სკოლარი კმაყოფილია, კაპელო უკმაყოფილო - არადა, პირიქით უნდა იყოს

AutoSharing Option
ხუთშაბათს გამართულმა ამხანაგურმა შეხვედრამ აჩვენა, რომ ბრაზილიის ნაკრები მძიმე მდგომარეობაშია და ლუიშ ფელიპე სკოლარის ბევრი რამის შეცვლა მოუწევს იმისთვის, რომ გუნდი ზაფხულში კონფედერაციის თასზე არ შერცხვეს. შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირზე ბრაზილიის მეტოქეები ჯგუფში მექსიკის, იაპონიის და იტალიის ნაკრები გუნდები არიან და თუ "სელესაომ" მათთანაც ისე ითამაშა, როგორც რუსეთთან, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი აუცილებლად ჯგუფში ჩარჩება.

ბრაზილია წაგებას ბოლო წუთზე ფრედის გოლით გადაურჩა. 29 წლის ფორვარდი ნაკრებში, ისევე, როგორც კლუბში, ძალიან შედეგიანია – 2013 წელს "სელესაომ" სამი მატჩი ჩაატარა (ინგლისთან, იტალიასთან და
რუსეთთან) და "ფლუმინენსეს" ფორვარდმა გოლის გატანა სამივე შეხვედრაში მოახერხა. საერთოდ, ფრედი ნაკრებში 2011 წელს დააბრუნეს და იქიდან მოყოლებული, მან 13 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. სულ კი მის ანგარიშზე 10 ბურთია (22 თამაშში).

ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა მარსელომ, რომელმაც საგოლე პასი ფლანგზე შესანიშნავი გარღვევის შემდეგ გააკეთა. სკოლარიმ "რეალის" მარცხენა მცველი შეხვედრის შემდეგ შეაქო:

"დღეს მან ძალიან კარგად ითამაშა. ის უტევდა მაშინ, როდესაც შეტევაში უნდა გადასულიყო და დაცვაშიც დამაჯერებლად მოქმედებდა. თამამად ვიტყვი, რომ მისი სახით ნაკრებს ერთი შეუცვლელი წევრი უკვე ჰყავს".

ბრაზილიელთა 64 წლის დამრიგებელი, რომელიც გუნდში დაბრუნების შემდეგ ჯერ კიდევ მოგების გარეშეა, არც მთლიანად გუნდის თამაშით დარჩა უკმაყოფილო:

"დღესაც და იტალიასთანაც დაახლოებით ერთ დონეზე ვითამაშეთ. რუსეთი საკმაოდ კარგად ორგანიზებული და ძლიერი გუნდია, რომლის წინააღმდეგაც ასპარეზობა იოლი არ არის. გაშვებული გოლის შემდეგ ბიჭები არ დაიბნენ და მათ ხელი არ ჩაუქნევიათ; პირიქით, გოლმა ისინი გააღიზიანა და საბოლოოდ, ანგარიშის გათანაბრებაც მოვახერხეთ. ვფიქრობ, სწორ გზაზე ვართ და ნელ-ნელა ვუმატებთ, რაც აუცილებლად მოგვიტანს წარმატებას," – განაცხადა "ფელიპაომ" პრესკონფერენციაზე.

ვიზავისგან განსხვავებით, უკმაყოფილი დარჩა ფაბიო კაპელო, რომლის ხელშიც რუსეთის ნაკრებს უკვე 8 მატჩია, არ წაუგია. იტალიელი სპეციალისტი ბოლო წუთზე გაშვებულმა ბურთმა გააბრაზა:

"ფეხბურთელებმა კონცენტრაცია დაკარგეს, რაც ისეთი დონის მეტოქესთან, როგორიც ბრაზილიის ნაკრებია, დაუშვებელია. საბოლოო ჯამში ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ ეს მატჩი უნდა მოგვეგო. ჩემთვის ამხანაგურ შეხვედრებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ამ მატჩებში შეიძლება სხვადასხვა ტაქტიკური თუ სტრატეგიული სიახლის გამოცდა".

ნეიმარი - ფეხბურთის ჯასტინ ბიბერი
ბრაზილია-რუსეთის მატჩზე საკუთარი აზრი ჯოი ბარტონმაც გამოთქვა, უფრო სწორად, ინგლისელი ნახევარმცველის სამიზნე კონკრეტულად ერთი ფეხბურთელი, ნეიმარი იყო. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ბარტონმა 21 წლის ფორვარდი გააკრიტიკა, რასაც ნეიმარის პასუხი მოჰყვა – ბრაზილიელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საერთოდ არ იცოდა, ვინ იყო ჯოი ბარტონი.

რუსეთთან თამაშის შემდეგ, რომელშიც "სანტოსის" ლიდერმა თავი ვერაფრით გამოიჩინა, ბარტონმა საკუთარ "ტვიტერზე" შემდეგ რამ დაწერა:

"ნეიმარი ფეხბურთის ჯასტინ ბიბერია – ის ძალიან მაგარია "იუთუბზე", მაგრამ რეალობაში კატის შარდია".

ბარტონისგან მსგავს გამოხდომებს კი შევეჩვიეთ, მაგრამ ვფიქრობთ, ამჯერად ნამეტანი მოუვიდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული