21 წლის შემდეგ: ბრაზილიამ საფრანგეთი გაანადგურა

AutoSharing Option
კონფედერაციის თასის წინ უკანასკნელი ამხანაგური მატჩი გამართა ბრაზილიის ნაკრებმა და საფრანგეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა.

"სელესაოს" "მამლებთან" 1992 წლის შემდეგ (2:0, პარიზში) არ ჰქონდა მოგებული. ამ 21 წლის განმავლობაში ფრანგებმა მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი 1998 წლის მუნდიალის ფინალში და 2006 წლის ჩემპიონატის 1/4-ფინალში დაამარცხეს. გარდა ამისა, იყო რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა. მოკლედ, ბრაზილიას ფრანგებთან 6-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა (2 ფრე და 4 წაგება), რომელიც პორტუ ალეგრიში, "არენა დო გრემიოზე" დასრულდა.

სტუმრებს პრობლემები პირველივე წუთზე შეექმნათ - უგო ლორისმა საჯარიმოში მეტოქეების მოტყუება მოისურვა, მაგრამ
მხედველობის არედან ნეიმარი დაკარგა, ვინც "ტოტენჰემის" მეკარეს ბურთი აართვა, მაგრამ ვერც დარტყმა მოახერხა და არც პასი გაუკეთებია; არადა, მისი რამდენიმე პარტნიორი კარგ პოზიციაში იმყოფებოდა.

პირველი ტაიმი შედარებით თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. აი, მეორე ტაიმში მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა და ანგარიშიც მალე, 54-ე წუთზე გაიხსნა - ფრედის პასით ოსკარმა ისარგებლა და ნაკრებში თავისი მე-6 გოლი გაიტანა.

ფრანგები ცდილობდნენ, მაგრამ ბევრი არაფერი გამოსდიოდათ. მინიმალური ანგარიში 85-ე წუთამდე შენარჩუნდა, რის შემდეგაც ცვლილებაზე შემოსული ფეხბურთელების ჯერი დადგა. ჯერ ერნანესმა (85-ე წუთზე), შემდეგ კი ლუკას მოურამ (90-ე წუთზე, პენალტით) საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

"სელესაომ" შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა და კონფედერაციის თასისთვის კარგი განწყობა შეიქმნა. ფრანგებმა კი ესპანეთთან და ურუგვაისთან მინიმალური სხვაობით (0:1) წაგებული მატჩების შემდეგ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადეს. ბოლო გუნდი, ვისაც დიდიე დეშამის სამწყსომ გოლი გაუტანა, საქართველოს ნაკრებია...

მატჩის შემდეგ
მატჩის შემდეგ გაკეთებული კომენტარებიც ისე განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, როგორც გუნდების თამაში:

"ჩვენ ზრდა უნდა გავაგრძელოთ. ფაქტია, რომ ყოველი შეხვედრის შემდეგ ვუმატებთ და არ უნდა გავჩერდეთ. კონფედერაციის თასი კი მოგებით უნდა დავიწყოთ,
" - განაცხადა ოსკარმა.

"მე ჩემს შანსს ველოდი და კმაყოფილი ვარ, რომ გოლის გატანა მოვახერხე. ახლა ეს მატჩი უნდა დავივიწყოთ და მომდევნო შეხვედრებზე ვიფიქროთ," - ეს უკვე ერნანესის სიტყვებია.

ლუიშ ფელიპე სკოლარი: "ეს გამარჯვება თავდაჯერებას შეგვმატებს, რაც კონფედერაციის თასისთვის აუცილებელია. ბრაზილიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ტურნირი და განსაკუთრებით, მუნდიალი მოიგოს. ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონები უნდა გავხდეთ".

სულ სხვა, პესიმისტური განწყობა იყო ფრანგთა ბანაკში:

უგო ლორისი: "გუნდს ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში ფეხბურთი აღარ უთამაშია. ასეთი წაგება ძალიან საწყენია. გაცილებით უკეთ თამაში შეგვეძლო, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ".

"მიუხედავად იმისა, რომ ეს ამხანაგური მატჩი იყო, ასეთი წაგება ძალიან სამწუხაროა. პირველ ტაიმში მეტოქის კარისკენ რამდენჯერმ დავარტყით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. მეორე ნახევარში კი გუნდი, უბრალოდ, მოიშალა და ჩვენ არაფერი გამოგვდიოდა. 0:3 ძალიან ცუდი შედეგია და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ საშინელი მატჩი ჩავატარეთ," - განაცხადა იმედგაცრუებულმა ქარიმ ბენზემამ.

ბრაზილიის ნაკრები მომდევნო შეხვედრას შაბათს, იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ფრანგები კი 14 აგვისტოს ამხანაგურ შეხვედრაში ბელგიას შეხვდებიან, 6 სექტემბერს კი თბილისში ჩამოვლენ.

ზიკო: ბრაზილია მუნდიალს ვერ მოიგებს
სხვათა შორის, ლამის საყოველთაო ეიფორიის პირობებში, გამოჩნდა ერთი ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ ბრაზილიის ნაკრები საშინაო მუნდიალს ვერ მოიგებს. ეს ადამიანი ლეგენდარული ზიკო გახლავთ.

მსოფლიოს სამი ჩემპიონატის (1978, 1982, 1986) მონაწილე და ბრაზილიის ნაკრებში 52 გოლის გამტანი ყოფილი ფეხბურთელი "გარდიანს" ესაუბრა და შემდეგ რამ განაცხადა: "ის ფეხბურთელები, რომლებიც ახლა ნაკრებში არიან, მსოფლიოს ჩემპიონატს ვერ მოიგებენ. მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ მუნდიალამდე სულ რაღაც ერთი წელი დარჩა და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორია ძირითადი შემადგენლობა".

60 წლის "თეთრ პელეს" მიაჩნია, რომ ბრაზილიის ნაკრებში ძალიან ბევრი ახალგაზრდაა: "გუნდი ზედმეტად ახალგაზრდულია. ბრაზილიის ნაკრებში ახალი თაობა მოვიდა და პასუხისმგებლობა ისეთ ფეხურთელს უნდა ავკიდოთ, როგორიც, მაგალითად, არის ნეიმარი, ვინც მხოლოდ 21 წლის გახლავთ და მსოფლიოს ჩემპიონატზე არასდროს უთამაშია. ჩვენ გამოცდილი, ისეთი ფეხბურთელები გვჭირდება, ვისაც მუნდიალზე უთამაშია და ბევრი რამ აქვს ნანახი".

იაპონიის და ყატარის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ასევე მიიჩნევს, რომ მანო მენეზეში ცუდ დროს გააგდეს. ისევ "ფლამენგოს" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს და ფეხბურთელს მოვუსმინოთ:

"მწვრთნელი ძალიან ცუდ დროს შეიცვალა. მენეზეშის გუნდი შეთამაშებას იწყებდა, როდესაც ის გაუშვეს და ახლა სკოლარის ყველაფრის თავიდან დაწყება უწევს".

ზიკოს აზრით, მომავალი მუნდიალის ფავორიტი არგენტინის ნაკრებია: "თუ ისინი მოიგებენ, იმედი მაქვს, რომ ფინალში ბრაზილიას არ დაამარცხებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზუსტად ისევე დავიტანჯებით, როგორც 1950 წელს, "მარაკანა" კი სამუდამოდ დაწყევლილ სტადიონად გამოცხადდება".

ბრაზილია-საფრანგეთი 3:0
გოლები: 1:0 ოსკარი (54), 2:0 ერნანესი (85), 3:0 ლუკას მოურა (90-პენ)
ბრაზილია (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მარსელო - პაულინიო (87. დანტე), ლუის გუსტავო (81. ერნანესი) - ჰალკი (65. ლუკას მოურა), ოსკარი (65. ფერნანდო), ნეიმარი (89. ბერნარდი) - ფრედი (71. ჟო)
საფრანგეთი (4-3-2-1): ლორისი - დებუში, რამი, სახო, მატიო - კაბაი (82. გომისი), გილავოგი, მატუიდი (70. გრენიე) - ვალბუენა (70. ლაკაზეტი), პაიე - ბენზემა (70. ჟირუ)
მაყურებელი: 51 919

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილიის ნაკრებში ჟომ დამიაო შეცვალა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული