ჩეხეთის ნაკრების ნახევარმცველი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

AutoSharing Option
ცუდი ამბავი მოხდა: ჩეხეთის ნაკრების ნახევარმცველმა ფრანტიშეკ რაიტორალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს ინფორმაცია "გაზიანთეფის" ხელმძღვანელობამაც დაადასტურა. კლუბის პრეზიდენტმა იბრაჰიმ კიზილმა ადგილობრივ მედიას უთხრა:

"სამწუხაროდ, ეს სიმართლეა. შოკირებულები ვართ. მისი თანაგუნდელები შეშფოთდნენ, რომ ფრანტიშეკი ვარჯიშზე არ გამოცხადდა... საქმის კურსში ჩავაყენეთ პოლიცია და... მე არ მსმენია, რომ მას სერიოზული პრობლემები ჰქონოდა, საღი გონებითა და მენტალიტეტით გამოირჩეოდა, ამიტომაც გაუგებარია ჩემთვის, რატომ მოიქცა ასე".

31 წლის რაიტორალს ჩეხეთის ნაკრებში 14 მატჩი ჰქონდა ჩატარებული. იყო ნაწილი იმ გუნდისა, რომელმაც ევრო 2012-ის საგზური მოიპოვა. ჩეხეთის ფეხბურთის
ფედერაციამ გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა, თუმცა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია პრობლემა, რომელზეც ყურადღებას ყოფილი ფეხბურთელი, FIFPros-ს (პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია) სამედიცინო ნაწილის შეფი ვენსან გუტბარჟი ამახვილებს. მისი თქმით, პროფესიულ ფეხბურთში სიკვდილიანობის შემთხვევების 10 პროცენტი თვითმკვლელობაზე მოდის:

"ძალიან მძიმე ისტორიაა. ჩვენ ყოველწლიურად ვაკვირდებით ყოფილი თუ ამჟამინდელი ფეხბურთელების მდგომარეობას. კარიერის დასრულების შემდეგ მოთამაშეებისთვის დამახასიათებელია მენტალური სირთულეები, რაც ბევრ შემთხვევაში სერიოზულ პრობლემებში გადადის და სავალალო შედეგებამდე მივყავართ. ასე ხდება მაშინ, როცა კარგად არ ხარ მომზადებული ცხოვრების მეორე, არანაკლებ რთული ეტაპისთვის".

გუტბარჟის თქმით, ამ პრობლემის შესწავლისა და მისგან მაქსიმალურად გათავისუფლების საქმეში შემობრუნების წერტილი 2009 წელს გერმანელი მეკარის, რობერტ ენკეს თვითმკვლელობა იყო. აქ არის 5 მთავარი მიმართულება - ვარჯიშის შემცირების უარყოფითი ეფექტი, ოსტეოართრიტის (რასაც ყველაზე მეტად უჩივიან ყოფილი ფეხბურთელები) მკურნალობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური განათლება და ფეხბურთის შემდგომი კარიერის დაგეგმვა.

"შეიძლება ბევრისთვის უცნაური იყოს ეს ფაქტი, მაგრამ სტატისტიკა არ ტყუის - ფეხბურთელების 1 პროცენტზე ნაკლებს აქვს კარიერის შემდეგ უზრუნველყოფილი სამსახური, დანარჩენები კი მუდმივად სამუშაოს ძიებაში არიან. აქედან მოდის სწორედ პრობლემები, რომელიც ტრაგედიით მთავრდება", - ამბობს გუტბარჟი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული