არგენტინა. ტორნეო ინისიალი. IV ტური: დაბრუნებული ვეტერანები და გაგდებული ახალგაზრდა

AutoSharing Option
ტორნეო ფინალის მე-4 ტურის შემდეგ არგენტინაში პირველი სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა - "რასინგმა" ლუის სუბელდია დაითხოვა, რომლის გაგდებაზეც ჯერ კიდევ წინა ჩემპიონატის (ტორნეო ფინალი) დროს საუბრობდნენ.

გრძელდება "არგენტინოს ხუნიორსის" და "ხიმნასია ლა პლატას" წარმატებული სვლა - ეს უკანასკნელი სულაც ჩემპიონატის პოტენციური ლიდერია...

ცენტრალური შეხვედრა
ტურის ცენტრალური მატჩი, ამავე დროს, ყველაზე მოსაწყენიც გამოდგა - "ველესი" და "ლანუსი" მინდორზე მოვალეობის მოხდის მიზნით გავიდნენ, 90 წუთის განმავლობაში ბურთი უნიათოდ აგორეს და "დაიშალნენ".

ამის მიზეზი კი ისაა, რომ ორივე გუნდი კოპა სუდამერიკანაზე გამოდის, სადაც რამდენიმე
დღეში მერვედფინალის საპასუხო მატჩები ელით.

მეორე ნახევარში რამდენიმე საგოლე მომენტი კი იყო, მაგრამ მთლიანობაში, მატჩი ძალიან მძიმე საყურებელი გამოვიდა და შედეგიც ლოგიკური მივიღეთ - 0:0.

მოულოდნელი ლიდერები
მორიგი გამარჯვება მოიპოვეს "არგენტინოს ხუნიორსმა", რომელიც წინა სეზონში კინაღამ პრიმერადან გავარდა და ლიგის დებიუტანტმა "ხიმნასია ლა პლატამ".

კარუსო ლომბარდის გუნდმა ზედიზედ მესამედ შეინახა კარი მშრალად, ხოლო უკანასკნელი 9 მატჩიდან მე-6 მოიგო და პირველი პოზიცია შეინარჩუნა. "ტიგრესთან" გამართული შეხვედრის ერთადერთი გოლი დანიელ ვილიალვამ გაიტანა - "რივერ პლეიტის" საკუთრებაში მყოფმა 21 წლის ფორვარდმა კარიერაში თავი მესამედ გამოიჩინა და ამ სამი გოლიდან ორი ვილიალვამ "ტიგრეს" გაუტანა.

"ხიმნასიას" გმირიც ასევე 21 წლისაა - ფედერიკო ივან რასიჩი დუბლის ავტორი გახდა, თანაც მეორე გოლი ახალგაზრდა მოთამაშემ მაშინ გაიტანა, როდესაც ლაპლატელები კაცნაკლულნი იყვნენ. პედრო ტროლიოს გუნდს (მეორე დივიზიონის ჩათვლით) უკვე 9 მატჩია, არ წაუგია (8 მოგება).

რივერი და ბოკა
არგენტინული ფეხბურთის ორმა გრანდმა წყვილად წააგო. "რივერ პლეიტი" მართლაც საშინელ ფორმაშია - რამონ დიასის შეგირდებმა "კოლონთან" ვერაფერი გააწყვეს და სამი ქულა გაატანეს. მასპინძლების რიგებში ითამაშა არგენტინაში დაბრუნებულმა ტეოფილო გუტიერესმა და გოლიც გაიტანა, თუმცა კოლუმბიელის მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა.

ჯერჯერობით ვერ ბრწყინავს კიდევ ერთი კოლუმბიელი ახალწვეული კარლოს კარბონერო, რომელზეც "მილიონერთა" ხელმძღვანელობა დიდ იმედებს ამყარებს.

როგორც ჩანს, რამონ დიასის გუნდი ტორნეო ინისიალში მოკრძალებულ მიზნებს შეეჭიდება.

იგივე შეგვიძლია ვთქვათ "ბოკაზე", რომელიც ამჯერად "ესტუდიანტესთან" დამარცხდა. "სტუდენტებს" ხუან სებასტიან ვერონი არ ჰყავდათ, მაგრამ გამარჯვების მოპოვება მაინც არ გასჭირვებიათ. თანაბარ შეხვედრაში გადამწყვეტი გვიდო კარილიოს გასროლა იყო, რომლის წყალობითაც მასპინძლები დაწინაურდნენ, წერტილი კი იმავე კარილიომ პენალტის ნიშნულიდან დასვა.

ამის მერე, არბიტრის მიერ დამატებულ დროში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო გილერმო ბურდისომ, ვისთვისაც ეს უკვე მესამე გაძევება იყო "ბოკას" შემადგენლობაში.

თუ ასე გააგრძელეს, "ბოკა" და "რივერი" არა მარტო ჩემპიონობისთვის, ლიბერტადორესის თასის საგზურისთვისაც ვერ იბრძოლებენ. უფრო მეტად ეს კარლოს ბიანკის გუნდს ეხება, რომელმაც ტორნეო ფინალში მე-19 ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ლიბერტადორესის თასის საგზურები ორი ჩემპიონატის (ტორნეო ფინალი და ტორნეო ინისიალი) ჯამური ცხრილის მიხედვით გაიცემა.

მეორე პოტენციური ლიდერი
ლა პლატის "ხიმნასიასთან" ერთად, ჩემპიონატის მეორე პოტენციური ლიდერი "ნიუელს ოლდ ბოისი" გახლავთ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ამ გუნდებს სწორედ ერთმანეთში აქვთ სათამაშო.

ამ ტურში მოქმედი ჩემპიონი "ატლეტიკო რაფაელას" ესტუმრა და მეორე ტაიმის დებიუტში მარკოს კასერესის გოლის წყალობით დაწინაურდა. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების მომტანი სწორედ მისი ბურთი იყო, გაცილებით დიდი ყურადღება მეორე გოლმა მიიპყრო, რომელიც საკუთარ აქტივში გუნდის ახალწვეულმა ჩაიწერა.

დავიდ ტრეზეგე "ნიუელსში" იგნასიო სკოკოს შესაცვლელად გადავიდა. ვეტერანმა ფრანგმა პირველ შეხვედრაში ვერა, მაგრამ მეორე მატჩში გაიტანა, თანაც გოლი ძალიან ლამაზი და ეფექტური გამოვიდა.

შეხვედრის ბოლო წუთზე "ძველმა ბიჭებმა" სამაგალითო კონტრშეტევა გაითამაშეს, "ტრეზეგოლმა" კი საგოლე დარტყმა მაქსი როდრიგესის პასის შემდეგ განახორციელა.

ორმა ვეტერანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ასაკი კლასს ვერაფერს აკლებს.

სუბელდია უმუშევარია
პრიმერას ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი ლუის სუბელდია, რომელიც მხოლოდ 32 წლის გახლავთ, სამსახურის გარეშე დარჩა. მისმა "რასინგმა" ამჯერად "არსენალთან" წააგო და ბოლო ადგილზე დამკვიდრდა.

სუბელდიამ სამწვრთნელო მოღვაწეობა 27 წლის ასაკში, "ლანუსში" დაიწყო, რასაც ეკვადორის "ბარსელონა" და "რასინგი" მოჰყვა. ამ გუნდთან ერთად, 2012 წელს სუბელდიამ არგენტინის თასის ფინალში ითამაშა, ხოლო ჩემპიონატში (აპერტურა) მეორე ადგილი დაიკავა.

სუბელდიაზე 4 წლით უფროსმა სებასტიან აბრეუმ კი არგენტინაში დაბრუნება გოლით აღნიშნა. 36 წლის ურუგვაელმა 85-ე წუთზე პენალტით იხეირა და "როსარიოს" ჩემპიონატში მეორე გამარჯვება მოუტანა.

არგენტინა. ტორნეო ინისიალი. IV ტური
ბელგრანო-ხიმნასია 1:2
გოლები: 1:0 ხ. ველასკესი (6), 1:1 რასიჩი (49), 1:2 რასიჩი (71)

ატლ. რაფაელა-ნიუელსი 0:2
გოლები: 0:1 მ. კასერესი (50), 0:2 ტრეზეგე (90)

რასინგი-არსენალი 0:2
გოლები: 0:1 როლე (63), 0:2 როლე (88)
გაძევება: კობო (76. არსენალი)

არ. ხუნიორსი-ტიგრე 1:0
გოლი: 1:0 დ. ვილიალვა (77)

როსარიო-გოდოი კრუსი 1:0
გოლი: 1:0 აბრეუ (85-პენ)

ოლიმპი-ოლ ბოისი 1:1
გოლები: 0:1 ხ. ფერარი (14), 1:1 ვულეტიჩი (35)
გაძევება: სოტო (82. ოლ ბოისი)

რივერი-კოლონი 1:2
გოლები: 0:1 კურუჩეტი (52), 0:2 რ. რამირესი (78), 1:2 ტეო გუტიერესი (87)

ესტუდიანტესი-ბოკა 2:0
გოლები: 1:0 კარილიო (55), 2:0 კარილიო (90-პენ)
გაძევება: გ. ბურდისო (90. ბოკა ხუნიორსი)

კილმესი-სან ლორენსო 3:2
გოლები: 1:0 ტელეჩეა (7), 1:1 გ. ვერონი (37), 2:1 აბეკასისი (57), 2:2 კაუტერუჩიო (70), 3:2 ა. გონსალესი (77)

ველესი-ლანუსი 0:0

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. არ. ხუნიორსი 4 3 0 1 7-3 9
2. ხიმნასია 3 3 0 0 6-2 9
3. არსენალი 4 2 2 0 6-2 8
4. ესტუდიანტესი 4 2 2 0 5-2 8
5. ნიუელსი 3 2 1 0 5-2 7
6. კოლონი 4 2 1 1 4-4 7
7. ველესი 4 1 3 0 3-2 6
8. სან ლორენსო 4 2 0 2 7-7 6
9. როსარიო 4 2 0 2 4-4 6
10. ბოკა 4 2 0 2 6-7 6
11. კილმესი 4 2 0 2 4-5 6
12. ლანუსი 4 1 2 1 5-3 5
13. ტიგრე 4 1 1 2 4-4 4
14. გოდოი კრუსი 4 1 1 2 3-3 4
15. რივერი 4 1 1 2 2-3 4
16. ატლ. რაფაელა 4 1 1 2 4-6 4
17. ოლ ბოისი 4 0 3 1 3-4 3
18. ოლიმპო 4 0 2 2 3-6 2
19. ბელგრანო 4 0 1 3 2-7 1
20. რასინგი 4 0 1 3 2-9 1

ბომბარდირები:
4 - კაუტერუჩიო (სან ლორენსო); 3 - კარილიო (ესტუდიანტესი), რასიჩი (ხიმნასია), ს. სილვა (ლანუსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული