"სან პაულო" მწვრთნელის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
"სან პაულოს" დამრიგებელი ნეი ფრანკო რეკოპა სუდამერიკანაზე პირველ შეხვედრაში, "კორინთიანსთან" განცდილი მარცხის შემდეგ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

46 წლის სპეციალისტი "სან პაულოს" დამრიგებლად 2012 წელს დაინიშნა და პირველივე სეზონში კლუბს კოპა სუდამერიკანა მოაგებინა, თუმცა, ამის გარდა, ბრაზილიის 6-გზის ჩემპიონს არაფრისთვის მიუღწევია. ბოლო პერიოდში ნეი ფრანკოს ფეხბურთელებთან ურთიერთობა გაუფუჭდა, რადგან გუნდის არადამაჯერებელ ასპარეზობას მწვრთნელი სწორედ მოთამაშეებს აბრალებდა. ცუდი შედეგების და ტაქტიკური სქემის ხშირი ცვლის გამო ფრანკომ დირექტორატის მხარდაჭერა დაკარგა და საბოლოოდ, ერთწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, მას კარისკენ მიუთითეს.

ბრაზილიელი ჟურნალისტების აზრით, "სან პაულოს"
ახალი მთავარი მწვრთნელი მურისი რამალიო უნდა გახდეს, რომელიც კლუბს ორჯერ, 1994-97 და 2006-09 წლებში ხელმძღვანელობდა და მასთან ერთად ზედიზედ სამჯერ (2006, 2007, 2008) ბრაზილიის ჩემპიონატი მოიგო. 2010-11 წლებში რამალიო "ფლუმინენსეს" დამრიგებელი გახლდათ და რიოს კლუბი 26-წლიანი პაუზის შემდეგ (2010) გააჩემპიონა, რის შემდეგაც 57 წლის მწვრთნელი სათავეში "სანტოსს" ჩაუდგა და ნეიმარის დახმარებით, პელეს კლუბს 48-წლიანი პაუზის მერე ლიბერტადორესის თასი (2011) მოაგებინა.

რამალიომ "სანტოსი" რამდენიმე კვირის წინ, ნეიმარის გაყიდვის შემდეგ დატოვა და გასაკვირი ნამდვილად არაა, რომ ასეთი ტიტულოვანი სპეციალისტით ბევრი კლუბია დაინტერესებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რეკოპა სუდამერიკანა. I მატჩი: "კორინთიანსი" დაწინაურდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული