაუთავებელი ჩაწოდებები. ფეხბურთელის ძალა კი უფრო თავშია, ვიდრე ფეხებში",  - თქვა შვეიცარიელმა.

მან გუნდში აიყვანა და ისევ ევროპული დონის ფორვარდად აქცია მარიო ბალოტელი. მწვრთნელმა და ფეხბურთელმა ერთმანეთს მართლაც გაუგეს. ეს არავის გაკვირვებია, ფავრის სამწვრთნელო კარიერა ხომ რაღაცით ჰგავს ბალოტელის საფეხბურთოს.

"მე არ მეშინია რთული ბიჭების. ალბათ, იმიტომ, რომ თავად ვიყავი ასეთი. ოთხმოციანების შუაში "სერვეტში" ვთამაშობდი. ერთ დღესაც ბიჭები მაგრად გავერთეთ. დილით უნდა გვერბინა, ექიმებს კი პულსი შეემოწმებინათ. გავრბივარ და ვგრძნობ, რომ გული ამოვარდნაზე მაქვს. მწვრთნელმა შეამჩნია ყველაფერი და გული არ გამიტეხა. მიდი, ლუსიენ, წინო, მეძახდა. ის დღე არ დამავიწდება, თუმცა ის კი არ მახსოვს, როგორ გადავიტანე. ერთი კი ვიცი - ჩვენ ადამიანები ვართ და არა რობოტები. ჩვენ გვაქვს შეცდომის უფლება. ესეც რომ არა, მე და მარიომ ვნახეთ, როგორ ეცემა ადამიანი მიწაზე თუნდაც საყოველთაო აღიარების შემდეგ", - ამბობს ფავრი. მართლაც ურთულესი საქმეა, ათამაშო ფეხბურთი მარიო ბალოტელის და ისიც... "ნიცაში".

* * *
ფავრი იმ დროს მივიდა გუნდში, როცა "ნიცა" ერთბაშად ოთხმა ლიდერმა დატოვა. ჰატემ ბენ არფა და ვალერი ჟერმენი სულაც გუნდის ბომბარდირები იყვნენ. ნამპალის მენდი კი "ლესტერში" წავიდა თვით ნგოლო კანტეს შესაცვლელად.

"ნიცა" ეგრევე მაგრად ათამაშდა ფავრის ხელში. გამოჩნდნენ ახალი ვარსკვლავები, მაგალითად - ვილან სიპრიენი და მალანგ სარი. მეტი დამაჯერებლობა შეიძინა დაცვის ცენტრში გამოცდილმა დანტემ.

ფავრი მაგრად მუშაობს. ის არ გრძნობს წნეხს და სიამოვნებას იღებს ფეხბურთისაგან. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა რაიმონ დომენეკმა ამას წინათ თქვა: "მე ბევრს ვეცადე, სუსტი მომენტები მომენიშნა "ნიცას" თამაშში, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან ისინი უბრალოდ არ არსებობს".

"ნიცა" ფრანგ გოლიათებს ჯერ წარმატებით ებრძვის. ბრძოლა უთანასწოროა და შეიძლება ფავრის დამარცხებითაც დასრულდეს. შვეიცარიელს ვერც ამის გამო გავკიცხავთ. "ნიცა" ჩვენ სიამოვნებას გვანიჭებს. მოდი, ნუ ავკიდებთ ფავრს ზედმეტ ტვირთს...

მარიო კი დაბრუნდა. ფავრი რომ არა, ეს დაბრუნება არ იქნებოდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული