U20. მსოფლიოს ჩემპიონატი: პირველად 1966 წლის მერე...

AutoSharing Option
ფეხბურთის 4 950 წუთი, 52 მატჩი, 140 გოლი, 24 გუნდი, ორი ფინალისტი და ერთი ჩემპიონი - … კორეაში ჩატარებული მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი დრამატულად და საინტერესოდ წარიმართა.

სუვონში ინგლისის ნაკრები გაჩემპიონდა, ამ ნაკრებს კი ეს ტურნირი აქამდე არასოდეს მოეგო. მეტიც, ინგლისის არც ერთი ასაკობრივი ნაკრები 1966 წლის დიდი ტრიუმფის მერე მსოფლიო ჩემპიონატებზე ფინალებში არ გასულა. და, აი, 51-წლიანი უტიტულობა "პატარა ლომებმა" დაასრულეს. 3-კვირიანი თავგადასავალი ინგლისელებმა ფინალში ვენესუელასთან გამარჯვებით დაასრულეს.

შეხვედრის ერთადერთი გოლი დომინიკ ნათანიელ კალვერტ-ლიუინმა გაიტანა, რომელიც "ევერტონის" ახალგაზრდა ტალანტია. იგი
"კანფეტებმა" 2016 წელს "შეფილდ იუნაიტედიდან" დაიმატეს. მან მთელი ტურნირი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა, თუმცა მთავარი ვარსკვლავი მაინც "ჩელსიდან" "ლივერპულში" გადასული დომინიკ სოლანკე გახლდათ. მოკლედ, დომინიკების კარგი თამაშით "პატარა ლომებმა" იმარჯვეს და ხუმრობით შეგვიძლია მათ "დომინიკანელებიც" ვუწოდოთ.

ჩემპიონი
სიმართლე ითქვას, ინგლისის ნაკრები ფავორიტად არ მიიჩნეოდა, მაგრამ გუნდმა თავისი ქვეჯგუფი, რომელშიც მასპინძელი სამხრეთი კორეა, არგენტინა და გვინეა იმყოფებოდნენ, 7 ქულით მოიგო. მეორეზე კორეელები გავიდნენ. 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ხშირი გამარჯვებული არგენტინა მესამეზე გავიდა, ხოლო გვინეელები - მეოთხეზე. შემდგომ "პატარა ლომებმა" ნელ-ნელა მოუმატეს და მშვენიერი თამაში შემოგვთავაზეს.

უპირველეს ყოვლისა, უკვე ნახსენები სოლანკე უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც ტურნირის "ოქროს ბურთი" მოიპოვა. იგი დამსახურებულად აღიარეს საუკეთესოდ. მეკარე ფრედი ვუდმენიც დამაჯერებლად გამოიყურებოდა და "ოქროს ხელთათმანები" დაიმსახურა. დაცვაც საიმედო გახლდათ და მოკლედ, მწვრთნელ პოლ სიმპსონს დაბალანსებული გუნდი ჰყავდა, რომელმაც მთელი ტურნირი მშვენივრად ჩაატარა.

გარდამტეხი კი, ალბათ, მაინც ნახევარფინალი გახლდათ, როდესაც ინგლისელები სიმპათიურ და ძლიერ იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ, რომელთანაც აგებდნენ კიდეც, მაგრამ საბოლოო ჯამში, 3:1 იმარჯვეს. რა თქმა უნდა, არანაკლებ გამოსარჩევია ფინალში 93-ე წუთზე ფრედი ვუდმენის მიერ მოგერიებული პენალტი, რომელიც ვუდმენმა "უოტფორდის" საკუთრებაში მყოფ ალბერტო პენიარანდას აუღო.

მასპინძლები
კორეელებმა ტურნირი გვინეასთან დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყეს, მერე კი პრინციპული მატჩი მოუგეს არგენტინას, რამაც ნაკრები შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. მესამე მატჩში კი მასპინძლები მომავალ ჩემპიონ ინგლისთან დამარცხდნენ. მეთექვსმეტედფინალში კორეა პორტუგალიასთან დამარცხდა. მასპინძლების მთავარი ვარსკვლავი "ბარსელონას" ფეხბურთელი ლი სეუნ ვუ გახლდათ.

საინტერესო ნაკრებები
მთავარი მოულოდნელობა, რასაკვირველია, ვენესუელელების ფინალში გასვლა გახლდათ. 7 შეხვედრაში 14 გოლი შთამბეჭდავი მაჩვენებელია, თანაც, ეს ბურთები 9 სხვადასხვა მოთამაშეზე მოდის. გამოსარჩევი გახლდათ ზამბიის ნაკრებიც, რომელმაც ათკაციან იტალიასთან დამატებით დროში წააგო.

აღვნიშნოთ ურუგვაიც, რომელიც საბოლოოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა. საინტერესოა, რომ ურუგვაის მონაწილეობით მატჩების ბედი პლეი ოფში, როგორც მეოთხედფინალში, ასევე ნახევარფინალსა და მესამე ადგილისთვის მატჩში, პენალტების სერიაში გადაწყდა. მეთექვსმეტედფინალში ყველაფერი ძირითად დროში გაირკვა, ურუგვაელებმა 1:0 მოიგეს, მაგრამ… ის გოლი პენალტით გაიტანეს.

დრამა
ტურნირზე არაერთი დრამატული მატჩი ვნახეთ. 140 გოლიდან 24 გოლი ბოლო 10 წუთში გავიდა. ყველაზე გამოსარჩევი ალბათ სამუელ სოსას ჯარიმაა, როდესაც ვენესუელელმა ურუგვაისთან მატჩის ბოლო წამებზე გაათანაბრა, მერე მისმა ნაკრებმა პენალტების სერიაში იმარჯვა და ფინალში გავიდა.

რეკორდები და ციფრები
პრიზიორებმა - ინგლისმა, იტალიამ და ვენესუელამ ამ შეჯიბრებაზე თავიანთი საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირეს, ხოლო ვენესუელას საერთოდაც არც ერთ ასაკობრივ ნაკრებთან ერთად არ მიუღწევია მსგავსი წარმატებისთვის.

ზამბიამ გერმანია გამოთიშა ასპარეზობას და შემდეგ მერვედფინალში დამარცხდა, რაც ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული შედეგია. გვინეამ და დებიუტანტმა ვიეტნამმა თავიანთი სადებიუტო ქულები მოიპოვეს. ზოგადად, ფინალური ეტაპების დებიუტანტმა ვანუატუმ კი ქულა ვერ აიღო, მაგრამ მექსიკასთან და გერმანიასთან წაგებული 2:3-ებით შეუძლია იამაყოს.

გამოვარჩიოთ ვენესეუელელთა მეკარე ვილკერ ფარინესი, რომელმაც კარგად ითამაშა და თან ამ შეჯიბრებების ისტორიაში გახდა პირველი მეკარე, რომელმაც გოლი გაიტანა - მან პენალტით შეაგდო ვანუატუსთან (7:0).

გამოვარჩიოთ ამერიკელი ჯოშ სარჯენტი, რომელმაც 4 გოლი გაიტანა და თან, აშშ-ის ყველაზე ახალგაზრდა გოლეადორი გახდა ამ ტურნირის ისტორიაში, იგი 17 წლისაა.

ახალი ზელანდიის წარმომადგენელმა მაიერ ბევანმა ჰონდურასთან 45-ე წამზე გაიტანა, რაც ამ შეჯიბრების ისტორიაში მე-6 უსწრაფესი გოლია.

ჯილდოები
"ოქროს ბურთი": დომინიკ სოლანკე (ინგლისი)
"ოქროს ბუცი"/ბომბარდირი: რიკარდო ორსოლინი (იტალია - 5 გოლი)
"ოქროს ხელთათმანები": ფრედი ვუდმენი (ინგლისი)
"ფეარ პლეის" ჯილდო: მექსიკის ნაკრები

დომინიკ სოლანკემ ტურნირი მართლაც შთამბეჭდავად ჩაატარა. როგორც ჩანს, ფეხბურთელი "ლივერპულში" გადასვლით ფრთაშესხმული გახლდათ და, ვინ იცის, "ჩელსი" უკვე ნანობს, რომ იგი გაუშვა.

"ვერცხლის ბურთი" ფედერიკო ვალვერდეს ხვდა წილად. ურუგვაელი მადრიდის "რეალის" ამომავალი ვარსკვლავია.

"ბრინჯაოს ბურთი" კი იანხელ ერერას გადასცეს. ვენესუელელი "მანჩესტერ სიტის" საკუთრებაშია და "ლა ვინოტინტოს" წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლდათ.

რიკარდო ორსოლინი 5 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ლამაზი მის მიერ საფრანგეთთან გატანილი გოლი გახლდათ. ფეხბურთელი, რომელიც შემდეგი სეზონიდან ტურინის "იუვენტუსში" ითამაშებს, ნახევარფინალში ინგლისთანაც გამოირჩა.… ორსოლინის 1 ბურთით ჩამორჩა ჯოშუა სარჯენტი, ამერიკელმა 1 საგოლე პასიც მიითვალა. ფრანგი ჟან-კევინ აგუსტენი კი პასის გარეშე, ასევე 4 გოლით გამოირჩა.

ინგლისელთა გოლკიპერი ფრედი ვუდმენი მართლაც დამაჯერებელი გახლდათ და "ოქროს ხელთათმანები" დაიმსახურა. 20 წლის გოლკიპერი "ნიუკასლს" ეკუთვნის და, ვინ იცის, მისი თამაშის შემხედვარე რაფაელ ბენიტესმა ახალი მეკარის ძებნა შეწყვიტოს.

მექსიკა მეოთხედფინალში ინგლისთან დასანანად დამარცხდა, მაგრამ "ფეარ პლეის" ჯილდო დაისაკუთრა. მექსიკელები 5 მატჩში მხოლოდ 45-ჯერ დაჯარიმდნენ და 3 ყვითელი ბარათი მიიღეს.

ვარსკვლავები წარსულიდან
ამ ტურნირის ისტორიაში ბევრ ისეთ ვარსკვლავს მიუღია "ოქროს ბურთი", რომ ახლა, წესით, დომინიკ სოლანკე სამომავლო პერსპექტივებით აღტაცებული უნდა იყოს - 1979 წელს ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი თვით დიეგო არმანდო მარადონა გახდა, ხოლო 2005 წელს - ლიონელ მესი, 2013 წელს ტურნირის საუკეთესოს წოდება ამჟამინდელმა უძვირესმა ფეხბურთელმა პოლ პოგბამ მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული