ტორნეო ფინალი. XVI ტური: ლიდერთა უიღბლო ტური

AutoSharing Option
ტორნეო ფინალის დასრულებამდე სულ სამი ტურია დარჩენილი და ამ გადამწყვეტ დროს ლიდერებმა საშინლად იასპარეზეს. "ნიუელსმა" და "რივერმა" მათზე აშკარად სუსტ გუნდებთან წააგეს, "ლანუსმა" და "სან ლორენსომ" კი მხოლოდ ქულა აიღეს.

დიდი ნაბიჯი გადადგა მეორე დივიზიონისკენ "ინდეპენდიენტემ", "არხენტინოს ხუნიორსმა" კი უმნიშვნელოვანესი სამი ქულა აიღო...

მიმოხილვა ტურის უკანასკნელი მატჩით დავიწყოთ, რომელშიც "ოლ ბოისი" "ნიუელს ოლდ ბოისს" მასპინძლობდა. სტუმრებმა კონკურენტების შედეგები იცოდნენ და თუ "ოლ ბოისს" დაამარცხებდნენ, მდევრებს ექვსი ქულით გაასწრებდნენ. მასპინძლებმა, რომლებსაც სატურნირო მოტივაცია არ ჰქონდათ, შეხვედრა ძალიან კარგად ჩაატარეს და მოულოდნელი
გამარჯვებაც მოიპოვეს. პირველ ტაიმში ხონათან ფერარიმ, მეორეში კი მაქსიმილიანო კორონელმა თითო ბურთი გაიტანეს და მე-60 წუთისთვის ანგარიში 2:0 იყო.

სტუმრები კი ბევრს ეცადნენ, მაგრამ მხოლოდ სხვაობის შემცირება შეძლეს - თავი მილტონ კასკომ გამოიჩინა. "ოლ ბოისმა" "ნიუელსს" ზედიზედ მეორედ მოუგო. საინტერესოა, რომ ტორნეო ინისიალშიც ანგარიში 2:1 იყო და იმ შეხვედრაშიც ანგარიში ხონათან ფერარიმ გახსნა. სულ ამ მცველმა ორი ტურნირის ჯამში ორი გოლი გაიტანა და ორივე ნაუელ გუსმანის კარში.

წააგო "რივერ პლეიტმაც" და ამ გუნდის მარცხი კიდევ უფრო გასაკვირი იყო, რადგან "ლოს მილიონარიოსის" მეტოქე საზარელ და საშინელ ფორმაში მყოფი "არხენტინოს ხუნიორსი" გახლდათ. მასპინძლებს წაგების უფლება არ ჰქონდათ, რადგან ამ შემთხვევაში "ინდეპენდიენტესთან" და "სან მარტინთან" არსებული სხვაობა კიდევ უფრო შემცირდებოდა.

ფავორიტმა დიეგო მარადონას ყოფილ გუნდს ვერაფერი მოუხერხა, 81-ე წუთზე კი გოლი აქეთ გაუშვა - 33 წლის მცველმა ხულიო ბარასამ, რომელიც "არხენტინოსში" ("კოლონიდან") თებერვალში გადავიდა და მხოლოდ მეოთხე შეხვედრას ატარებდა, როდრიგო გომესის გადაცემით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. 6 წუთში გოლი უკვე თავად გომესმა გაიტანა და რიკარდო კარუსო ლომბარდის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

შესაძლოა, სწორედ ამ 3 ქულის წყალობით შეძლოს "არხენტინოსმა" პრიმერაში ადგილის შენარჩუნება. "რივერმა" კი 9-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა და მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

"ლანუსი" და "სან ლორენსო"
მეორე პოზიციაზე კი "ლანუსი" გადავიდა, თუმცა ფეხი გილერმო ბაროს შელოტოს შეგირდებსაც დაუცდათ - "ბელგრანოსთან" შინ დაკარგულ ქულებს სხვა კლასიფიკაციას ვერ მივცემთ. "ლანუსმა" ტორნეო ფინალი ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლო ტურებში აშკარად მოუკლო - უკანასკნელ 7 შეხვედრაში გუნდმა მხოლოდ 8 ქულა აიღო და უკვე 4 მატჩია, არ მოუგია.

ლიდერთა ტრიოს ასეთი ცუდი თამაშით ვერ ისარგებლა "სან ლორენსომ", რომელიც გასვლაზე "ატლეტიკო რაფაელას" დაუზავდა. არადა, გამარჯვების შემთხვევაში ხუან ანტონიო პიცის გუნდიც 29 ქულას მოაგროვებდა და ბურთების უკეთესი სხვაობის გამო მეორე ადგილზეც გადავიდოდა.

5 მოგება და 1 ფრე - ასეთი წარმატებული სერიით შეხვდა "სან ლორენსო" აღნიშნულ მატჩს, მაგრამ ზედიზედ მეხუთე გამარჯვება ვერ მოიპოვა. მასპინძლებისთვის ამ ქულასაც დიდი ფასი ჰქონდა - "ატლეტიკომ" პრიმერაში დარჩენა 99,9 პროცენტით გაინაღდა და სასწაულიც არ ჰქვია იმას, რაც უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ეს გუნდი დაქვეითდეს...

ბრძოლა (გა)დარჩენისთვის
სამაგიეროდ, "არხენტინოსის" გამარჯვების შემდეგ "ინდეპენდიენტეს" სერიოზული პრობლემები შეექმნა. მიგელ ბრინდისის გუნდმა "ესტუდიანტესთან" ძალიან უღიმღამოდ ითამაშა და ლოგიკურ ფრესაც გამორჩა. იმის გამო, რომ კონკურენტებმა თავიანთი მატჩები მოიგეს, ლიბერტადორესის თასის 7-გზის ჩემპიონი სარელეგაციო ცხრილში მე-19 ადგილამდე დაქვეითდა.

მომდევნო ტურებში "ინდეპენდიენტე" "რივერს" (სტუმრად), შესანიშნავ ფორმაში მყოფ "სან ლორენსოს" (შინ) და "კოლონს" (სტუმრად) ხვდება. ასეთი განრიგის პირობებში რამდენად რეალურია ის, რომ გუნდი "არხენტინოსთან" არსებულ 5-ქულიან დეფიციტს აღმოფხვრის, ეს თავად განსაჯეთ...

გადარჩენის გაცილებით უკეთესი შანსი აქვს "სან მარტინს". სანხუანელებმა სტუმრად "კოლონს" მოუგეს და მე-18 ადგილზე გადავიდნენ. ბოლო 6 მატჩიდან გუნდმა 4 მოიგო, კლაუდიო რიანიომ კი ამ პერიოდში 6 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 24 წლის ფორვარდს ამ სერიის დაწყებამდე ტორნეო ფინალში გოლი არ გაეტანა, ინისიალში კი თავი მხოლოდ ერთხელ (12 მატჩში) გამოიჩინა.

მომდევნო ტურში "სამ მარტინი" "ბელგრანოს" სტუმრობს, "არხენტინოსი" კი ასევე სტუმრად "სან ლორენსოს" ხვდება. თუ სანხუანელები მოიგებენ, "არხენტინოსი" კი წააგებს (რაც მოულოდნელი სულაც არ იქნება), სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გასავარდნ ზონაში სწორედ ეს უკანასკნელი აღმოჩნდება.

ტორნეო ფინალი. XVI ტური

კილმესი-რასინგი 1:0
გოლი: 1:0 კაუტერუჩიო (9)

გოდოი კრუსი-არსენალი 3:0
გოლები: 1:0 ნ. სანჩესი (2), 2:0 ბრაგიერი (19-საკ. კარში), 3:0 კასტილიონი (73)

უნიონი-კოლონი 1:0
გოლი: 1:0 ლისიო (53-პენ)
გაძევება: ალკობა (88. კოლონი), კურუჩეტი (90. კოლონი)

ბოკა-ველესი 1:1
გოლები: 0:1 ფ. ინსუა (14), 1:1 ბლანდი (35)
გაძევება: სანჩეს მინიო (82. ბოკა ხუნიორსი)

არ. ხუნიორსი-რივერი 2:0
გოლები: 1:0 ბარასა (81), 2:0 რ. გომესი (87)

ტიგრე-სან მარტინი 1:3
გოლები: 0:1 რიანიო (12), 0:2 კაპრარი (24), 1:2 ხანსონი (45), 1:3 რიანიო (66)

ოლ ბოისი-ნიუელსი 2:1
გოლები: 1:0 ფერარი (36), 2:0 კორონელი (60), 2:1 კასკო (88)

ინდეპენდიენტე-ესტუდიანტესი 0:0

ატლ. რაფაელა-სან ლორენსო 0:0

ლანუსი-ბელგრანო 0:0

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
ბომბარდირები: 10 - სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი); 8 - ჟიგლიოტი (კოლონი), სილვიო რომერო (ლანუსი); 6 - ფრანსოია (უნიონი), ობოლო (გოდოი კრუსი), რიანიო (სან მარტინი), ვიეტო (რასინგი), დ. საპატა (ესტუდიანტესი).

სარელეგაციო ცხრილი:

თ ქ საშ.
16. კილმესი 35 43 1.229
17. არ. ხუნიორსი 111 133 1.198
18. სან მარტინი 73 85 1.164
19. ინდეპენდიენტე 111 128 1.153
20. უნიონი 73 73 1.000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტორნეო ფინალი. XV ტური: "ნიუელსმა" ლიდერობა გაიმყარა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული