სუპერკლასიკო
პრიმერას ისტორიაში 191-ე "სუპერკლასიკო" "ბოკა ხუნიორსის" გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 23-ე წუთზე საკმაოდ ლამაზი კომბინაციის შემდეგ გავიდა - ხუან სანჩეს მინიოს, ემანუელ ჟიგლიოტის, ხუან რომან რიკელმეს და ხუან მანუელ მარტინესის კომბინაცია ჟიგლიოტის შედეგიანი დარტყმით დასრულდა.
გოლის შემდეგ "ბოკამ" მეტოქეს ბურთი დაუთმო და მთელი ყურადღება დაცვაზე გადაიტანა. შედეგად, რამონ დიასის შეგირდები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ, მაგრამ გოლის გატანა "რივერმა" ვერაფრით
მეორე ნახევარში გუნდებს რამდენიმე მომენტი ჰქონდათ - ხუან მანუელ მარტინესმა ბურთი მარსელო ბაროვეროს კარის ძელს გაარტყა. რამდენიმე შანსი "რივერმაც" ვერ გამოიყენა, თუმცა, საბოლოო ჯამში, მასპინძლები საკმაოდ უნიათოდ და უფანტაზიოდ უტევდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის ბოლოს "ბოკამ" კონტრშეტევებზეც უარი თქვა, რამონ დიასის შეგირდებმა თამაშის გადარჩენა ვერ შეძლეს.
"რივერს" ამ სეზონში გოლების გატანა საკმაოდ უჭირს, "ბოკა" კი პირიქით - გოლებს იტანს, მაგრამ დაცვის ხაზის მოქმედებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. "სუპერკლასიკოში" გამოჩნდა, რომ "ლოს მილიონარიოსის" შემტევი ხაზი უფრო ცუდ ფორმაშია, ვიდრე "ლაბოკელთა" დაცვა და ეს, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს არ ჰყავდათ გილერმო ბურდისო და რიბაირ როდრიგესი.
მართალია, ეს უკანასკნელი საყრდენი ნახევარმცველია, მაგრამ ბიანკი ბურდისოს არყოფნაში დაცვაში სწორედ ურუგვაელს ენდობოდა.
"ბოკამ" მეტოქე ისტორიაში 70-ედ დაამარცხა და ურთიერთშეხვედრებში საკუთარი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა - "რივერის" ანგარიშზე 62 გამარჯვებაა, 59 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
"ნიუელსი" ლიდერობას ინარჩუნებს
ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო "ნიუელს ოლდ ბოისმა". საკუთარი გუნდის გამარჯვებაში კვლავ დიდი წვლილი შეიტანა მაქსი როდრიგესმა, ვინც მორიგი გოლი გაიტანა. ვეტერანმა თავის გამოჩენა მიჯრით მეოთხე შეხვედრაში შეძლო და ახლა მაქსი 5 გატანილი ბურთით ბომბარდირთა დავის ერთ-ერთი ლიდერია.
"ატლეტიკოს" და "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი ამით არ დაკმაყოფილდა და მეორე ტაიმში უკვე საგოლე პასიც გააკეთა, გოლი კი 35 წლის დიეგო მატეომ გაიტანა, რაც საკმაოდ იშვიათი მოვლენაა - ბოლო 6 წლის განმავლობაში საყრდენმა ნახევარმცველმა თავის გამოჩენა მხოლოდ მეორედ შეძლო, სულ კი კარიერაში მატეოს ანგარიშზე 7 ბურთია.
ლიდერს სამი ქულით ჩამორჩა "სან ლორენსო", რომელმაც შინ "ტიგრეს" ვერ მოუგო. ხუან ანტონიო პიცის შეგირდებს 6 მატჩია, არ წაუგიათ. თანაც, ამ 6 შეხვედრაში "სან ლორენსოს" გოლი არ გაუშვია!
კვლავ დაუმარცხებელია სარანდის "არსენალი", რომელმაც რთულ შეხვედრაში "კოლონს" სტუმრად მოუგო. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებს წინა ტურში გაძევებული სამი ფეხბურთელი (რუბენ რამირესი, მაქსიმილიანო კაირე, ლუკას ლანდა) არ ჰყავდათ, მატჩი მაინც მათი უპირატესობით წარიმართა, თუმცა გოლი სტუმრებმა გაიტანეს - ხულიო ფურჩმა, მაქსი როდრიგესის მსგავსად, თავი მეხუთედ გამოიჩინა.
თუ "არსენალს" არ წაუგია, ჯერ მოგება არ აქვს "რასინგს", რომელსაც უკვე 4 მატჩია, გოლიც კი არ გაუტანია. მორიგ ტურში კარლოს ისკიას შეგირდები "ატლეტიკო რაფაელასთან" დამარცხდნენ. სებასტიან სახა, მატიას კააისი, ლეონარდო მილიონიკო, ივან პილუდი, ფერნანდო ორტისი, აგუსტინ პელეტიერი, დიეგო ვილიარი, მაურო კამორანეზი, ლუსიანო აუდი, ბრუნო სუკულინი, როდრიგო დე პაული, ლუსიანო ვიეტო, ვალენტინ ვიოლა, გაბრიელ აუჩე, მარიო რეგეირო - უბრალოდ, გასაოცარია, როგორ ახერხებს ასეთი შემადგენლობის მქონე გუნდი 10-მატჩიანი მოუგებელი და 4-მატჩიანი უგოლო სერიის "გამოცხობას"...
მოულოდნელად წააგეს "ლანუსმა" და "ველეს სარსფილდმა". ორივე გუნდი პირველივე ტაიმში კაცნაკლული დარჩა - "ველესს" გამოცდილი სება დომინგესი გაუძევეს, "ლანუსს" კი მეკარე მარჩეზინი. ამ მარცხის შემდეგ ორი ყოფილი ბოკელის, რიკარდო გარეკას და გილერმო ბაროს შელოტოს გუნდებს 13-13 ქულა დარჩათ და ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსიც აღარ შერჩათ.
X ტური
რივერი-ბოკა 0:1
გოლი: 0:1 ჟიგლიოტი (23)
რივერი (4-1-2-1-2): ბაროვერო - მერკადო, მაიდანა (46. პონსიო), ე. ალვარესი, ვანხიონი - კ. ლედესმა - კარბონერო, როხასი (64. ო. ფერეირა) - ლანსინი - ტეო გუტიერესი, ანდრადა (56. მორა)
ბოკა (4-3-1-2): ორიონი - ხ. მენდესი, კატა დიასი, კ. პერესი, ნ. სარატე - ერბესი, გაგო (86. ბრავო), სანჩეს მინიო - რიკელმე (58. ესკალანტე) - ხ. მარტინესი, ჟიგლიოტი (68. რიანიო)
გაფრთხილება: ანდრადა, ვანხიონი, პონსიო - ჟიგლიოტი, ხ. მენდესი, ესკალანტე, ნ. სარატე, ორიონი
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 18-5 (4-4); ბურთის ფლობა: 68%-32%
მაყურებელი: 60 000
არ. ხუნიორსი-ბელგრანო 1:3
გოლები: 0:1 ს. პერეირა (38), 1:1 ბოიერო (43), 1:2 ლოლო (48-პენ), 1:3 ფარე (63)
გაძევება: ხ. ველასკესი (50. ბელგრანო), რ. გომესი (77. არ. ხუნიორსი)
ოლიმპო-ესტუდიანტესი 1:1
გოლები: 0:1 აუსკი (54), 1:1 სარულიტე (90)
კილმესი-ნიუელსი 0:2
გოლები: 0:1 მაქსი როდრიგესი (37), 0:2 მატეო (56) რივერი-ბოკა 0:1
რასინგი-ატლ. რაფაელა 0:1
გოლი: 0:1 დ. ვერა (38-პენ)
კოლონი-არსენალი 0:1
გოლი: 0:1 ფურჩი (77)
გოდოი კრუსი-ოლ ბოისი 2:0
გოლები: 1:0 რამისი (61), 2:0 გარო (88)
ხიმნასია-ველესი 2:1
გოლები: 0:1 მ. სარატე (5), 1:1 ლიხტი (64), 2:1 მესა (75)
გაძევება: ს. დომინგესი (45. ველეს სარსფილდი)
როსარიო-ლანუსი 2:1
გოლები: 1:0 ნიელი (64), 1:1 ბლანკო (69), 2:1 ლაგოსი (76)
გაძევება: მარჩეზინი (23. ლანუსი)
სან ლორენსო-ტიგრე 0:0
სატურნირო მდგომარეობა
ბომბარდირები: 5 - კაუტერუჩიო (სან ლორენსო), მატოსი (ოლ ბოისი), მაქსი როდრიგესი (ნიუელს ოლდ ბოისი); 4 - კარილიო (ესტუდიანტესი), ფურჩი (არსენალი), ჟიგლიოტი (ბოკა ხუნიორსი), ს. პერეირა (ბელგრანო), პრატო (ველეს სარსფილდი), რ. რამირესი (კოლონი), ს. სილვა (ლანუსი), დ. ვერა (ატლეტიკო რაფაელა)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. IX ტური: ათიდან რვა