ტრანსფერ ONLINE: 22 იანვრის ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
10:15. ჩინური "ტიანძინი" მარიო მანჯუკიჩისთვის იბრძოლებს. ეს მას შემდეგ, რაც ჩინელებმა ვერ იყიდეს ნიკოლა კალინიჩი "ფიორენტინადან".

10:28. "ფიორენტინას" ფორვარდი მაურო სარატე კარიერას "უოტფორდში" გააგრძელებს. ამის თაობაზე "სქაი სპორტი" იუწყება.

10:32. "ინტერი" და "პარი სენ-ჟერმენი" 20 მილიონს სთავაზობენ "ატალანტას" კოტდივუარელი საყრდენი ნახევარმცველის, ფრანკ კესის სანაცვლოდ. "ატალანტა" 35 მილიონს ითხოვს.

10:52. "იუვენტუსს" "ლიონის" ნახევარმცველის, კორენტენ ტოლისოს გადაბირება სურს. ამ ცნობას "ეკიპი" ავრცელებს. "იუვე" მზადაა, პატრის ევრა დაუთმოს ფრანგულ კლუბს.

11:02. "მონაკოს" 21 წლის ფორვარდი კორენტენ ჟანი კარიერას "ტულუზში" გააგრძელებს.

11:22. "ჩელსი", "მანჩესტერი"
და "ბაიერნი" აგრძელებენ ბრძოლას პორტუგალიელი ნელსონ სემედოსათვის. "ბენფიკა" ფეხბურთელს 40 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევაო, წერს "ა ბოლა".

11:34. "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკე სერეზომ ერთხელაც თქვა, რომ ანტუან გრიზმანი კიდევ დიდხანს ითამაშებს "ატლეტიკოში".

11:46. "მანჩესტერ იუნაიტედს" "პორტუდან" გონსალო გედეშის შეძენა სურს. ოცი წლის გარემარბი "სენ-ჟერმენსაც" უნდა.

11:54. "ტიანძინი" "ლიდსის" ფორვარდს, კრის ვუდს მიადგა.

12:08. რობი კინმა თქვა, რომ დიდი ალბათობით, დიდ ბრიტანეთში დაბრუნდება სათამაშოდ. მან MLS დატოვა. კინის ბედი მალე გაირკვევა.

12:21. "მანჩესტერ იუნაიტედს" ზაფხულში "ბაიერნის" მცველი ხუან ბერნატი უნდა. თავის დროზე სწორედ პეპმა წაიყვანა "ბაიერნში" ბერნატი "ვალენსიადან".

12:32. მინო რაიოლა დონარუმასათვის ხელფასის სახით წელიწადში 10 მილიონ ევროს ითხოვს. სანამ "მილანის" ახალი მეპატრონის ვინაობა არ გაცხადდება, დონარუმა კლუბთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს.

12:44. სლავენ ბილიჩმა თქვა, რომ ბედნიერი იქნება, თუ დმიტრი პაიე "ვესტ ჰემიდან" წასვლას გადაიფიქრებს. "ჩაქუჩები" ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვენ.

13:11. "ვესტ ჰემი" "ბრენტფორდის" ფორვარდით, სკოტ ჰოგანით მოიხიბლა.

13:20. "ბარსელონას" ბიუჯეტი საშუალებას აძლევს კლუბს, კონტრაქტი გააგრძელოს ლიონელ მესისთან. ასე წერს "დიარიო ას"-ი.

13:30. ადრიანო გალიანიმ თქვა, რომ ჯერ არ დასრულებულა "მილანის" მოლაპარაკება "ევერტონთან" ჟერარ დეოლოფეუს თაობაზე.

13:39. "ტორინოს" მაქსი ლოპესის თავიდან მოშორება სურს.

13:46. "ანდერლეხტის" სენეგალელი მცველი კარა მბოჯი ერთბაშად მოუნდათ "სევილიას", "სანდერლენდს" და "საუთჰემპტონს".

13:55. ხორხე სამპაოლის ჟურნალისტებმა "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლაზე ჰკითხეს. "მე "სევილიაში" ვარ და სხვა გუნდზე საუბარი არ მინდა. შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს... დღეს აქ ვარ და სხვა გუნდზე საუბარი ეთიკური არ იქნება", - თქვა სამპაოლიმ.

14:00. ანტონიო კასანო "სამპდორიასთან" გაწყვეტს კონტრაქტს და თუ ახალ კლუბს ვერ იპოვის, კარიერასაც დაასრულებს.

14:14. უეინ რუნიმ ჩინური წინადადება მიიღო: 55 მილიონი ევრო წელიწადში.

14:24. გასტონ რამირესს "მიდლსბროდან" წასვლა და "ლესტერში" მისვლა სურს.

14:36. "სანდი თაიმსის" ინფორმაციით, "ჩელსი" დიეგო კოშტას 150 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის.

14:44. "მირორის" ცნობით, ტიბო კურტუას გადაბირებით "რეალია" დაინტერესებული.

14:53. "ნაპოლის" ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს ლორენსო ინსინიესთან. ფეხბურთელს წლიურ ხელფასად 5 მილიონი ევრო სურს.

15:05. "ლაიპციგის" 19 წლის ნახევარმცველი ოლივიე ბურკი "კრისტალ პალასს" და "მიდლსბროს" სურთ.

15:14. "სანდი მირორის" ექსკლუზიური ინფორმაციით, დელე ალისათვის ბრძოლაში მადრიდის "რეალი" ჩაერთო. თავდაპირველ სავარაუდო ფასად 57,5 მილიონი ევრო სახელდება, რაც "ტოტენჰემს" ხელს არ უნდა აძლევდეს.

15:25. "ვერდერმა" უნგრულ "ფერენცვაროშში" გაუშვა იჯარით ამ ქვეყნის ნაკრების ნახევარმცველი ლასლო კლაინჰაისლერი. პირველ სეზონში უნგრელი ასევე იჯარით თამაშობდა "დარმშტადტში".

15:35. არდა თურანმა თქვა, რომ ძალიან ბედნიერია "ბარსელონაში" და ჩინეთში წასვლას არ აპირებს.

15:41. "სანის" ცნობით, "ნიუ იორკ სიტის" დამრიგებელმა პატრიკ ვიეირამ შესაძლოა, "სანდერლენდი" ჩაიბაროს. გუნდი ძალიან ცუდად ასპარეზობს პრემიერლიგაში.

15:46. "ნიცას" "ლიონის" 26 წლის მცველის, კლემენ გრენიეს აყვანა უნდა იჯარით.

15:58. პატრის ევრა ალბათ იანვარშივე დატოვებს "იუვენტუსს". ფეხბურთელის მსურველ კლუბებს "მარსელიც" შეუერთდა. ფრანგული კლუბის სათავეში ახალი სპონსორები მოვიდნენ და მათმა ამბიციებმა მოიმატა.

16:09. "ვესტ ჰემმა" ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ნათან ჰოლანდი იყიდა, ვინც აქამდე "ევერტონში" ირიცხებოდა.

16:20. "ბარნლის" მცველის, მაიკლ კინის გადაბირებით "ლესტერი", "ევერტონი" და "სიტი" არიან დაინტერესებულნი. "ბარნლი" ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს.

16:29. "ნანტის" საყრდენ აბდულაე ტურეზე ტაციობაა. 22 წლის გვინეელის სამსახურით "კიოლნი", "სამპდორია", "სანდერლენდი" და "გლადბახი" არიან დაინტერესებულნი.

17:13. "ლივერპულს" "ინტერის" ხორვატი ვინგერი ივან პერიშიჩი მოუნდა. თავის მხრივ, "ინტერი" ერთ-ერთ ლიდერს იოლად ვერ შეელევა.

17:28. ანტონიო კონტემ თქვა, რომ დიეგო კოშტა არამც და არამც არ დატოვებს "ჩელსის".

17:42. "ლილს" "აიაქსის" ფორვარდი ანვარ ელ-ღაზი სურს. ასევე, კლუბის სამწვრთნელო შტაბის თვალთახედვის არეში მოხვდა "სან პაულუს" ფორვარდი არაუჟო. ელ-ღაზის ბოლო დროს უჭირს "აიაქსის" ძირითადში დამკვიდრება.

17:48. "ინტერის" სპორტულმა დირექტორმა პიერო ასულიომ განაცხადა, რომ ზამთარში გუნდში ახალი ფეხბურთელები არ გამოჩნდებიან და გუნდი ტრანსფერებს ზამთარში განახორციელებს.

17:55. "ტოტენჰემმა" "კრისტალ პალასში" არ გაუშვა მცველი ბენ დევისი. ამის მიზეზი გახდა "დეზების" მცველის, იან ვერტონგენის ტრავმა.

17:58. "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში ისკოს გადაბირებას შეეცდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"მანჩესტერ იუნაიტედს" ზაფხულში "ბაიერნის" მცველი ხუან ბერნატი უნდა. თავის დროზე სწორედ პეპმა წაიყვანა "ბაიერნში" ბერნატი "ვალენსიადან".
"მანჩესტერ სიტი" ხომ არ უნდა ეწეროს?
კირკიტა
15:52 23-01-2017
0

სიახლეები პოპულარული