ტრანსფერ ONLINE: 10 იანვრის ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
12:06. იოან მოლო "კრილია სოვეტოვში" გიორგი ლორიას თანაგუნდელი აღარ არის. 27 წლის ფრანგი ნახევარმცველი კარიერას "ზენიტში" გააგრძელებს.

12:25. პატრის ევრას აგენტმა თქვა, რომ მისი კლიენტი ჯერჯერობით "იუვენტუსში" რჩება. "ის ახლა გაურკვევლობაშია, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ასე რომ, არ უნდა აჩქარდეთ, დაელოდეთ მოვლენათა განვითარებას", - გვირჩევს პატივცემული აგენტი.

12:29. მარტინ ედეგორი კარიერას ჰოლანდიურ "ჰერენვეენში" გააგრძელებს. "რეალი" ერედივიზიონის კლუბს წლინახევრიან იჯარაზე მოურიგდა, მაგრამ გარიგებაში ნათქვამია, რომ თუ მადრიდელთა სურვილი იქნა, 18 წლის ნორვეგიელს ამ ზაფხულსვე დაიბრუნებენ.

12:41. "რეალმა" შეიძლება "ჰამბურგის" ნახევარმცველი
ალენ ჰალილოვიჩი იყიდოს. ეს 20 წლის ხორვატი ნახევარმცველი ადრე "ბარსელონა B"-ში იყო, თუმცა ძირითად გუნდამდე ვერ მიაღწია და ბუნდესლიგას მიაშურა. სხვათა შორის, იმავე ბუნდესლიგაში მასზე პრეტენზიას "ვოლფსბურგიც" აცხადებს, ოღონდ "მგლებისთვის" ახლა პრიორიტეტი სოფიან ფეგულია ("ვესტ ჰემი").

12:51. ძალიან მაღალი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ხესე როდრიგესი პსჟ-ში არ დარჩება. ადრე წერდნენ, რომ მისი გადაბირება მშობლიურ ქალაქის კლუბ "ლას პალმასს" სურდა, თუმცა 23 წლის გარემარბს "ვალენსიას" ვარიანტიც გამოუჩნდა.

12:56. "უოტფორდსა" და "სუონსის" ანდრეა რანოკიას შეძენა სურთ. "ფუტბოლ იტალიას" ინფორმაციით, გარემოს გამოცვლა თავად "ინტერის" ცენტრალური მცველის არჩევანიცაა.

13:05. მოსკოვის "სპარტაკმა" დაასახელა ის თანხა, რის გადახდასაც "საუთჰემპტონის" მცველ ჟოზე ფონტეს სანაცვლოდ აპირებს - 18 მილიონი ევრო. რუსეთის პრემიერლიგის ლიდერმა 33 წლის პორტუგალიელის თაობაზე "წმინდანებს" უკვე ოფიციალური წინადადებითაც მიმართა.

13:12. "დეილი მეილის" ინფორმაციით, "ლივერპულმა" მოსკოვის "სპარტაკის" ფორვარდ კუინსი პრომესის ყიდვა გადაიფიქრა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც...

13:20. მესუთ იოზილმა "კიკერს" განუცხადა, რომ "არსენალის" 10-ნომრიან მაისურაზე ოცნებობს. აქედან კი ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება - თვალსაწიერ მომავალში იოზილი "მეთოფეებთან" განშორებას არ აპირებს.

13:25. როგორც "დეილი ტელეგრაფი" წერს, ფერნანდო ლორენტე წინააღმდეგი არ არის, "ჩელსიში" გადავიდეს, მიუხედავად იმისა, რომ "სუონსის" მისი ტრანსფერის გაგონებაც არ სურს.

13:42. "შალკემ" ოფიციალურად დაადასტურა გვიდო ბურგშტალერის შეძენის თაობაზე. ეს ავსტრიელი შემტევი აქამდე "ნიურნბერგის" ღირსებას იცავდა. მიმდინარე სეზონში 27 წლის ბურგშტალერმა 16 მატჩში 14 გოლი გაიტანა.

13:54. "ბაიერნის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თხოვნით მიმართა კლუბის ბოსებს, კონტრაქტები გაუგრძელონ არიენ რობენსა და ჩაბი ალონსოს. რამდენიმე დღის წინ "ბილდმა" დაწერა, რომ რობენს "ზენიტში" გადასვლის ვარიანტი ჰქონდა. ეტყობა ანჩელოტის თხოვნაც ჰოლანდიელის შენარჩუნების სურვილითაა განპირობებული.

14:07. "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, სტევან იოვეტიჩი "სევილიას" სამედიცინო ცენტრში შემოწმებისთვის ემზადება. საქმეს ისეთი პირი უჩანს, "ინტერსა" და ანდალუსიურ კლუბს შორის გარიგებაზე სადაცაა, ოფიციალურად უნდა გაცხადდეს...

14:24. Goal.com-ის სენსაციური ინფორმაცია - დიეგო სიმეონემ, შესაძლოა, "იუვენტუსში" მასიმო ალეგრი შეცვალოს. იტალიურ მედიაში დაიწერა, რომ ალეგრისა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის, ისევე, როგორც ცალკეულ ფეხბურთელებთან, ურთიერთობები დაიძაბა. რაც შეეხება სიმეონეს, მან არაერთხელ მიანიშნა, რომ ძალიან უნდა "ინტერში" მუშაობა... ისე კი, საინტერესო იქნებოდა თავად "ჩოლოს" კომენტარი "იუვენტუსთან" დაკავშირებით...

14:41. "სანის" ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის, "რომას" ბერძენ მცველ კოსტას მანოლასში 56 მილიონი ევრო გადაიხადოს.

14:45. "ჰერენვეენმა" მარტინ ედეგორი მედიას წარუდგინა.

14:49. მეორე ბუნდესლიგის ბინადარმა ბერლინის "უნიონმა" ინგლისური "ქუინზ პარკიდან" სებასტიან პოლსტერის ყიდვის თაობაზე გვამცნო. 26 წლის ფორვარდმა 29 მატჩში 14 გოლი გაიტანა.

15:10. "სქაი სპორტის" ინფორმაციით, "სტოკ სიტიმ" სეიდო ბერაჰინოს ტრანსფერზე "ვესტ ბრომვიჩს" მორიგი წინადადებით მიმართა. საინტერესოა, რომ გასულ ზაფხულს, იმავე "სტოკთან" ერთად, ამ ფეხბურთელზე პრეტენზია ჰქონდათ "კრისტალ პალასს", "ტოტენჰემს", "უოტფორდსა" და "ლესტერს". მაშინ "ვესტ ბრომვიჩმა" ბერაჰინო, რომელიც 2016 წლის სექტემბრის მერე არ თამაშობს, 25 მილიონ ევროდაც არ დათმო. საინტერესოა, ახლა რას იზამს?

15:19. "არსენალმა" კონტრაქტი გაუფორმა 20 წლის მცველ კოენ ბრემელს, რომელიც მანამდე... "ჰედნესფორდის" ღირსებას იცავდა. ჯერჯერობით, სულ ეს არის...

15:27. "ნაპოლის" ფორვარდ მანოლო გაბიადინისთვის ბრძოლაში "ვესტ ბრომვიჩიც" ჩაება. ალბათ, არ დაგვიწყებიათ, რომ 25 წლის ფეხბურთელის მთავარი მსურველი "საუთჰემპტონია".

15:31. "ევერტონი" აგრძელებს მოლაპარაკებებს "მანჩესტერ იუნაიტედთან", ნახევარმცველ მორგან შნეიდერლენის ტრანსფერზე.

15:40. "ატლეტიკოს" მცველი ნიკოლას გაიტანი მალე პრემიერლიგის ერთ-ერთ კლუბში გადავაო, წერს "მირორი" და იქვე დასძენს, რომ მთავარი პრეტენდენტი "ტოტენჰემია".

15:59. "ლივერპულის" ნახევარმცველი ლუკას ლეივა აცხადებს, რომ სხვა გუნდში გადასვლის ვარიანტს განიხილავს. 30 წლის ფეხბურთელმა მეტი კონკრეტიკა არ ისურვა.

16:39. "მანჩესტერმა" და "არსენალმა" "ლაიპციგის" მცველ დაიო უპამეკანოს ყიდვაზე უარი თქვეს. საქმე ისაა, რომ ბუნდესლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა 18 წლის ფეხბურთელს 12 მილიონ ევრომდე აუწიეს ფასი. შესაბამისად, ინგლისურმა გრანდებმა ჩათვალეს, რომ ამ ასაკის მოთამაშეში ამხელა ფულის გადახდა ნამეტანია.

16:47. "ბაიერნი" თანახმაა, ჰოლგერ ბადშტუბერი ნახევარწლიანი იჯარით გაუშვას. 27 წლის მცველით "მანჩესტერ სიტი", "სუონსი" და "შალკე" არიან დაინტერესებულნი.

17:19. როგორც "მირორი" ამტკიცებს, მიუხედავად იმისა, რომ "არსენალიდან" "ბორნმუთში" განათხოვრებულ ჯეკ უილშირს მიმდინარე სეზონში გოლი არ გაუტანია, მაინც მიიპყრო "მანჩესტერ სიტისა" და "ევერტონის" ყურადღება.

17:27. მარტინ დემიკელისი თავისუფალი აგენტი გახდა. 36 წლის არგენტინელმა მცველმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 მატჩი ითამაშა "ესპანიოლში". "მარკას" ინფორმაციით, მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

17:31. "ბორნმუთი" მზადაა, "სამპდორიას" 18 წლის მცველ პედრო პერეირაში 8.5 მილიონი ევრო გადაიხადოს. "დეილი მეილი" ამტკიცებს, რომ პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელით "იუვენტუსიცაა" დაინტერესებული.

17:55. დორტმუნდის "ბორუსია" მოლაპარაკებებს აწარმოებს "არსენალთან", 19 წლის ნახევარმცველ გედიონ ზელალემის ტრანსფერთან დაკავშირებით. ინფორმაციას "გარდიანი" ავრცელებს.

18:09. "ვესტ ჰემთან" დაახლოებულმა წყარომ ინგლისურ მედიას გაუმხილა, რომ დიმიტრი პაიეს აბარგება სურს და "ჩაქუჩების" ხელმძღვანელობას ტრანსფერზე დაყენებას სთხოვს.

18:19. BBC-ის ინფორმაციით, "ლივერპული" მამადუ სახოს 24 მილიონ ევროდ ყიდის. უკვე ვწერდით, რომ 26 წლის ნახევარმცველს, რომელსაც მიმდინარე სეზონში ერთი მატჩიც არ უთამაშია "წითლების" მაისურით, "საუთჰემპტონი" და "სევილია" ეპატიჟებიან.

18:49. "სუონსი" გილფი სიგურდსონს არ გაყიდის.

18:55. "ფიორენტინა" იყიდის სიმონე ძაძას, თუ ხორვატ ნიკოლა კალინიჩს ჩინეთში გაუშვებს.

19:08. "მილანი" მეკარე გაბრიელს "კალიარიში" გაანათხოვრებს. "ტუტოსპორტის" ინფორმაციით, "როსონერი" 17 წლის ჯანლუიჯი დონარუმას დუბლიორად... 40 წლის მარკო სტორარის იწვევს.

19:23. 34 წლის ანტონიო კასანოს, რომელიც "სამპდორიაში" ირიცხება, მაგრამ არ თამაშობს, ჩინური "გუანჯოუ" და "შანდუნი" წელიწადში, ხელფასის სახით, 10 მილიონ ევროს სთავაზობენ. მის მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთელისთვის ჩინური წინადადება ზღაპარს ჰგავს. "კორიერე დელო სპორტის" ინფორმაციით, კასანო უკვე ჩემოდნებს ალაგებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნიკოლას გაიტანი მცველი ყოფილა, მამადუ სახო - ნახევარმცველი. კაი.

ჰო, ბადშტუბერი გადავიდა შალკეში.

აბა ჰე!
კირკიტა
16:09 11-01-2017
0

სიახლეები პოპულარული