კაპიტან ბლადი. გზა ქვეყნის საყვარელი ფეხბურთელიდან პირველ ჯალათამდე

AutoSharing Option
შობას ომშიც ზეიმობენ. უმეტესობისთვის ეს დღე - იმედისა და რწმენის ზეიმია, სხვებისთვის - 24 საათი, რომელიც რეალობასა და გარდაუვალს ერთმანეთისგან აშორებს.

თავისი ბოლო შობა ალექს ვილიაპლანმა პარიზის გარეუბან მონრუჟში გაატარა. არ მიუღია საჩუქრები, მასთან არ მისულან სტუმრები. საზეიმო დღეს ერთადერთი ტკბილი წვეთი - მოგონებები იყო. და ადგილობრივ ციხეში მყოფ ვილიაპლანს მართლაც ჰქონდა სასიამოვნო გასახსენებელი.

1921 წელს, როცა ეს 16 წლის ალჟირელი ემიგრანტი "სეტის" იუნიორთა გუნდში ჩარიცხეს, ომისშემდგომი პერიოდი გაცილებით მშვიდი და გამჭვირვალე ჩანდა, ვიდრე სინამდვილეში გამოვიდა. იმ დროს, საფრანგეთში ჯერ
კიდევ თმენით ეპყრობოდნენ ჩრდილოაფრიკის ქვეყნებიდან გამოსულებს, ამიტომაც, ვილიაპლანს არ შექმნია დისკრიმინაციის პრობლემები.

პირიქით, გუნდის მოთამაშე მწვრთნელის ვიქტორ გიბსონის წყალობით, ის თითქმის თავიდანვე მოხვდა ძირითად გუნდში, რომელშიც ხუთი სეზონი გაატარა. უფრო მეტიც, იმ დროს ფეხბურთი სამოყვარულო სახეობა იყო და ფულადი ანაზღაურების მხრივ, ფეხბურთელებს ალმაცერად უყურებდნენ, მაგრამ "სეტის" ბოსებმა იპოვნეს ხერხი - ჰონორარი გადაეხადათ ნიჭიერი ალჟირელისთვის, რომელმაც საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.

1926 წელს, ვილიაპლანმა პირველად უღალატა მეგობრებს: ალექსი უშუალოდ ახალი სეზონის წინ, "სეტიდან" "ნიმში" გაიქცა - მშობლიური კლუბი უფრო დიდ ჰონორარზე, პროვანსულ რუჯზე, იახტებსა და გართობაზე გაცვალა. 20-იანი წლების საფრანგეთის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში თამაშს, მან ცხრილის ქვემოთ მყოფ კლუბში გამოსვლა ამჯობინა.

დღეს ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ იმ დროს არ არსებობდა სატრანსფერო ბაზარი, აგენტები და სატრანსფერო ღირებულება, ამიტომაც ვილიაპლანის გაქცევა წმინდა წყლის ღალატი იყო. მაგრამ, სწორედ "ნიმში" ჩამოყალიბდა მოთამაშედ, რომელიც მთელმა საფრანგეთმა შეიყვარა. ენერგიული ნახევარმცველი, რომლის მთავარი ღირსება ხისტი ართმევა და თავით თამაში იყო.

"ნიმიდან" ვილიაპლანმა საფრანგეთის ნაკრებში მიიღო მიწვევა. ეროვნულ გუნდში სულ 25 მატჩი ჩაატარა და, მართალია, გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ერთ-ერთი ის ფეხბურთელი იყო, რომელზეც არის დამოკიდებული გუნდის შეტევითი თამაში. სავსებით ლოგიკური და უდავო იყო მისთვის კაპიტნის სამკლაურის მიცემა მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის გახსნის მატჩში. "ეს იყო ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში", - თქვა მაშინ ვილიაპლანმა.

ამ დღიდან 14 წლის თავზე, ფორტ მონჟურის ციხეში ყოფნისას, მას მართლაც შეეძლო ამოერჩია თავის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე. ალექსმა საპყრობილეში თითქმის ერთი თვე გაატარა: სასამართლო 1944 წლის პირველ დეკემბერს დასრულდა, მაგრამ განაჩენის აღსრულება 26 დღის შემდეგ მოხდა - აჩქარება საჭირო აღარ იყო. მას შეეძლო გაეხსენებინა, რომ თუ ნაკრების კაპიტნობა ცხოვრების საუკეთესო მომენტი იყო, მაშინ პარიზის "რასინგში" გადასვლა გარდამტეხ მომენტად უნდა ჩაეთვალა.

1929 წელს, "პინგვინები" სუპერკლუბს აშენებდნენ, შესაძლოა, პირველს საფრანგეთის ისტორიაში. ჰონორარებიც უკვე გახდა ფეხბურთის განუყოფელი ნაწილი, ამიტომაც, "რასინგს" შეეძლო თავი არ შეეზღუდა და დედაქალაქში ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი გადაეყვანა. თავად ვილიაპლანი არასოდეს მალავდა, რომ ფეხბურთი მისთვის - ქონების დაგროვების, კაბარეებში გართობისა და დოღებზე თამაშის ხერხი იყო. სწორედ იქ დაუკავშირდა პირველად კრიმინალს. მაგრამ დედაქალაქში ალექსის ცხოვრება არ აეწყო. "რასინგისგან" სუპერკლუბი არ შედგა, ხოლო პროვანსის სითბოს შემდეგ, მკაცრი პარიზული ამინდი უჩვეულო აღმოჩნდა ალჟირელისთვის.

და 1932 წელს, ვილიაპლანი სამხრეთში დაბრუნდა, თან უკვე მყარი მეგობრული კავშირები ჰქონდა მაფიასთან. მან "ანტიბის" რიგებში დაიწყო თამაში და სწრაფად აღიდგინა ფორმა: მეორე სეზონში ახალმა კლუბმა მოიგო საფრანგეთის სამხრეთი კონფერენცია - ფინალში "ლილი" დაამარცხა.

ფეხბურთის ფედერაციამ გაარკვია, რომ ეს მატჩი ჩაწყობილი იყო და ყველაფერი სამხრეთელთა მწვრთნელს დააბრალეს, თუმცა, ხალხის უმეტესობა იმ ვერსიისკენ იხრებოდა, რომ თამაში ვილიაპლანმა და "სეტიდან" მისმა ორმა ძველმა ნაცნობმა გაყიდეს. "ანტიბს" ჩემპიონობა ჩამოართვეს, ალექსანდრს კი წაართვეს ერთადერთი შანსი - რაღაც ღირებული მოეგო მოთამაშის რანგში.

ფსკერზე დაშვების ტემპს სწორედ ნაყიდმა ფინალმა შეუწყო ხელი. ვილიაპლანი "ანტიბიდან" გააძევეს. მომდევნო ორი სეზონი "ნიცასა" და "ისპანო-ბასტიდიენის" შემადგენლობაში ირიცხებოდა, მაგრამ ორიე გუნდიდან გარიცხეს ლოთობისა და გაცდენების გამო. 1935 წელს კი ბევრს არ გაკვირვებია გაზეთების სათაურები:

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ციხეში მოხვდა დოღების ჩაწყობის გამო.

ოთხი წლის შემდეგ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. საფრანგეთის არმია და მისი მოკავშირეები 2 მილიონ ადამიანს ითვლიდა, კარგად იყო აღჭურვილი და მართალია, ნაწილობრივ ჩამორჩებოდა ძალებით ჰიტლერის კოალიციას, პარიზში ინარჩუნებდნენ მყარ მორალურ სულსა და დედაქალაქის უძლეველობის რწმენას. მით უფრო მოულოდნელი იყო მთელი ქვეყნის დაპყრობა 1940 წლის მაისიდან ივნისის პერიოდში.

კონტრაბანდისტებს ზეიმი ჰქონდათ. ოკუპანტებს ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება სჭირდებოდათ, რათა საუკეთესო ულუფა მიეღოთ, ქვეყნიდან ხელოვნების ნიმუშები გაეტანათ და ნაძარცვით გამდიდრებულიყვნენ. ფრანგი კონტრაბანდისტების ერთ-ერთი ლიდერი იყო ანრი ლაფონი.

მისი განადგურება ბევრს უნდოდა, მათ შორის, ნაცისტურ მთავარსარდლობას, რომელსაც მიაჩნდა, რომ ლაფონი რყვნიდა რეიხის ჯარისკაცებს. მაგრამ ანრიმ დაამტკიცა ერთგულება, როცა იჭერდა და აწამებდა ბელგიური იატაკქვეშეთის ლიდერებს. ის დადიოდა ციხეებში, ათავისუფლებდა ძველ მეგობრებს და იბევებდა თანამებრძოლებს. ერთ-ერთი ასეთი გახდა ოქროს კონტრაბანდამდე დაცემული ალექს ვილიაპლანი. ყოფილ პოლიციელთან პიერ ბონისთან ერთად, მან ბანდა შეკრიბა, რომელმაც ასეთი სახელწოდება მიიღო - "ფრანგული გესტაპო".

ბანდიტები, რომლებსაც პირდაპირ ხელმძღვანელობდა გერმანელთა ადგილობრივი ხელმძღვანელობა, დაკავებულნი იყვნენ ფრანგული წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეების, ებრაელების, ოკუპანტებისთვის საშიში და მავნე პირების გამოვლენით. ვილიაპლანი და მისი მეგობრები არ თაკილობდნენ შანტაჟს ძარცვისა და ქურდობის მიზნით.

ფრანგი ჟურნალისტის ფილიპ აზისის ინფორმაციით, ერთხელ ლაფონი და ვილიაპლანი 60 წლის ჟენევიევ ლეონარდის სახლში შევარდნენ და მოთხოვეს ებრაელის გადაცემა, რომელსაც ის თავისთან მალავდა. ყელზე დანამიდებულმა ქალმა ლაპარაკზე უარი თქვა. ჟენევივი ცემეს, შემდეგ დაიჭირეს იქვე მიმავალი ორი გლეხი და ქალის თვალწინ აწამეს, ბოლოს საცოდავები დაწვეს და დახვრიტეს. ამ დროის განმავლობაში, ვილიაპლანის სხვა ამფსონებმა დამალული ებრაელი დააპატიმრეს, თავად ყოფილმა სპორტსმენმა კი აიძულა ჟენევივი - მისთვის 200 ათასი ფრანკი გადაეხადა.

ალექსმა ბანდიტობიდან გერმანიის არმიის ჩრდილოაფრიკული ბრიგადის ლეიტენანტის ჩინამდე მიაღწია. ეს ბრიგადა მთავარი იარაღი იყო წინააღმდეგობის მოძრაობასთან ბრძოლაში. ის ფრანგი იმიგრანტებისგან შედგებოდა. ვილიაპლანი - ალჟირელი, რომელსაც საფრანგეთი აღმერთებდა და საფეხბურთო მოედანზე თავის კაპიტნად აირჩია, იოლად და სიამოვნებით ანადგურებდა თანამემამულეებს. ამის გამო კი გერმანიიდან ხელფასს იღებდა და ამას შინ ქურდობით მოხვეჭილ ფულს უმატებდა.

ბრიგადა არ იყო მხოლოდ მკვლელების ბანდა - ეს იყო კარგად ორგანიზებული ჯაშუშური დაჯგუფება: ის მონაწილეობდა რადიოთამაშში, ნერგავდა აგენტებს წინააღმდეგობის მოძრაობაში, გადაისროდა მათ პარაშუტებით პროვინციებში... 1943 წელს, ერთ-ერთი ოპერაციის დროს, ლაფონმა და ვილიაპლანმა დააპატიმრეს იატაკქვეშეთის ლიდერთა უმრავლესობა.

1944 წელს კი ქალაქ მიუსიდანში ვილიაპლანის თავზეხელაღებულმა წინააღმდეგობის 11 მებრძოლი დაიჭირეს - 17-დან 26 წლამდე ასაკის ბიჭები. ალექსმა სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა, შემდეგ თავად აიღო ხელში ავტომატი და ტყვეები დახვრიტა.

ვილიაპლანი სასტიკი მკვლელი იყო, მაგრამ არა იდიოტი და ყოველთვის ცდილობდა ყოფილიყო ფულის, ძალისა და ძალაუფლების მხარეს. როცა 1944 წლის აგვისტოში მოკავშირეებმა პარიზი გაანთავისუფლეს, ვილიაპლანი სათნოების მასობრივ აქციებს ატარებდა პროვინციებში და უჩვენებდა ყველას, რომ ნაცისტებთან ერთად თანამოქალაქეების განთავისუფლებისთვის მუშაობს. მაგრამ სიხარბემ, რომელმაც ის ასეთ სიმაღლეებზე აიყვანა, კიდევ უფრო ქვემოთ დაანარცხა: 1944 წლის პირველ დეკემბერს, სასამარლოზე უამრავი მოწმე გამოცხადდა, რომლებმაც კარგად იცოდნენ - როგორ ხოცავდა ის ადამიანებს და შემდეგ ოქროულობას აძრობდა მათ.

შობის შემდეგ, 26 დეკემბერს, დილის 10 საათზე ალექსის კამერაში ბადრაგი შევიდა და ყოფილი ფეხბურთელი ფორტ მონჟურის ეზოში გაიყვანა. იმ დილით, ალექსანდრ ვილიაპლანი თავის მეგობარს ანრი ლაფონს შეხვდა: ორივენი კედლის პირდაპირ დააყენეს და დახვრიტეს. პირველი ჩრდილოაფრიკელი საფრანგეთის ნაკრებში გახდა თავისი ქვეყნის პირველი ჯალათი. და ის გახდა პირველი და ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულეს და სიკვდილით დასაჯეს. იმ მთელმა სამყარომ შეიძულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
პირველ რიგში, დიდი მადლობა ამ სტატიისთვის, რომელმაც ჩემთვის უცნობი ისტორია გამაგებინა. ამავე დროს, ერთი შესწორება არის შესატანი სტატიაში, კერძოდ, ამ ადგილში: „იმ დროს, საფრანგეთში ჯერ კიდევ თმენით ეპყრობოდნენ ჩრდილოაფრიკის ქვეყნებიდან გამოსულებს, ამიტომაც, ვილიაპლანს არ შექმნია დისკრიმინაციის პრობლემები.“ ალჟირში ასიათასობით ფრანგი კოლონისტი ცხოვრობდა და ვილიაპლანი სწორედ მათი შთამომავალი იყო. ასე რომ, ის დისკრიმინაციის მსხვერპლი უბრალოდ ვერ იქნებოდა.
თემო
16:53 22-04-2017
0
ადრე პატარა რო ვიყავი სათაურებით ვხვდებოდი ხოლმე რომელი სტატია ვისი დაწერილი იყო :) ზუსტად ეგრე ვარ ეხლა გია თვალაბეიშვილის სტატიებზე... კარგია ყოჩაღ
ioio
23:29 22-04-2017
0

სიახლეები პოპულარული