ლეგენდარული ფეხბურთელის სახელობის არენა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ააშენეს და მასზე პირველი შეხვედრა სწორედ "სანტოსმა" და "ფლამენგომ" გამართეს. ნეიმარი მშობლიურ გუნდს ისე ვერ დაემშვიდობა, როგორც მას სურდა. გარდა იმისა, რომ 21 წლის ფორვარდმა გოლი ვერ გაიტანა და "სანტოსმაც" ვერ მოიგო, ტრიბუნებზე, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლად "სანტოსი"
საბოლოოდ, 60 000-ზე მეტმა მაყურებელმა გოლი ვერ იხილა და შეხვედრა ფრედ დასრულდა. ნეიმარი ქომაგებს გოლის გარეშე, მაგრამ თვალცრემლიანი გამოემშვიდობა.
ფავორიტებმა იყოჩაღეს
სეზონი გამარჯვებით დაიწყო ჩემპიონმა, რომელმაც საკუთარ მოედანზე დებიუტანტ "ატლეტიკო პარანაენსეს" სძლია. "ფლუმინენსეს" რამდენიმე დღეში ლიბერტადორესის თასის საპასუხო 1/4-ფინალი ელის (ოლიმპიასთან), რის გამოც აბელ ბრაგამ რამდენიმე ლიდერი დაასვენა.
მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას "ატლეტიკო" ფლობდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მასპინძლებმა სეზონი 3 ქულის მოპოვებით გახსნეს. "ფლუს" მხრიდან გოლები რაფაელ სობისმა (პენალტით) და ახალგაზრდა სამუელ როსამ გაიტანეს.
მოიგო "ვასკო და გამამაც", ვინც შინ კიდევ ერთ დებიუტანტ "პორტუგეზასთან" ითამაშა. მართალია, "ვასკომ" მინიმალური ანგარიშით იმარჯვა, მაგრამ "ფლუსგან" განსხვავებით, პაულო აუტორის გუნდს სერიოზული პრობლემები არ შექმნია. მასპინძლებმა დროის უმეტესი ნაწილი შეტევებში გაატარეს, მაგრამ გოლი მხოლოდ ერთხელ, 48-ე წუთზე გაიტანეს - თავი კარლოს ტენორიომ გამოიჩინა და საკუთარ გუნდს კარგი სტარტი ააღებინა.
"სან პაულომ" დერბიში "პონტე პრეტას" მოუგო. გოლები ლუსიომ და ჟადსონმა გაიტანეს, ლიბერტადორესის თასის კიდევ ერთმა ყოფილმა მონაწილე "გრემიომ" კი სტუმრად საშინლად მოთამაშე "ნაუტიკოს" დააყრევინა ფარ-ხმალი. პორტუ ალეგრის კლუბის მხრიდან ბურთები უბერებელმა ზე რობერტომ და ელანომ გაიტანეს.
მოსალოდნელი მარცხი და მესის დეიდაშვილი
"ატლეტიკო მინეირო" "ბრაზილეირაოს" ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ "კორიტიბასთან" მატჩის წინ ის აუტსაიდერად მიიჩნეოდა. ამას ორი ძირითადი მიზეზი ჰქონდა: "კორიტიბა" სახლში ყოველთვის კარგად თამაშობს და "ატლეტიკოს" რამდენიმე დღეში "ტიხუანასთან" საპასუხო 1/4-ფინალი ელის. ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ კუკა ლიდერებს დაასვენებდა.
საბოლოოდ, ყველაფერი ასეც მოხდა - კუკამ რამდენიმე ლიდერი (რონალდინიო, ჟო, ჟოსუე, ჟილბერტო სილვა, მარკოს როჩა, რიჩარლისონი) არ ათამაშა, მასპინძლებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და მართალია, ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით, მაგრამ მაინც იმარჯვეს.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ დეივიდის მორიგი გოლი - 33 წლის ფორვარდი "კორიტიბაში" შარშან, სეზონის შუაში გადავიდა და იქიდან მოყოლებული, საოცარი შედეგიანობით გამოირჩევა. დეივიდმა ახალ გუნდში სულ 14 შეხვედრა გამართა და ამ პერიოდში უკვე მე-9 გოლი გაიტანა.
კიდევ ერთ მოვლენას, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ, ადგილი ქალაქ სალვადორში ჰქონდა, სადაც დებიუტანტმა "ვიტორიამ" "ინტერნასიონალს" უმასპინძლა. სტუმრები 0:2-ს აგებდნენ, მაგრამ რთული სიტუაციიდან თავის დაძვრენა შეძლეს და ქულა აიღეს. "ინტერის" მხრიდან ერთ-ერთი გოლი დიეგო ფორლანმა გაიტანა, მაგრამ ამაზე საინტერესო იყო ის, რომ შეხვედრის მეორე წუთზე ანგარიში არგენტინელმა მაქსი ბიანკუჩიმ გახსნა.
აღსანიშნავი კი ამ ყველაფერში არის ის, რომ 28 წლის ბიანკუჩი ლიონელ მესის დეიდაშვილი გახლავთ და მან ბრაზილიის სერია "ა"-ში გოლი 5-წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა (ბიანკუჩი 2007-09 წლებში "ფლამენგოში" თამაშობდა).
ჩემპიონები მშვიდობიანად დაშორდნენ
პირველი ტურის ცენტრალური მატჩი კი სან პაულოს და რიოს შტატების ჩემპიონებს შორის გაიმართა: "კორინთიანსმა" "ბოტაფოგოს" უმასპინძლა. მასპინძელთა მხრიდან გამორჩეული იყო პაულინიო, რომელმაც ანგარიშიც გაათანაბრა და მოედანზეც ყველაზე შესამჩნევი ფიგურა გახლდათ.
პირველი გოლი კი სტუმრებმა გაიტანეს - 26-ე წუთზე კლარენს ზეედორფმა საგოლე პასით რაფაელ მარკეში მოამარაგა და 30 წლის ბრაზილიელმა ფორვარდმა ანგარიში გახსნა.
გვერდს ვერ ავუვლით "კრუზეიროს" შესანიშნავ თამაშს. მარსელო ოლივეირას სამწყსომ კიდევ ერთი დებიუტანტი "გოიასი" მიწასთან გაასწორა და ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. "სამხრეთის ვარსკვლავის" რიგებში დუბლი ნილტონმა შეასრულა, ერთი ბურთიც ბრაზილიის 2011 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის (23 გოლით), ბორჟესის ანგარიშზეა. გამოირჩა გამოცდილი დაგობერტოც, ვინც ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
სერია A. I ტური
ვასკო-პორტუგეზა 1:0
გოლი: 1:0 კ. ტენორიო (48)
გაძევება: დიოგო (78. პორტუგეზა)
ვიტორია-ინტერნასიონ. 2:2
გოლები: 1:0 ბიანკუჩი (2), 2:0 გაბრიელ პაულისტა (12), 2:1 ფორლანი (30), 2:2 ფრედი (64)
კორინთიანსი-ბოტაფოგო 1:1
გოლები: 0:1 რაფაელ მარკეში (26), 1:1 პაულინიო (74)
გრემიო-ნაუტიკო 2:0
გოლები: 1:0 ზე რობერტო (16), 2:0 ელანო (71)
პონტე პრეტა-სან პაულო 0:2
გოლები: 0:1 ლუსიო (9), 0:2 ჟადსონი (45-პენ)
გაძევება: ედსონ სილვა (59. სან პაულო)
კრისიუმა-ბაია 3:1
გოლები: 1:0 მატეუს ფერაზი (45), 2:0 ლინსი (47), 2:1 დიონესი (73), 3:1 ჟოაო ვიტორი (81)
ფლუმინენსე-ატლ. პარანაენსე 2:1
გოლები: 1:0 რაფაელ სობისი (16-პენ), 1:1 მანოელი (28), 2:1 სამუელ როსა (54)
კრუზეირო-გოიასი 5:0
გოლები: 1:0 დიეგო სოუზა (6), 2:0 ბრუნო როდრიგო (31), 3:0 ნილტონი (40), 4:0 ბორჟესი (43), 5:0 ნილტონი (80)
კორიტიბა-ატლ. მინეირო 2:1
გოლები: 0:1 დიეგო ტარდელი (50), 1:1 დეივიდი (54), 2:1 არტური (90)
სანტოსი-ფლამენგო 0:0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"სანტოსის" ჰეგემონია დაემხო