პარაგვაელებმა ორბურთიანი სხვაობით იმარჯვეს, რაც საპასუხო მატჩის წინ "ოლიმპიას" უპირობო ფავორიტად აქცევს, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ "ატლეტიკო მინეირომ" 1/2-ფინალურ ეტაპზე "ნიუელსთან" გამართული პირველი შეხვედრა ანალოგიური ანგარიშით წააგო, მაგრამ მეორე მატჩში დეფიციტის აღმოფხვრა მაინც მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკო" ფინალში პირველად გავიდა, "ოლიმპია" კი გადამწყვეტ შეხვედრაში უკვე მეშვიდედ მონაწილეობს. პარაგვაელები მეოთხე ტიტულის მოპოვებისთვის იბრძვიან და თუ ევერ ალმეიდას გუნდმა მიზანს მიაღწია, ტიტულების რაოდენობით "ოლიმპია" არგენტინულ "ესტუდიანტესს" გაუთანაბრდება. უფრო მეტჯერ ლიბერტადორესის თასი მხოლოდ "პენიაროლს"
თავის მხრივ, "ატლეტიკოს" აქვს შანსი, გახდეს მე-10 ბრაზილიური კლუბი, რომელსაც ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ერთხელ მაინც ექნება მოგებული...
35 000 მაყურებლის წინაშე გამართული მატჩის პირველმა წუთებმა მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა და აბსოლუტურად ლოგიკური იყო ის, რომ შეხვედრის პირველი გოლი "ოლიმპიამ" გაიტანა. 23-ე წუთზე ალეხანდრო სილვამ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, დრიბლინგით რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და საჯარიმოს ხაზიდან ვიქტორს აუღებელი დაურტყა - 1:0. 23 წლის ურუგვაელი ლეგიონერის გოლი მართლაც ძალიან ლამაზი გამოდგა.
გაშვებული ბურთის შემდეგ ინიციატივას ბრაზილიელები დაეუფლნენ. ყველაზე აქტიური დიეგო ტარდელი იყო, თუმცა 28 წლის თავდამსხმელმა, ბევრი მცდელობის მიუხედავად, თავის გამოჩენა ვერ მოახერხა. ძალიან ინერტული გახლდათ რონალდინიო, რომელიც კუკამ 65-ე წუთზე გილერმეთი შეცვალა.
აქვე აღვნიშნოთ, რომ "მამლებს" სერიოზული დანაკლისი ჰქონდათ - შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ბერნარდს და ჟილბერტო სილვას. ახალგაზრდა ფეხბურთელი განაცხადშიც არ იყო, ჟილბერტომ კი შეხვედრას თვალი სათადარიგოთა სკამიდან მიადევნა.
რამდენიმე კარგი საგოლე ეპიზოდის განიავების გამო "ატლეტიკო" მატჩის ბოლო წამებზე დაისაჯა. ყველაფერი ძალიან მარტივად მოხდა - მატჩის მთავარმა არბიტრმა პიტანამ დანიშნა ჯარიმა, რომელიც პიტონიმ გოლად აქცია. საბოლოოდ, 2:0 და "ოლიმპიამ" მართლაც დიდი უპირატესობა მიიღო, თუმცა პარაგვაელებს რომ მოშვების უფლება არ აქვთ, ამაზე დასაწყისშიც ვისაუბრეთ.
მატჩის შემდეგ
"ფინალამდე ძალიან რთული და წინააღმდეგობებით სავსე გზის გავლის შემდეგ მივაღწიეთ. საბედნიეროდ, დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ და საპასუხო მატჩის წინ მშვენიერი ჰანდიკაპიც შევიქმენით. ჩვენს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი გულშემატკივრებს მიუძღვით, რომლებიც მთელი შეხვედრის განმავლობაში არანორმალურად გვქომაგობდნენ," - განაცხადა ვილსონ პიტონიმ.
"დღეს ბევრი ვიშრომეთ და 90 წუთის განმავლობაში თავდაჯერებულნი ვიყავით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინალური სერია გამარჯვებით დავიწყეთ," - ეს უკვე ხუან მანუელ სალგეიროს სიტყვებია.
"ის ცუდად თამაშობდა და ამიტომ შევცვალე. მე ყველა ფეხბურთელს ერთნაირად ვეპყრობი," - განაცხადა "ატლეტიკოს" დამრიგებელმა კუკამ, როდესაც მას რონალდინიოს შეცვლის მიზეზზე ჰკითხეს.
ისევ კუკა: "ეს ფეხბურთელები, რომლებიც დღეს ცუდად თამაშობდნენ, ერთი კვირის შემდეგ მოედანზე გავლენ და მათ შესაძლოა, ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვონ. ჩვენ დანებებას ნამდვილად არ ვაპირებთ".
როგორც უკვე მიხვდით, საპასუხო მატჩი ერთი კვირის შემდეგ, ბელუ ორიზონტეში გაიმართება.
ოლიმპია-ატლ. მინეირო 2:0
გოლები: 1:0 ა. სილვა (23), 2:0 პიტონი (90+4)
ოლიმპია (3-5-2): მ. სილვა - მანსური, ე. მირანდა, კანდია - პიტონი, არანდა, მ. ხიმენესი (46. ხ. ფერეირა), ა. სილვა, ნ. ბენიტესი - ბარეირო (90. პრონო), სალგეირო (89. კ. პარედესი)
ატლ. მინეირო (4-2-3-1): ვიქტორი - მარკოს როჩა, რევერი, ლეონარდო სილვა, რიჩარლისონი - პიერი, ჟოსუე - დიეგო ტარდელი, რონალდინიო (65. გილერმე), ლუანი (64. როზინეი) - ჟო (79. ალეკსანდრო)
გაფრთხილება: მ. ხიმენესი, ე. მირანდა, ა. სილვა, პიტონი - ჟოსუე, რიჩარლისონი, მარკოს როჩა
გაძევება: რიჩარლისონი (90. ატლეტიკო მინეირო)
მაყურებელი: 35 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლიბერტადორესის თასი: "მამლებმა" "ძველი ბიჭები" დაკორტნეს