ბრაზილია. სერია A. XXXII ტური: ჩემპიონი გასაჭირშია

AutoSharing Option
"ბრაზილეირაოს" 32-ე ტურის შემდეგ ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა "კრუზეირომ", რომელმაც "სანტოსს" სძლია, მისმა მდევრებმა კი ქულები დაკარგეს. ტურის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი კი "მარაკანაზე" გაიმართა...

ფლა-ფლუ
რიგით 310-ე "ფლა"-"ფლუ" ნომინალური მასპინძლის გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ბოლო წუთზე გავიდა - "ფლუმინენსეს" ცენტრალურმა მცველმა გუმმა ანტიგმირის მანტია მოირგო და საკუთარი კარი დალაშქრა. "ფლამენგომ" მეტოქე 111-ედ დაამარცხა (99 ფრე, 100 მატჩი კი "ფლუმ" მოიგო) და სატურნირო ცხრილში 8 ქულით გაასწრო.

ვანდერლეი ლუშემბურგოს გუნდი ზედ გასავარდნი ზონის თავზე, მე-16 პოზიციაზეა და "ვასკო და
გამას" მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობის ხარჯზე უსწრებს. შეგახსენებთ, რომ "ფლუმინენსე" ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია (!) და სიტუაციის გამოსასწორებლად რიო დე ჟანეიროს წარმომადგენლებს სულ 6 ტური რჩებათ. "ფლუს" უკვე 8 ტურია არ მოუგია, მომდევნო ტურში კი სტუმრად "კორინთიანსს" ხვდება და ამ სერიის დასრულება ძალიან გაუჭირდება.

მისმა ერთ-ერთმა კონკურენტმა "ვასკომ" "კორიტიბას" 2:1 მოუგო და 4-მატჩიანი პაუზის შემდეგ პირველად იმარჯვა. დუბლი ვეტერანმა ედმილსონმა შეასრულა, რომელიც ბრაზილიის ჩემპიონატში წელს, იაპონიიდან დაბრუნდა.

"კრისიუმას" და "პონტე პრეტას" მატჩი კი ფრედ დასრულდა. ცხრილის ქვედა ნაწილში საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა და ამ მომენტისთვის ლიგაში ადგილი "ინტერნასიონალსაც" კი არ აქვს განაღდებული.

ამავე დროს, გაირკვა ისიც, რომ "ნაუტიკოს" არაფერი უშველის. ეს ისედაც მოსალოდნელი იყო, "ატლეტიკო მინეიროსთან" განადგურების შემდეგ კი ოფიციალურად გადაწყდა, რომ "ნაუტიკო" მომავალ წელს სერია B-ში ითამაშებს.

"გოიასის" სასწაული
"გოიასი" უმაღლეს დივიზიონში წელს გადავიდა და გუნდი უკვე ლიბერტადორესის თასის საგზურისთვის იბრძვის. მორიგ ტურში ენდერსონ მორეირას შეგირდებს ე.წ. 6-ქულიანი მატჩი ჰქონდათ მეორე ადგილზე მყოფ "ბოტაფოგოსთან".

ყველაფერი შეხვედრის 88-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც 21 წლის ნახევარმცველმა ედუარდო საშამ სეზონში თავისი მესამე გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოუტანა.

მომდევნო დღეებში "გოიასი" ორჯერ შეხვდება "ფლამენგოს" და ამ მატჩებში ბევრი რამ გადაწყდება. ეს გუნდები ერთმანეთს ჯერ თასის 1/2-ფინალის საპასუხო მატჩში დაუპირისპირდებიან, რამდენიმე დღეში კი 33-ე ტურის შეხვედრა იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის თასის მფლობელი ლიბერტადორესის თასის საგზურს მიიღებს. იმასაც გეტყვით, რომ პირველი შეხვედრა, რომელიც გოიანიაში გაიმართა, "ფლამ" 2:1 მოიგო.

"გრემიომ" "ბაიას" უმასპინძლა და მეტოქეს ვერაფერი დააკლო. შედეგად, მეორე ადგილზე "ატლეტიკო პარანაენსე" გადავიდა, რომელმაც "ინტერნასიონალს" მინიმალური სხვაობით სძლია. "გოიასის" მსგავსად, "ატლეტიკო პარანაენსეც" სერია A-ში წელს გადმოვიდა. გარდა ამისა, მეშვიდე ადგილზეა კიდევ ერთი დებიუტანტი "ვიტორია" და ერთადერთი გუნდი, რომელიც ბრაზილიის უმაღლეს ლიგაში წელს აღზევდა, მაგრამ ცხრილის ზედა ნაწილში არაა, "კრისიუმა" გახლავთ, რომელიც ბოლოსწინა პოზიციაზეა და გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია.

"კრუზეიროზე" კი რა უნდა ვთქვათ? პირველი წრის შემდეგ აღვნიშნეთ, რომ ამ ფორმატით "ბრაზილეირაო" მე-11 სეზონს ატარებს და წინა 10 ჩემპიონატიდან პირველი წრის გამარჯვებული გუნდი ჩემპიონი 7-ჯერ გახდა. ჯერ კიდევ პირველი წრის შემდეგ გამოვთქვით ვარაუდი, რომ "მელიები" ტიტულს მოიგებდნენ.

არის შანსი, რომ ისტორიაში მესამე საჩემპიონო ტიტული "კრუზეირომ" უკვე მომდევნო ტურში მოიპოვოს - "მელიებმა" "გრემიოს" უნდა მოუგონ, "პარანაენსემ" კი შესანიშნავ ფორმაში მყოფ "სან პაულოს" ვერ უნდა სძლიოს. მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება სავსებით რეალურია.

XXXII ტური

ვასკო-კორიტიბა 2:1
გოლები: 1:0 ედმილსონი (27), 2:0 ედმილსონი (73), 2:1 ლუკას კლარო (82)

სან პაულო-პორტუგეზა 2:1
გოლები: 1:0 როდრიგო კაიო (8), 1:1 ლუის რიკარდო (42), 2:1 ალოიზიო (78)

ატლ. მინეირო-ნაუტიკო 5:0
გოლები: 1:0 ფერნანდინიო (11), 2:0 ჟო (23), 3:0 გილერმე (57), 4:0 დიეგო ტარდელი (67), 5:0 ალეკსანდრო (75)

ვიტორია-კორინთიანსი 1:1
გოლები: 0:1 გილერმე (53), 1:1 დინეი (61)

გოიასი-ბოტაფოგო 1:0
გოლი: 1:0 ედუარდო საშა (88)

სანტოსი-კრუზეირო 0:1
გოლი: 0:1 ევერტონ რიბეირო (55)

ფლამენგო-ფლუმინენსე 1:0
გოლი: 1:0 გუმი (90-საკ. კარში)

კრისიუმა-პონტე პრეტა 1:1
გოლები: 1:0 რიკარდინიო (35), 1:1 ლეონარდო (55)

ატლ. პარანაენსე-ინტერნასიონ. 1:0
გოლი: 1:0 დელატორე (45)

გრემიო-ბაია 0:0

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. კრუზეირო 32 21 5 6 66-29 68
2. ატლ. პარანაენსე 32 15 10 7 49-39 55
3. გრემიო 32 15 9 8 37-30 54
4. ბოტაფოგო 32 15 8 9 45-36 53
5. გოიასი 32 14 10 8 41-34 52
6. ატლ. მინეირო 32 13 9 10 39-30 48
7. ვიტორია 32 13 9 10 46-45 48
8. სან პაულო 32 13 7 12 35-32 46
9. სანტოსი 32 11 11 10 40-33 44
10. ფლამენგო 32 11 11 10 37-36 44
11. ინტერნასიონ. 32 10 12 10 47-46 42
12. კორინთიანსი 32 9 15 8 25-20 42
13. კორიტიბა 32 10 10 12 38-41 40
14. პორტუგეზა 32 10 9 13 46-45 39
15. ბაია 32 9 11 12 32-39 38
16. ფლუმინენსე 32 9 9 14 35-41 36
17. ვასკო 32 9 9 14 43-52 36
18. პონტე პრეტა 32 9 7 16 34-45 34
19. კრისიუმა 32 9 6 17 42-57 33
20. ნაუტიკო 32 4 5 23 20-67 17

ბომბარდირები: 16 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე); 14 - ჟილბერტო (პორტუგეზა), ვილიამი (პონტე პრეტა); 13 - ფერნანდაო (ბაია), ერნანი (ფლამენგო); 12 - ვალტერი (გოიასი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია. სერია A. XXXI ტური: უცნაური შეხვედრები და თითქმის განაღდებული ტიტული
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული