არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XV ტური: ფურჩი - ყველაზე საშიში იარაღი "არსენალში"

AutoSharing Option
ტორნეო ინისიალის მე-11 ტურში ორი გამორჩეული მატჩი გაიმართა - ლიდერმა "რივერს" უმასპინძლა, სარანდიში კი ერთმანეთს მეორე და მესამე ადგილზე მყოფი გუნდები შეხვდნენ...

ლიდერი ლიდერის გარეშე
"ნიუელს ოლდ ბოისს" მაქსი როდრიგესის სახით სერიოზული დანაკლისი ჰქონდა - გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და ბუნებრივია, კლუბს ვერ ეხმარებოდა. ამავე მიზეზით მასპინძლებს რინალდო კრუსადო, სტუმრებს კი გაბრიელ მერკადო და ტეო გუტიერესი არ ჰყავდათ. საბოლოოდ, როგორც გაირკვა, "რივერის" დანაკლისი უფრო სერიოზული ყოფილა, რადგან 3 ქულა "ძველ ბიჭებს" დარჩათ.

შეხვედრის ერთადერთი გოლი ცენტრალურმა მცველმა ვიქტორ
ლოპესმა გაიტანა და "ნიუელსს" ზედიზედ მეხუთე მატჩი მოაგებინა. სხვათა შორის, ალფრედო ბერტის შეგირდებს უკვე 4 მატჩია გოლი არ გაუშვიათ და გარდა ამისა, 42 წლის სპეციალისტმა საკლუბო რეკორდი დაამყარა - 11 ტურის შემდეგ 26 ქულა "ოლდ ბოისს" აქამდე არასდროს ჰქონია.

ჯოკერი, სახელად ხულიო
მეორე და მესამე ადგილებზე მყოფი გუნდების დაპირისპირებაში გადამწყვეტი როლი ხულიო ფურჩმა ითამაშა. 24 წლის ფორვარდი 70-ე წუთზე ცვლილებაზე გამოვიდა, დუბლი შეასრულა და "არსენალის" წაუგებელი სვლა გააგრძელა. "არსენალის" ფორვარდი ბომბარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა - მის ანგარიშზე 6 გოლია და აქედან 4 ფურჩმა ცვლილებაზე გამოსვლის შემდეგ გაიტანა.

სხვათა შორის, ფურჩი "სან ლორენსოს" ყოფილი ფეხბურთელია - შარშანდელი სეზონის პირველი ნახევარი მან სწორედ ამ გუნდში გაატარა, რის შემდეგაც "არსენალში" გადავიდა. ფორვარდი დღემდე ბაია ბლანკას "ოლიმპოს" ეკუთვნის და "მეთოფეებში" იჯარით არის გადასული.

ზოგადად, შეხვედრა ძალიან დაძაბული და უხეში გამოდგა - არბიტრმა ლუის ალვარესმა "სან ლორენსოს" ორი ფეხბურთელი გაუძევა და საინტერესოა, რომ სტუმრებმა სწორედ ამის შემდეგ შეძლეს დაწინაურება - თავი იგნასიო პიატიმ გამოიჩინა, თუმცა ხუან ანტონიო პიცის შეგირდების სიხარული მხოლოდ 2 წუთით გაგრძელდა.

ეს გუნდები ერთმანეთს რამდენიმე დღეში, ქალაქ კატამარკაში შეხვდებიან, სადაც არგენტინის თასის ფინალი უნდა გაიმართოს. ამ შეხვედრის გამარჯვებული, თასთან ერთად, მომავალი წლის ლიბერტადორესის თასზე თამაშის უფლებასაც მიიღებს.

ბოკამ დებიუტანტს ვერ მოუგო
"ბოკა ხუნიორსმა", რომელმაც წინა ტურში "სუპერკლასიკოში" იმარჯვა, "როსარიო სენტრალს" უმასპინძლა და ბოლოსწინა წუთზე გაშვებული გოლის გამო მხოლოდ ქულას დასჯერდა. სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ სტუმრები ქულას ნამდვილად იმსახურებდნენ. მეტიც, თუ ვინმეს ეკუთვნოდა მოგება, ეს, პირველ რიგში, სწორედ მიგელ ანხელ რუსოს გუნდზე ითქმის.

კარლოს ბიანკის შეგირდებმა ანგარიში შეხვედრის დებიუტში გახსნეს, მეორე ტაიმში კი "ბოკას" ფეხბურთელებს მეტოქის ნახევრისკენ აღარც გაუხედავთ, რითაც "როსარიომ" კარგად ისარგებლა - გოლამდე "სენტრალის" ფეხბურთელებმა რამდენიმე რეალური მომენტი ვერ გამოიყენეს, ორჯერ კი ბურთი მეტოქის კარის ძელსაც გაარტყეს.

საბოლოოდ, დებიუტანტი 36 წლის სებასტიან აბრეუმ იხსნა, რომელსაც მცირე რიკოშეტიც დაეხმარა. აბრეუ ახალ გუნდს მშვენივრად შეეწყო - მის ანგარიშზე უკვე 4 გოლია და ის კლუბის საუკეთესო ბომბარდირია.

რასინგს არაფერი შველის
უკვე მერამდენედ გვიწევს იმის აღნიშვნა, რომ "რასინგს" რაღაც უსაშველო სჭირს. გუნდმა უკვე ორი მწვრთნელი გამოიცვალა, მაგრამ ქულის აღებასაც კი ვერ ახერხებს, არადა, შემადგენლობის მიხედვით "აკადემია" არგენტინაში ერთ-ერთი საუკეთესოა. თავად განსაჯეთ:

"ესტუდიანტესთან" მოედანზე მეკარე სებასტიან სახა, გამოცდილი ცენტრალური მცველები ფერნანდო ორტისი და მატიას კააისი, მსოფლიოს ჩემპიონი მაურო კამორანეზი, ნიჭიერი საყრდენი ბრუნო სუკულინი, აგუსტინ პელეტიერი, დიეგო ვილიარი, გაბრიელ აუჩე და არგენტინის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელები - როდრიგო დე პაული და ლუსიანო ვიეტო იყვნენ.

გარდა ამისა, "რასინგში" გამოცდილი ურუგვაელი მარიო რეგეირო, იტალიის ჩემპიონატში წლების განმავლობაში ნათამაშები მისი თანამემამულე ლეონარდო მილიონიკო, ლუსიანო აუდი, ივან პილუდი და ნიჭიერი ვალენტინ ვიოლა ირიცხებიან და აი, ასეთი შემადგენლობის მიუხედავად, გუნდმა ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო ისე, რომ გოლი არ გაუტანია...

"ესტუდიანტესთან" "რასინგს" დროებითი მწვრთნელი იგნასიო გონსალესი ხელმძღვანელობდა, მომავალი ტურიდან კი მუშაობას რეინალდო მერლო შეუდგება და ვნახოთ, იქნებ ამ გამოცდილმა სპეციალისტმა მაინც შეცვალოს რამე.

ტურის სხვა მოვლენებიდან უნდა აღვნიშნოთ "ველეს სარსფილდის" მოულოდნელი მარცხი "ოლიმპოსთან" და "ატლეტიკო რაფაელას" მორიგი გამარჯვება. "ველესი", წინა ტურის მსგავსად, აქაც დაწინაურდა და გოლი კვლავ მაურო სარატემ გაიტანა, მაგრამ რიკარდო გარეკას შეგირდებმა მოედანი მაინც უქულოდ დატოვეს.

"ატლეტიკო" კი საოცარ ფორმაშია - სანტა ფეს წარმომადგენლებმა ბოლო 6 ტურში 15 ქულა მოაგროვეს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილიც დაიკავეს.

ტორნეო ინისიალი. XV ტური

ატლ. რაფაელა-არ. ხუნიორსი 1:0
გოლი: 1:0 დ. ფერეირა (32)
გაძევება: ლ. სანჩესი (90. არგენტინოს ხუნიორსი)

ბელგრანო-კილმესი 0:1
გოლი: 0:1 ალეგრე (29)

არსენალი-სან ლორენსო 2:1
გოლები: 0:1 ი. პიატი (74), 1:1 ფურჩი (76), 2:1 ფურჩი (90)
გაძევება: ლ. ნავარო (49. სან ლორენსო), ჯენტილეტი (65. სან ლორენსო)

ესტუდიანტესი-რასინგი 1:0
გოლი: 1:0 ხ. გომესი (47-საკ. კარში)

ველესი-ოლიმპო 1:2
გოლები: 1:0 სარატე (12), 1:1 პ. როსალესი (28-პენ), 1:2 ჩერუტი (34)

ბოკა-როსარიო 1:1
გოლები: 1:0 ჟიგლიოტი (13), 1:1 აბრეუ (89)

ნიუელსი-რივერი 1:0
გოლი: 1:0 ვ. ლოპესი (77)

ტიგრე-ხიმნასია 1:1
გოლები: 0:1 ლიხტი (12-პენ), 1:1 პერეს გარსია (18)
გაძევება: ბარსოტინი (45. ხიმნასია)

ლანუსი-გოდოი კრუსი 0:1
გოლი: 0:1 ხ. ფერნანდესი (8)

ოლ ბოისი-კოლონი 0:0

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 6 - ფურჩი (არსენალი); 5 - კაუტერუჩიო (სან ლორენსო), ჟიგლიოტი (ბოკა ხუნიორსი), მატოსი (ოლ ბოისი), მაქსი როდრიგესი (ნიუელს ოლდ ბოისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. X ტური: სუპერბოკა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული