კამერუნი-ჩილე 0:2 - სანჩესს 32 წუთიც ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩილესა და კამერუნის ნაკრებების მატჩში გამოკვეთილ ფავორიტებად სამხრეთამერიკელები ითვლებოდნენ. ეს იმის მიუხედავად, რომ ჩილელთა ლიდერმა ალექსის სანჩესმა მცირე ტრავმის გამო მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო.

ამის მიუხედავად, ფავორიტები პირველ ტაიმში დიდ უპირატესობას ფლობდნენ. მატჩის პირველივე წუთებზე ჩილემ ორი აშკარა მომენტი შექმნა: ჯერ ედუარდო ვარგასმა გაარტყა ბურთი ძელს, მერე კი ხოსე ფუენზალიდას არ გაატანინა კამერუნელთა გოლკიპერმა ფაბრის ონდოამ.

ჩილელებს ამის შემდეგაც ჰქონდათ მომენტები. ვიხილეთ ორი არჩათვლილი გოლი. თუ კამერუნელი ნგაჯიუს მიერ გატანილი გოლის წინ აშკარა იყო წესების დარღვევა, დიდი კამათი მოჰყვა ვიდეორეფერის
მიერ გაუქმებულ ჩილელთა გოლს, რომელიც ვარგასმა შეაგდო. ძალიან საკამათო სიტუაცია იყო, მაგრამ მოგვიანებით დავრწმუნდით, რომ ფორვარდი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ზოგადად, არაერთი ლიდერის არყოფნის პირობებში ჰუგო ბროსმა, აფრიკის თასისა არ იყოს, კონფედერაციათა თასზეც ძალიან მებრძოლი და აწყობილი გუნდი ჩაიყვანა. კამერუნს არ ჰყავს ისეთი ინდივიდუალისტები, თუნდაც ცოტა ხნის წინ რომ ჰყავდა, მაგრამ ფაქტია, რომ ჟოელ მატიპის, ერიკ ჩუპო-მოტინგისა და ზოგიერთი სხვა ლიდერის არყოფნის პირობებში კამერუნელები უფრო გუნდურად თამაშობენ. უნდა გამოვარჩიოთ მეკარე ონდოას შესანიშნავი თამაში, რომელმაც თადარიგში დასვა "აიაქსის" გოლკიპერი ონანა.

დაიწყო მეორე ტაიმი და თამაშის სურათი კარდინალურად შეიცვალა. ყველასათვის მოულოდნელად, კამერუნის ნაკრები გააქტიურდა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა მათ რიგებში ბასოგოგი. ამ ზეტექნიკურმა ფეხბურთელმა ჩილელებს არაერთი პრობლემა შეუქმნა.

აფრიკის ჩემპიონები ორთაბრძოლებს იგებდნენ და ბურთს უფრო ხშირად ფლობდნენ. ვერ ვიტყვით, რომ მათ ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ გატანა მაინც შეეძლოთ. მაგალითად, აღსანიშნავია მუკანჯოს შანსი.

სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც მინდორზე ალექსის სანჩესი გამოჩნდა. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მისი დონის ფეხბურთელი დღეს მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია. მართალია, მაურისიო ისლამ სასწაულად ვერ გაიტანა თავურით, ლამის კარის ხაზიდან, მაგრამ მალე ალექსისმა თავზე დაასვა ბურთი არტურო ვიდალს და ანგარიში გაიხსნა.

ჩილემ მეორე გოლი ისევ ალექსისის უშუალო მონაწილეობით გაიტანა. მან მეკარე მოატყუა, თუმცა არსენალელის დარტყმული მცველებმა ცარიელი კარიდან გამოიტანეს. იქვე მყოფმა ედუარდო ვარგასმა მაინც გაიტანა. დამირ სკომინამ გოლი ჯერ არარსებული თამაშგარეს გამო გააუქმა, მაგრამ მერე გადაწყვეტილება შეცვალა და ბურთი ჩათვალა. ჩილე "ძველმა გვარდიამ" გადაარჩინა. სანჩესს 32 წუთიც ეყო უმაღლესი კლასის საჩვენებლად.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად არტურო ვიდალი დასახელდა. კი, "ბაიერნის" ვარსკვლავმა კარგად ითამაშა, მაგრამ ჩვენი აზრით, ეს თიკუნი უფრო სანჩესს მოუხდებოდა.

ხუან ანტონიო პიცი (ჩილე): "ჩვენ პირველ ტაიმში თითქმის იდეალურად ვითამაშეთ. თითქმის იმიტომ, რომ არაერთი საგოლე შანსი ვერ გამოვიყენეთ. ვამაყობ ჩემი გუნდით, რომელიც ყველა სიტუაციაში ბოლომდე იბრძვის და აქვს უდიდესი თავმოყვარეობა. რაც შეეხება ალექსის სანჩესს, ჩვენ ერთად მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ მას მცირე ტრავმის გამო სათადარიგოთა სკამზე დაეწყო მატჩი. როცა ის მინდორზე შევუშვი, მჯეროდა, რომ გარდატეხა მოხდებოდა. ეს ფეხბურთელებმაც ირწმუნეს".

ჰუგო ბროსი (კამერუნი): "ჩვენ თავიდან შებოჭილები ვიყავით და ცოტა გვეშინოდა ჩილელების. პირველ ოც წუთში თავისუფლად შეგვეძლო სამი გოლის გაშვება. მეორე ტაიმი კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ. კარგია, როცა მსაჯი აუცილებლობის შემთხვევაში უყურებს ვიდეოგამეორებას, მაგრამ თუ ეს ხშირად მოხდება, ფეხბურთი ბევრს დაკარგავს. ჩვენ ახალგაზრდა, თანამედროვე გუნდი გვყავს. ის გამოცდილებას აგროვებს". 

კონფედერაციათა თასი 2017. B ჯგუფი. I ტური
კამერუნი-ჩილე 0:2
გოლები: 0:1 ვიდალი (81), 0:2 ვარგასი (90)
კამერუნი (4-3-3): ონდოა - მაბუკა, ნგაჯიუ, ტიეკუ, ფაი - ჯუმი, სიანი (86. ნგამალუ), ზამბო ანგისა (89. მანჯეკი) - ბასოგოგი, აბუბქარი, მუკანჯო
ჩილე (4-3-3): ერერა - ისლა, მედელი, ხარა, ბოსეჟური - ვიდალი, დიასი, არანგისი (71. სილვა) - ფუენზალიდა (64. ვალენსია), ვარგასი, პუჩი (58. სანჩესი)
მაყურებელი: 33 492

ორშაბათი. 19 ივნისი
ავსტრალია-გერმანია 19:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩილე 1 1 0 0 2-0 3
2. გერმანია 0 0 0 0 0-0 0
3. ავსტრალია 0 0 0 0 0-0 0
4. კამერუნი 1 0 0 1 0-2 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული