"სან ლორენსომ" "ბოკას" დასცინა...
...როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა, თამაშის წინ და თამაშის შემდეგ "სან ლორენსოს" გულშემატკივრებმა "ბოკას" არაერთი დამცინავი და შეურაცხმყოფელი პლაკატი, ბანერი თუ ფოტო მიუძღვნეს. მაგალითად: ინტერნეტში გავრცელდა სურათი, სადაც "ბოკას" ვარდისფერ მაისურს მკერდზე Always აწერია, გუნდის ემბლემას კი "ამშვენებს" წარწერა: HIJA, რაც ქართულად "ქალიშვილს" ნიშნავს.
ამჯერად პერესს აღარ გაუმართლა და ტორიკომ 11-მეტრიანი მოიგერია. პირველ ტაიმში პენალტი მასპინძლებმა ვერ გაიტანეს - ლეანდრო რომანიოლის აგუსტინ ორიონმა აუღო.
შეხვედრის ერთადერთი გოლი კი მეორე ტაიმის დებიუტში 19 წლის ანხელ კორეამ გაიტანა. საბოლოოდ, შეხვედრაში, სადაც ბევრი გოლი უნდა გასულიყო, კორეას ბურთი ერთადერთი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ "სან ლორენსო" არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც "ბოკასთან" ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი აქვს - ალმაგროელებმა 71-ე მატჩი მოიგეს, 48 შეხვედრა ფრედ დასრულდა, "ბოკას" ანგარიშზე კი 62 გამარჯვებაა.
ლიდერებმა ისევ ვერ იმარჯვეს
"ნიუელს ოლდ ბოისმა" და "არსენალმა" მორიგი ქულები დაკარგეს. "ძველი ბიჭები" "კოლონთან", რომელსაც ჩემპიონთან შეხვედრამდე 8-მატჩიანი უგოლო სერია ჰქონდა, ორბურთიანი სხვაობით აგებდნენ, მაგრამ დავიდ ტრეზეგეს წყალობით ალფრედო ბერტის გუნდმა სანტა ფედან ქულის წაღება შეძლო.
"კოლონის" უგოლო სერია, რომელიც 771 (!) წუთი გაგრძელდა, მატჩის მე-40 წუთზე გაბრიელ გრასიანიმ დაასრულა. აქამდე ბოლო გოლი "კოლონს" 1-ელ სექტემბერს ჰქონდა გატანილი! პირველს მეორეც მოჰყვა - პრედიგერმა მასპინძლების უპირატესობა 56-ე წუთზე გაზარდა, მაგრამ ტრეზეგემ "კოლონის" ფეხბურთელებს მთელი შრომა წყალში ჩაუყარა. საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა 11 წუთში დუბლი შეასრულა და ამ ჩემპიონატში უკვე 4 გოლი მოაგროვა.
"არსენალმა" კი უმოტივაციო "ოლ ბოისს" ვერ მოუგო. აღსანიშნავია, რომ "მეთოფეების" მხრიდან ზედიზედ მესამე შეხვედრაში გამოიჩინა თავი 24 წლის ფორვარდმა მილტონ კარალიომ, რომელსაც მანამდე ჩატარებულ 9 შეხვედრაში ერთი ბურთიც კი არ ჰქონდა გატანილი.
ყველაფერი "ლანუსის" ხელშია
"ლანუსმა", რომელიც პარალელურად კოპა სუდამერიკანაზეც თამაშობს, ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. არადა, გილერმო ბაროს შელოტომ "ტიგრესთან" შესუსტებული შემადგენლობა გამოიყვანა, რადგან ამ მომენტისთვის მისი გუნდისთვის პრიორიტეტული სწორედ საერთაშორისო ტურნირია, რომლის 1/4-ფინალშიც "ლანუსი" "რივერს" ხვდება.
მიუხედავად ამისა, სტუმრებმა შესანიშნავად ითამაშეს - 85-ე წუთისთვის ანგარიში 0:3 იყო. ამის მერე მასპინძლებმა გამოიღვიძეს და 3 წუთში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა "ვეფხვებმა" გამათანაბრებელი გოლის გატანა ვეღარ შეძლეს და "ლანუსმა" ძალიან საჭირო ქულები აიღო.
მართალია, ბაროს შელოტოს გუნდი ლიდერს 6 ქულით ჩამორჩება, მაგრამ დარჩენილი 5 მატჩიდან 3-ში "ლანუსი" უშუალო კონკურენტებს, "ბოკას", "სან ლორენსოს" და "ნიუელსს" (ბოლო ტურში) ხვდება. კალენდარი კი რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი "ლანუსის" ხელშია - თუ კონკურენტებს მოუგო და დარჩენილ ორ შეხვედრაშიც ქულები არ დაკარგა, დიდი ალბათობით, ჩემპიონის ტიტულს სწორედ შელოტოების (გილერმოს ასისტენტი მისი ტყუპისცალი გუსტავოა) გუნდი მოიპოვებს.
"როსარიოს" "ქამბექი" და "რასინგის" 3 გოლი
ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ თამაშის მოგება ურთულესი რამ გახლავთ, მით უმეტეს, თუ საქმე არგენტინის ჩემპიონატს ეხება, სადაც ხანდახან მეტოქის კარში ერთი გოლის გატანაც კი ჭირს. "როსარიო სენტრალი" 50-ე წუთისთვის, საკუთარ მოედანზე, "ატლეტიკო რაფაელასთან" 0:2-ს აგებდა. 51-ე წუთზე "ატლეტიკოს" ხუან ელუჩანსი გაუძევეს, რასაც მასპინძლების გამოღვიძება და გარდასახვა მოჰყვა.
53-ე წუთზე ფედერიკო კარისომ პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ რამდენიმე წამში სხვაობა მაინც შემცირდა - ერნან ენსინამ ნერი დომინგესის პასით ისარგებლა - 1:2. 68-ე წუთზე კარისომ შეცდომა გამოასწორა და საგოლე გადაცემით ანტონიო მედინა მოამარაგა - 2:2.
შეხვედრის ბოლოსკენ კი სტუმართა კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა, რომელიც სებასტიან აბრეუმ შეასრულა, მაგრამ მიზანმა ვეტერანსაც უმტყუნა. მიუხედავად ამისა, "როსარიო" არ დანებდა და "ქამბექი" 3 ქულის აღებით დაასრულა. 87-ე წუთზე ენსინამ დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს ზედიზედ მესამე მატჩი მოაგებინა, სულ კი "სენტრალის" წაუგებელი სერია უკვე 5 მატჩია გრძელდება (4 მოგება, 1 ფრე).
ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა "რასინგმა", რომელმაც ლუსიანო ვიეტოს და გასტონ კამპის კარგი თამაშის წყალობით "ხიმნასიას" სეზონში პირველი საშინაო მარცხი აგემა. 19 წლის ვიეტომ ჩემპიონატში პირველი გოლები გაიტანა, კამპიმ კი გოლს, რომელიც მისთვისაც პირველი იყო, თანაც არა მარტო სეზონში, არამედ კარიერაში, საგოლე პასიც მიუმატა.
მენსეგესის მონატრებული გოლი
"რივერმა" "ესტუდიანტესთან" მეორე შემადგენლობით ითამაშა, რადგან "ლანუსის" და "ველესის" მსგავსად, რამონ დიასის გუნდისთვისაც პრიორიტეტული კოპა სუდამერიკანა გახლავთ. ამის გამო ძირითად შემადგენლობაში მოხვდა 29 წლის ფორვარდი ხუან მენსეგესი.
ეს ფეხბურთელი "ვოლფსბურგიდან" უნდა გახსოვდეთ, სადაც მენსეგესი 4 წლის განმავლობაში თამაშობდა და მიუხედავად იმისა, რომ მან ბუნდესლიგაში 102 მატჩი ითამაშა, მხოლოდ 4 გოლი გაიტანა.
მენსეგესი "რივერში" წელს, "სან ლორენსოდან" გადავიდა, სადაც უკანასკნელად 2011 წლის 25 სექტემბერს ითამაშა. მართლაც სასწაულია ის, რომ 2-წლიანი პაუზის შემდეგ მოედანზე გასულმა მენსეგესმა პირველივე შეხვედრაში გოლი გაიტანა და "რივერის" 4-მატჩიანი (ყველა ტურნირზე 5-მატჩიანი) უგოლო სერია დაასრულა! აქვე გეტყვით, რომ ბოლო ბურთი მას იმავე 2011 წლის 16 აპრილს ჰქონდა გატანილი!
მიუხედავად ამისა, "რივერმა" წააგო და ჩემპიონობისთვის ბრძოლის ყველანაირი შანსი დაკარგა, "სტუდენტები" კი მეექვსე ადგილზე არიან და ლიდერს 7 ქულით ჩამორჩებიან.
ასევე, აუცილებლად აღვნიშნოთ "არგენტინოს ხუნიორსის" თამაში. დიეგო მარადონას აღმზრდელმა გუნდმა "ოლიმპოს" 4:0 მოუგო, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სტუმრებმა ბოლო 22 წუთი 8 (!) კაცით ითამაშეს.
ამ საოცარი და უჩვეულო ტურის შემდეგ ჩემპიონობისთვის ბრძოლა უკიდურესად დაიძაბა და თუ დარჩენილი მატჩების კალენდარს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ წინ ძალიან საინტერესო 5 ტური გველის.
XIV ტური
არსენალი-ოლ ბოისი 1:1
გოლები: 1:0 კარალიო (25), 1:1 კალიერი (74)
კოლონი-ნიუელსი 2:2
გოლები: 1:0 გრასიანი (40), 2:0 პრედიგერი (56), 2:1 ტრეზეგე (73), 2:2 ტრეზეგე (84)
არ. ხუნიორსი-ოლიმპო 4:0
გოლები: 1:0 ბოიერო (7), 2:0 ვილიალვა (14), 3:0 ხ. რამირესი (65), 4:0 ტრივერიო (74)
გაძევება: ხ. ბლანკო (51. ოლიმპო), მუსტო (58. ოლიმპო), მესა (67. ოლიმპო)
როსარიო-ატლ. რაფაელა 3:2
გოლები: 0:1 ალბერტენგო (15), 0:2 დ. ვერა (50-პენ), 1:2 ენსინა (54), 2:2 მედინა (68), 3:2 ენსინა (87)
გამოუყენებელი პენალტები: ფ. კარისო (53. როსარიო), ს. აბრეუ (84. როსარიო)
გაძევება: ელუჩანსი (51. ატლეტიკო რაფაელა)
გოდოი კრუსი-ბელგრანო 1:1
გოლები: 0:1 ფ. მარკესი (24), 1:1 სიგალი (77)
ხიმნასია-რასინგი 1:3
გოლები: 0:1 ვიეტო (28), 0:2 კამპი (37), 1:2 ფ. პერეირა (39), 1:3 ვიეტო (63)
ტიგრე-ლანუსი 2:3
გოლები: 0:1 პასკინი (36), 0:2 ბლანკო (58), 0:3 ბარიენტოსი (75), 1:3 პერეს გარსია (85), 2:3 ფ. სანჩესი (88)
გაძევება: კასტანიო (42. ტიგრე)
კილმესი-ველესი 1:1
გოლები: 1:0 დისი (22), 1:1 ფ. კარდოსო (83)
გაძევება: მედალია (55. ველეს სარსფილდი), რ. კასერესი (90. ველეს სარსფილდი)
სან ლორენსო-ბოკა 1:0
გოლი: 1:0 ა. კორეა (47)
გამოუყენებელი პენალტები: რომანიოლი (26. სან ლორენსო), კ. პერესი (89. ბოკა ხუნიორსი)
რივერი-ესტუდიანტესი 1:2
გოლები: 1:0 მენსეგესი (9), 1:1 რ. მარტინესი (17), 1:2 აუსკი (38)
გაძევება: კ. ლედესმა (29. რივერ პლეიტი)
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. ნიუელსი 14 8 4 2 21-12 28
2. სან ლორენსო 14 8 2 4 22-12 26
3. არსენალი 14 6 7 1 16-9 25
4. ბოკა 14 7 3 4 18-15 24
5. ლანუსი 14 6 4 4 23-12 22
6. ესტუდიანტესი 14 5 7 2 13-9 22
7. გოდოი კრუსი 14 5 6 3 13-8 21
8. ატლ. რაფაელა 14 6 3 5 17-18 21
9 როსარიო 14 6 3 5 16-17 21
10. ველესი 14 5 5 4 17-13 20
11. არ. ხუნიორსი 14 6 2 6 14-15 20
12. ხიმნასია LP 14 5 5 4 16-19 20
13. ბელგრანო 14 4 5 5 17-15 17
14. რივერი 14 4 4 6 9-9 16
15. ტიგრე 14 4 4 6 12-15 16
16. კილმესი 14 4 3 7 8-17 15
17. ოლ ბოისი 14 2 7 5 10-13 13
18. კოლონი 14 3 3 8 8-18 12
19. ოლიმპო 14 2 5 7 13-23 11
20. რასინგი 14 2 2 10 7-21 8
ბომბარდირები: 7 - ჟიგლიოტი (ბოკა ხუნიორსი); 6 - ფურჩი (არსენალი), მაქსი როდრიგესი (ნიუელს ოლდ ბოისი); 5 - კაუტერუჩიო (სან ლორენსო), მატოსი (ოლ ბოისი), პრატო (ველეს სარსფილდი), დ. ვერა (ატლეტიკო რაფაელა)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XIII ტური: "ბოკას" ტური