"ატლეტიკო მინეირო" სამხრეთ ამერიკის ჩემპიონია

AutoSharing Option
"ატლეტიკო მინეირო" მე-11 ბრაზილიური კლუბია, რომელმაც ლიბერტადორესის თასი მოიგო.

"მამლებმა" ფინალის საპასუხო შეხვედრაში "ოლიმპიას" იმ ანგარიშით მოუგეს, რა შედეგითაც ერთი კვირის წინ წააგეს. დამატებით დროში (ლიბერტადორესის თასზე დამატებითი დრო მხოლოდ ფინალში ინიშნება) გოლები აღარ გასულა, პენალტების სერიაში კი ბრაზილიელებმა 4:3 იმარჯვეს და სანუკვარ თასს დაეუფლნენ.

საერთოდ, პენალტს "ატლეტიკო მინეიროს" ტრიუმფში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა - 1/2-ფინალში, "ნიუელს ოლდ ბოისთან" კუკას შეგირდებმა ასევე 11-მეტრიანების სერიაში იმარჯვეს. აი, 1/4-ფინალში, "ტიხუანასთან" საპასუხო მატჩის ბოლო წამებზე (93-ე წუთზე), "ატლეტიკოს" კარში პენალტი დაინიშნა, რომლის გატანის შემთხვევაშიც,
მომდევნო ეტაპზე მექსიკელები გავიდოდნენ, მაგრამ დუვიერ რიასკოსის ბურთი ვიქტორმა ფეხით მოიგერია...

ვიქტორი ფინალის გმირადაც შეგვიძლია მოვნათლოთ - 30 წლის მეკარემ თამაშის დროს რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია, პენალტების სერიის სტარზე კი 11-მეტრიანი ენრიკე მირანდას აუღო. ბრაზილიელებს შეცდომა არ დაუშვიათ, პარაგვაელთაგან კი არგენტინელმა ლეგიონერმა მატიას ხიმენესმა ვერ ივარგა, ვისი დარტყმულიც ხარიხას მოხვდა და "მინეორაოზე" შეკრებილმა 58 000-მა მაყურებელმა ზეიმი დაიწყო.

"პარაგვაელი ხალხი ჩვენით უნდა ამაყობდეს. ამ ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს და ბოლომდე იბრძოლეს. ფინალში ამდენი შანსის ხელიდან გაშვება არაფრით შეიძლება. დღეს 2-3 რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, რაც მეტოქემ არ გვაპატია," - განაცხადა სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ევერ ალმეიდამ.

ურუგვაელი დამრიგებელი მართალია - "ოლიმპიამ" რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოიყენა. პირველ ტაიმში გოლის გატანის შესაძლებლობა ფრედი ბარეიროს ჰქონდა, მეორე ნახევარში კი ბარეიროს ნაცვლად შემოსული ხუან ფერეირა ვალდებული იყო, ანგარიში გაეთანაბრებინა, მაგრამ არგენტინელმა შემტევმა ვიქტორის შეცდომით ვერ ისარგებლა.

ამ ეპიზოდიდან ზუსტად ორ წუთში "ოლიმპიას" მანსური გაუძევეს, კიდევ ორ წუთში კი მარტინ სილვას კარი ლეონარდო სილვამ დალაშქრა, როდესაც ბერნარდის ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში ყველაზე მაღლა ახტა და ბურთი შორეულ კუთხეში გაიტანა.

ანგარიში კი 46-ე წუთზე, პირველი მატჩის ერთ-ერთი გმირის, ვილსონ პიტონის შეცდომის შემდეგ გაიხსნა - პარაგვაელთა ნახევარმცველმა ბურთს ფეხი ააცილა და ჟომ სტუმრები დასაჯა. "მამლების" ფორვარდმა ტურნირზე მე-7 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა.

არაფერი გვითქვამს რონალდინიოზე. მასპინძელთა ლიდერმა ფინალის პირველი მატჩი ჩააგდო და ის კუკამ მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალა. ამჯერად რონიმ ბოლომდე ითამაშა, მაგრამ მას რაიმე განსაკუთრებული არ გაუკეთებია. სხვათა შორის, რონალდინიო გახდა სულ მეშვიდე ფეხბურთელი ისტორიაში, ვისაც მოგებული აქვს როგორც ლიბერტადორესის თასი, ასევე ჩემპიონთა ლიგა.

"ბრაზილიაში სწორედ ამის გამო დავბრუნდი. ეს არის ტიტული, რომელიც მაკლდა. ყველა ამბობდა, რომ ჩემი კარიერა დასრულებული იყო და ვერაფერს მივაღწევდი. საინტერესოა, ახლა რას ფიქრობენ?!" - განაცხადა რონალდინიომ და დაამატა:

"ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა მხოლოდ დღევანდელი დღით მსურს ტკბობა და სხვაზე არაფერზე ვფიქრობ. ამ გამარჯვებას დედაჩემს ვუძღვნი,
" - განაცხადა რონალდინიომ.

მნიშვნელოვანი ტურნირებიდან "ატლეტიკოს" აქამდე მხოლოდ კონმებოლის თასი (1992, 1997), რომელიც უკვე აღარ არსებობს და ბრაზილიის ჩემპიონატი (1971) ჰქონდა მოგებული. ლიბერტადორესის თასზე გამარჯვებით, "მამლებმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს, რომელიც წლის ბოლოს მაროკოში გაიმართება.

ლიბერტადორესის თასი. ფინალი. საპასუხო მატჩი

ატლ. მინეირო-ოლიმპია 2:0 პენ. 4:3 (0:2)
გოლები: 1:0 ჟო (46), 2:0 ლეანდრო სილვა (87)
პენალტების სერია: 0:0 ე. მირანდა (მეკარე), 1:0 ალეკსანდრო, 1:1 ხ. ფერეირა, 2:1 გილერმე, 2:2 კანდია, 3:2 ჟო, 3:3 არანდა, 4:3 ლეონარდო სილვა, 4:3 მ. ხიმენესი (ხარიხა)
ატლ. მინეირო (4-2-3-1): ვიქტორი - მიჩელი (72. ალეკსანდრო), ლეონარდო სილვა, რევერი, ჟუნიორ სეზარი - პიერი (46. როსინეი), ჟოსუე - დიეგო ტარდელი (80. გილერმე), რონალდინიო, ბერნარდი - ჟო
ოლიმპია (5-3-2): მ. სილვა - მასაკოტი, მანსური, ე. მირანდა, კანდია, ნ. ბენიტესი - პიტონი, არანდა, ა. სილვა (71. მ. ხიმენესი) - ბარეირო (46. ხ. ფერეირა), სალგეირო (83. ხ. ბაესი)
გაფრთხილება: ბერნარდი, ლუანი (სათადარიგო) - ნ. ბენიტესი, მანსური, სალგეირო, მ. სილვა, ხ. ფერეირა, ხ. ბაესი
გაძევება: მანსური (85. ოლიმპია)
მაყურებელი: 58 000

ბომბარდირები: 7 - ჟო (ატლეტიკო მინეირო); 6 - იგნასიო სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი), დიეგო ტარდელი (ატლეტიკო მინეირო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიბერტადორესის თასი. ფინალი. I მატჩი: "ოლიმპია" - ცალი ფეხით ოლიმპოზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული