ბრაზილია. სერია A. XVI ტური: ბრაზილიური სერი(ალ)ები

AutoSharing Option
"ბრაზილეირაოს" მე-16 ტურში რამდენიმე შთამბეჭდავი სერია გაგრძელდა, თუმცა შეწყდა "ბოტაფოგოს" დაუმარცხებელი სვლა და მოხდა ის, რასაც ამ სეზონში უკვე მივეჩვიეთ - ლიდერი ისევ შეიცვალა...

ლიდერი კვლავ კრუზეიროა
პირველ ადგილზე ისევ "კრუზეირო" გადავიდა, რომელმაც სტუმრად "პონტე პრეტას" მოუგო. მარსელო ოლივეირას გუნდიდან თავი დედემ და ბორჟესმა გამოიჩინეს.

ბრაზილიის 2011 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა.

საინტერესოა, რომ გასვლაზე ჩატარებული ბოლო 17 მატჩიდან "კრუზეირომ" მხოლოდ 4 მოიგო, თანაც აქედან 3 ბოლო 5 მატჩში. დარჩენილი ერთი გამარჯვება "მელიებმა" "ფლუმინენსესთან" წინა ჩემპიონატის 36-ე
ტურში, მასპინძლებისთვის აბსოლუტურად უმოტივაციო შეხვედრაში მოიპოვეს.

ბელუორიზონტელთა გალიდერების მიზეზი "ბოტაფოგოს" მარცხი იყო. "ფოგო" ლიგის დებიუტანტ "ატლეტიკო პარანაენსეს" დაუპირისპირდა და 0:2 წააგო.

დუბლი შეასრულა ედერსონმა, ვის ანგარიშზეც უკვე 10 გოლია. "ატლეტიკო" ძალიან კარგ ფორმაშია - გუნდმა ზედიზედ მე-10 შეხვედრა არ წააგო.

საინტერესოა, რომ მიუხედავად ბოლო წლებში არცთუ ისე წარმატებული ასპარეზობისა ("პარანაენსე" 2011 წელს უმაღლესი ლიგიდან გავარდა), "ატლეტიკო" მეტოქეს ბოლო დროს თითქმის სულ უგებს.

თავად განსაჯეთ: უკანასკნელი 7 მატჩიდან პარანას შტატის წარმომადგენლებმა "ბოტაფოგოს" 5 მოუგო, შინ კი მეტოქეს ზედიზედ მეოთხედ სძლია.

როგორც იქნა
დიახ, როგორც იქნა, მოიგო "სან პაულომ". პაულო აუტუორის გუნდმა "მორუმბიზე" ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით აჯობა.

ბრაზილიის ჩემპიონატში ეს გუნდები ერთმანეთს 52-ედ შეხვდნენ და "სან პაულომ" 26-ე გამარჯვება მოიპოვა. ანგარიში ლუიშ ფაბიანომ გახსნა, ვინც ორთვიანი მშრალი სერია დაასრულა და სეზონში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის მიწურულს კი მასპინძელთა უპირატესობა რეინალდომ გაზარდა.

23 წლის მცველმა, ვინც "სან პაულოში" სულ ახლახან გადავიდა, ახალ გუნდში თავი პირველად გამოიჩინა.

მეორე ნახევარში უპირატესობას ლიდერების გარეშე მოთამაშე "ფლუ" დაეუფლა, თუმცა ვანდერლეი ლუშემბურგოს შეგირდებმა მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხეს, ისიც ბოლო წუთზე - გოლი 20 წლის ედუარდომ გაიტანა.

"სან პაულომ" 12-მატჩიანი მოუგებელი სერია (5 ფრე, 7 მარცხი) დაასრულა და სატურნირო ცხრილში ერთი ადგილით დაწინაურდა, "ფლუმინენსემ" კი ჩემპიონატში უკვე მე-8 მარცხი განიცადა (შარშან სულ 5 მატჩი წააგო) და გასავარდნ ზონას მიუახლოვდა.

6-მატჩიანი მოუგებელი სერია (5 ფრე და 1 წაგება) დაასრულა "სანტოსმა". ნეიმარის ყოფილმა კლუბმა "ვიტორიას" მოუგო.

ანგარიში გაბრიელ ბარბოსა ალმეიდამ, იმავე გაბიგოლმა გახსნა. "სანტოსის" ფორვარდი 16 (!) წლის გახლავთ და ჩემპიონატში თავის მეექვსე თამაშს ატარებდა.

ბრაზილიის რეკორდამდე გაბიგოლს სულ ცოტა დააკლდა - 30 აგვისტოს ის 17 წლის ხდება, ისტორიაში გოლის ყველაზე "ახალგაზრდა" ავტორი კი ჟო ალვეში გახლავთ, ვინც პირველი გოლი 16 წლის და 157 დღის ასაკში გაიტანა.

თავის დროზე გაბიგოლს ცოტა დააკლდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელობამდეც - დებიუტი 16 წლის და 269 დღის ასაკში ჰქონდა. რეკორდსმენი კი დღემდე ტონინიო სერეზოა, ვინც პირველი თამაში 16 წლის და 145 დღის ასაკში ჩაატარა.

გაგრძელებული სერიები
ამ ტურის შემდეგ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კიდევ რამდენიმე სერია გაგრძელდა. "გრემიომ" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, მესამე ადგილზე გადავიდა და ლიდერთა დუეტს "კუდზე დააჯდა".

რონალდინიოს ორი ყოფილი გუნდის თამაშში ერთადერთი გოლი პარამ გაიტანა - 27 წლის მცველმა კარიერაში (ჩემპიონატში) მეორე გოლი გაიტანა და 5-წლიანი მშრალი სერია დაასრულა.

რონალდინიოს ამჟამინდელმა გუნდმა კი "პორტუგეზას" მოუგო და დაუმარცხებელი სვლა 5 მატჩამდე გაზარდა. გაუჩოს ამ შეხვედრაში არ უთამაშია, გადამწყვეტი ბურთი კი "ინტერნასიონალიდან" გადმოსულმა არგენტინელმა ხესუს დატოლომ გაიტანა, ვინც "მინეიროში" სულ მეორე თამაშს ატარებდა.

"ინტერმა" კი საკუთარი ქომაგები კიდევ ერთხელ გააწბილა: დუნგას გუნდმა მიჯრით მეხუთე მატჩი დაასრულა ფრედ. ამჯერად პორტუ ალეგრის "გოიასი" ეწვია, რომელიც მიუხედავად წყვილის აშკარად გამოკვეთილი აუტსაიდერის სტატუსისა, შეხვედრის დამთავრებამდე 12 წუთით ადრე ორბურთიანი სხვაობით იგებდა.

მასპინძლებმა დარჩენილ დროში თამაშის გადარჩენა კი შეძლეს, მაგრამ მათ მომთხოვნ გულშემატკივარს ეს დიდად არ გაახარებდა - "ინტერს" ბრაზილიაში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს და ერთგული ფანები საკუთარი გუნდისგან მხოლოდ ჩემპიონობას ითხოვენ.

"ვასკო და გამას" და "კორინთიანსის" მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. "ტიმაოს" 9 შეხვედრაა არ წაუგია და რაც უფრო საინტერესოა, ამ სეზონში ტიტეს გუნდის მიერ გამართულ არც ერთ შეხვედრაში არ გასულა 2 გოლზე მეტი. ანუ "ტოტალიზატორის" ენაზე რომ ვთქვათ, "კორინთიანსი" აშკარად "ნაკლებობის გუნდია", რაზეც მისი ბურთების შეფარდებაც მეტყველებს.

5 მატჩია არ უმარჯვია "ნაუტიკოს", რომელიც ამჯერად "ბაიასთან" დამარცხდა (0:2). რესიფელებმა სტუმრად თამაში რომ არ იციან, ამაზე რამდენიმე დამთრგუნველი ("ნაუტიკოს" ქომაგებისთვის) სტატისტიკური ფაქტი მეტყველებს:

- "ნაუტიკომ" ბრაზილიის ჩემპიონატში სტუმრად ბოლო 6 მატჩი წააგო და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.
- "ნაუტიკოს" ბოლო 23 გასვლითი მატჩის სტატისტიკა: 1 მოგება, 4 ფრე და 18 წაგება, ბურთები: 10:42
- "ნაუტიკოს" ბოლო 44 გასვლითი მატჩის სტატისტიკა: 3 მოგება, 7 ფრე და 34 წაგება, ბურთები: 33:99

ბრაზილია. სერია A. XVI ტური
ფლამენგო-გრემიო 0:1
გოლი: 0:1 პარა (8)

პონტე პრეტა-კრუზეირო 0:2
გოლები: 0:1 დედე (23), 0:2 ბორჟესი (72)

სანტოსი-ვიტორია 2:0
გოლები: 1:0 გაბიგოლი (9), 2:0 სისერო (56)

კრისიუმა-კორიტიბა 2:1
გოლები: 1:0 სუელიტონი (35), 2:0 ფაბინიო (36), 2:1 ჟულიო სეზარი (61)

ვასკო-კორინთიანსი 1:1
გოლები: 0:1 გერერო (4), 1:1 ანდრე (55)

სან პაულო-ფლუმინენსე 2:1
გოლები: 1:0 ლუიშ ფაბიანო (28), 2:0 რეინალდო (45), 2:1 ედუარდო (90)

ბაია-ნაუტიკო 2:0
გოლები: 1:0 ელდერი (57), 2:0 ფერნანდაო (77)

ატლ. მინეირო-პორტუგეზა 2:1
გოლები: 0:1 ბრუნო ენრიკე (36), 1:1 დიეგო ტარდელი (55), 2:1 დატოლო (89)

ინტერნასიონ.-გოიასი 3:3
გოლები: 1:0 დალესანდრო (28), 1:1 რენან ოლივეირა (37), 1:2 ვილიამ მატეუსი (72), 1:3 რამონი (76), 2:3 ჟუანი (78), 3:3 ლეანდრო დამიაო (86)

ატლ. პარანაენსე-ბოტაფოგო 2:0
გოლები: 1:0 ედერსონი (47), 2:0 ედერსონი (55)
გაძევება: ვიტინიო (87. ბოტაფოგო), პედრო ბოტელიო (87. ატლეტიკო პარანაენსე)

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

ბომბარდირები:
10 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე), ვილიამი (პონტე პრეტა); 8 - ბიანკუჩი (ვიტორია); 7 - რაფაელ მარკეში (ბოტაფოგო), ანდრე (ვასკო და გამა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული