ვინც წავიდა, აღარ მოვა?! მწვრთნელები, რომელთა კარიერაც დასრულებულია

AutoSharing Option
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ პენსიაში გადის და აღარასოდეს იქნება მწვრთნელის თანამდებობაზე. დღეს გავიხსენოთ ის მწვრთნელები, რომელთა დაბრუნების იმედიც კიდევ გვაქვს, თუმცა ისინი დიდი ალბათობით, აღარ დაბრუნდებიან.

ლუი ვან გაალი
65 წლის სპეციალისტმა განაცხადა, რომ სამწვრთნელო კარიერას წერტილს უსვამს. "მე შემეძლო ჩინეთში სამუშაოდ წასვლა, მაგრამ არ წავედი. მე ისევ ჩემს ოჯახში ვარ, სადაც ძალიან ბევრი რამ მოხდა. არ ვფიქრობ, რომ სამწვრთნელო საქმეს დავუბრუნდები." - თქვა ვან გაალმა.

ცნობილი ხდება, რომ ცოტა ხნის წინ ვან გაალის ქალიშვილმა ქმარი დაკარგა და ვეტერან
მწვრთნელს განზრახული აქვს, უფრო მეტი დრო გაატაროს ოჯახთან ერთად. "აიაქსი", "ბარსელონა", "ბაიერნი", "მანჩესტერი", "ალკმაარი" - ამ გუნდებთან ერთად ვან გაალმა არაერთი ტიტული მოიგო. თუმცა, ვან გაალმა მეორე დღეს ცოტა დამაბნეველი განცხადება გააკეთა და მომავალში მწვრთნელობა არ გამორიცხა...

ვისენტე დელ ბოსკე
66 წლის სპეციალისტი ისვენებს ესპანეთის ნაკრებში გაწეული დიდი სამუშაოს შემდეგ. "ფურია როხაში" მან მოიგო ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები. "ზუსტად ვიცი, რომ აღარასოდეს ჩავჯდები სამწვრთნელო სავარძელში. ერთი კია - თუ ფეხბურთს რამეში დავჭირდები, მზად ვარ, მას დავეხმარო." - თქვა დელ ბოსკემ 2016 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რომელიც ესპანეთის ნაკრებისათვის წარმატებული ვერ გამოდგა.

დელ ბოსკეს აზრი ვერც ზღაპრულმა ჩინურმა წინადადებამ შეაცვლევინა. ისინი მზად იყვნენ, ხელფასის სახით ესპანელისათვის წელიწადში 15 მილიონი ევრო გადაეხადათ. დელ ბოსკეს დიდებული კარიერა ჰქონდა "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. უეფამ ის ყველა დროის ათ საუკეთესო მწვრთნელს შორის დაასახელა.

ფაბიო კაპელო
რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში 70 წლის იტალიელი სპეციალისტი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ აქტიური სამწვრთნელო საქმიანობა დაესრულებინა. "რუსეთი დავტოვე და ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილებაც მივიღე. ბოლო დროს ჩემით ბევრი არავინ ინტერესდება. ასე რომ, წინადადებებზე უარის თქმა არცთუ ისე ხშირად მიწევს." - თქვა იტალიის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო მწვრთნელმა.

ამის შემდეგ მას შესთავაზეს "მილანის", "ინტერისა" და იტალიის ნაკრების ჩაბარება, თუმცა დონ ფაბიოს დარწმუნება იოლი საქმე არ აღმოჩნდა. კაპელოს კოლექციაში ბევრი ტიტულია. მათ შორის - "მილანთან" ერთად მოგებული ჩემპიონთა თასი.

ფრანკ რაიკარდი
რაიკარდი ჯერ მხოლოდ 54 წლისაა, არადა მან უკვე გამოაცხადა აქტიური სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ. 2003-08 წლებში "ბარსელონას" მოძღვრავდა. გუნდთან ერთად მოიგო პრიმერა და ჩემპიონთა ლიგა. ამის შემდეგ მუშაობდა "გალათასარაისა" და საუდეთის ნაკრებში. "ფეხბურთმა ძალიან ბევრი რამ მომცა და მე ამისთვის მადლობელი ვარ. ახლა კი მოვიდა დრო, ცხოვრებაში სხვა რამეებით დავკავდე." - თქვა რაიკაარდმა. ბოლო დროს მას რამდენიმე კლუბი დაუიკავშირდა. მათ შორის იყო "ვალენსია", თუმცა ჰოლანდიელმა უარი განაცხადა.

ჟერარ ულიე
2011 წელს ულიემ "ასტონ ვილა" დატოვა. მაშინ მას ექიმებმა ურჩიეს, გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო უარი ეთქვა სამწვრთნელო საქმიანობაზე. "რა უფლება მაქვს, ექიმებს არ დავუჯერო. მე ბოლომდე უნდა მივსდიო მათ დარიგებას. ფეხბურთი არის ჩემი ცხოვრება და მე მის გარეშე არ შემიძლია. დავრჩები ფეხბურთში, ოღონდ სხვა თანამდებობაზე." - თქვა ულიემ. ამდენ ხანს ულიე თავს კარგად გრძნობდა კაბინეტში, საეჭვოა, 69 წლის ასაკში აქტიურ სამწვრთნელო სამუშაოს დაუბრუნდეს.

ალექს ფერგიუსონი
ევროპის ყველაზე ტიტულიანი მწვრთნელი უკვე სამი წელია, ისვენებს. იქამდე კი ის 30 წლის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედის" სიმბოლო იყო. 23-ჯერ მოგებული ინგლისის ჩემპიონატი და ორჯერ მოგებული ჩემპიონთა თასი ყველაფერზე მეტყველებს. "როცა მეუღლეს ვუთხარი, რომ კარიერას ვასრულებდი, მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. მე ვიცოდი, რომ მას ეს უნდოდა. სხვათა შორის, მელოდა მაშინაც კი, როცა შინ ღამის ორ-სამ საათზე ვბრუნდებოდი შინ." - ასე ახსნა 75 წლის მწვრთნელმა "იუნაიტედის" დატოვების მიზეზი. თანაც, იმ დროს ფერგის მეუღლეს და გარდაეცვალა.

იუპ ჰაინკესი
სამწვრთნელო კარიერის ფინალი დიდებული ჰქონდა. "ბაიერნთან" ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მანამდე ეს "რეალთან" ერთად გააკეთა. "აღარასოდეს ვიმუშავებ მწვრთნელად. მინდა, ოჯახით დავტკბე და ჩემს გემოზე ვიცხოვრო." - თქვა 71 წლის იუპიმ. სხვათა შორის, პეპ გვარდიოლამ მადლობა გადაუხადა მის წინამორბედს, როცა 2016 წელს "ბაიერნმა" გერმანიის ჩემპიონატი მოიგო.

ოტმარ ჰიტცფელდი
შვეიცარიის ნაკრების გაწვრთნას მორჩა და 68 წლის მწვრთნელმა კარიერა დაასრულა. ეს მოხდა 2014 წელს. მალე მან მიიღო ჩინური წინადადება, რომლის მიხედვითაც 25 მილიონი ევრო უნდა მიეღო წელიწადში. ჰიტცფელდმა იპოვა ძალა და უარი თქვა.

"ეს მართალია. მე ჩინეთში გატარებული წელიწადნახევრისათვის უფრო მეტს ავიღებდი, ვიდრე "ბაიერნში" შვიდწლიანი მოღვაწეობის დროს, არ წავედი იმიტომ, რომ ჩემი შვილი მალე დაქორწინდება და ბაბუა გავხდები. მე და ჩემს მეუღლეს დიდებული დროება გველის." - აღნიშნა მან. შეგახსენებთ, ჰიტცფელდმა "ბაიერნთან" და "დორტმუნდთან" ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფერგიუსონს რომ 10 ტიტული წაუმატეთ, არაუშავს? ;)
baxt
03:10 23-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული