წმინდა პატრიკი: ადამიანი, რომელმაც "ბარსელონა" გაკოტრებას გადაარჩინა

AutoSharing Option
თამაშის ზედმეტად ინტელიგენტურმა მანერამ ძალიან შეაფერხა პატრიკ ო'კონელის კარიერის განვითარება - ბრიტანულ კლუბებში პოპულარობით სარგებლობდნენ ბრუტალური ცენტრალური მცველები.

პატრიკის შესაძლებლობების შესახებ აზრი 1914 წელს შეიცვალა, როცა ირლანდიის ნაკრებმა ბრიტანეთის თასზე 3:0 გაანადგურა ინგლისი, ხოლო მთელი მეორე ტაიმი მოტეხილი ხელით მოთამაშე მცველმა თავისი გუნდი რამდენიმე გოლისგან გადაარჩინა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ჰალ სიტისგან" ათას ფუნტად გამოისყიდა ო'კონელის კონტრაქტი.

ერთი წლის შემდეგ, "იუნაიტედის" ისტორიაში პირველმა ირლანდიელმა კაპიტანმა ინგლისის 1915 წლის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ლივერპულთან" სკანდალურ მატჩში გაიყვანა მოედანზე თავისი გუნდი. უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად,
მერსისაიდელებს მოგება სჭირდებოდათ და შეძლეს ამ ამოცანის შესრულება - 2:0. მატჩის შემდეგ გაირკვა, რომ გუნდებს მოლაპარაკებული ჰქონდათ საბოლოო შედეგი.

"ლივერპულის" მოთამაშეებს არ ეშინოდათ დაქვეითების - მათ იცოდნენ პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებით ჩემპიონატის შეჩერების შესახებ და კოლეგებთან ერთად ფულის შოვნით იყვნენ დაკავებული, რათა რთული დროება ამ გზით გადაეტანათ. შეთქმულებაში მონაწილეობდა "მანჩესტერ იუნაიტედის" სამი და "ლივერპულის" ოთხი მოთამაშე. მათ საბუკმეიკერო კანტორაში ზუსტ ანგარიშზე გააკეთეს ფსონი. შვიდივემ სამუდამო დისკვალიფიკაცია მიიღო.

ამ თაღლითობაში პატრიკის მონაწილეობა ვერ დაამტკიცეს, მაგრამ არავის სჯეროდა, რომ კაპიტანი სუფთა იყო - ამის გამო, ირლანდიელს ყველა გუნდში გადაუკეტეს გზა ჩემპიონატის განახლების შემდეგ. ო'კონელი შემთხვევითი შემოსავლების იმედად იყო, 30-იანი წლების დასაწყისში კი მეუღლე და ოთხი შვილი მიატოვა და ესპანეთში გაემგზავრა. მას შემდეგ, ოჯახი მისგან წელიწადში ორჯერ იღებდა ცნობას - ფულის სავსე სქელ კონვერტს.
* * *
დამწყებმა მწვრთნელმა სანტანდერის "რასინგი" ჩაიბარა, რომელთანაც შვიდი სეზონი იმუშავა, რის შემდეგაც, "ოვიედოს" გავლით "ბეტისში" აღმოჩნდა. სევილიელები სეგუნდა დივიზიონში თამაშობდნენ, მაგრამ ო'კონელიმ დისციპლინა გამოასწორა, დაცვაში თამაში დახვეწა და უფულო და უვარსკვლავო გუნდი პრიმერაში ჩემპიონობის პრეტენდენტად აქცია.

1934-35 წლების ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, "ბეტისი" "რეალს" ერთი ქულით უსწრებდა. სევილიელები პატრიკის ყოფილ გუნდს "რასინგს" ხვდებოდნენ. და სანტანდერელთა პრომადრიდელი პრეზიდენტი დე სოსიო გუნდს ათასი პესეტის ოდენობის პრემიას დაპირდა მოგების სანაცვლოდ. ამან არ იმუშავა - "ბეტისმა" 5:0 მოიგო და თავის ისტორიაში ერთადერთხელ გახდა ესპანეთის ჩემპიონი.

"ეს ჯადოსნური მომენტი იყო. სევილიას მოსახლეობა ყოველთვის მაძლევდა აღმაფრენას - მეცხოვრა ყოველ დღე ისე, თითქოს ეს ბოლო დღე იყო ცხოვრებაში. ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, ქალაქი ჭკუიდან შეიშალა", - ანათებდა ირლანდიელი. მას შემდეგ, უდიდესი პატივისცემის გამოსახატავად, პატრიკს მხოლოდ დონ პატრისიოს უწოდებდნენ.

* * *
1935 წელს, ბრიტანელი სათავეში ჩაუდგა "ბარსელონას" და ორჯერ დამარცხდა ჩემპიონატში "რეალთან" - 0:3. კატალონელებმა აქცენტი ესპანეთის თასზე გააკეთეს, მაგრამ მადრიდელთა ბრწყინვალე მეკარეს ზამორას მხოლოდ ერთხელ გაუტანეს და ტიტული დათმეს - 1:2. ო'კონელს დიდი გეგმები ჰქონდა მომდევნო სეზონისთვის, მაგრამ ხელი შეუშალა ესპანეთში სამოქალაქო ომმა. 1936 წლის ზაფხულში, ირლანდიაში დასასვენებლად მყოფმა მწვრთნელმა წერილი მიიღო "ბარსელონას" პრეზიდენტისგან ხოსეპ სუნიოლისგან, რომელშიც ის არ ურჩევდა პატრიკს ესპანეთში დაბრუნებას. ო'კონელიმ დაუჯერა, მაგრამ, როცა გაიგო, რომ ფრანკისტებმა სუნიოლი აწამეს და მოკლეს, უშიშრად შეუერთდა გუნდს.

"ბარსელონა" რეგიონალურ ტურნირებში თამაშობდა, ფული კატასტროფულად არ ჰყოფნიდა და კლუბი გაკოტრების პირას იმყოფებოდა. ო'კონელიმ გამოსავალი იპოვნა - დაურეკა მეგობარს, კატალონელ ბიზნესმენს მანუელ სორიანოს, რომელიც ომის დასაწყისში მექსიკაში გაიქცა.

პატრიკი მოელაპარაკა სორიანოს მეხიკოსა და ნიუ იორკში "ბარსელონასთვის" რამდენიმე საჩვენებელი მატჩის ორგანიზებაზე და გუნდთან ერთად, გემით ამერიკაში გაემგზავრა. კატალონელებმა 15 ათასი დოლარი გამოიმუშავეს - იმ დროისთვის კოლოსალური თანხა. ფული რომ არ მოეპარათ, ის პარიზის ბანკის ანგარიშზე გადარიცხეს. ასე გადაიტანა დიადმა გუნდმა თავისი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი.

ირლანდიელი მწვრთნელი "ბარსელონას" ოთხი წელი ხელმძღვანელობდა. ძირითადად, ავარჯიშებდა კატალონელ ახალგაზრდობას - გუნდის ლიდერთა უმრავლესობა გაიქცა ან ომისგან დაზარალდა. ესპანეთის ჩემპიონატის მატჩების განახლების შემდეგ, 1939 წელს, ო'კონელი სათავეში ჩაუდგა "სევილიას" და ის ვიცე-ჩემპიონობამდე მიიყვანა - გუნდი მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა "ატლეტიკოს". პატრიკმა სამწვრთნელო კარიერა 40-იან წლების ბოლოს, "რასინგში" დაასრულა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო - თავი წამოყო ამერიკაში მგზავრობისას შეძენილმა პნევმონიამ.

* * *
1951 წელს, ჯანმრთელობაშერყეული ო'კონელი ინგლისში დაბრუნდა და ბოლო წლებში უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა ბიძაშვილის სახლის პატარა მანსარდზე. ყოფილმა მეუღლემ დახმარება შესავაზა, მაგრამ პატრიკმა უარი თქვა. ის 1957 წელს გარდაიცვალა. მწვრთნელი ლონდონის გარეუბანში დაკრძალეს. მოკრძალებულ საფლავს წარწერიანი ქვაც კი არ ჰქონდა. საფლავი 40 წლის განმავლობაში არავის მოუნახულებია.

პატრიკის ხსოვნა გააცოცხლა მისი ერთ-ერთი შვილიშვილის მეუღლემ - სიუმ. მან იპოვნა საფლავი, შექმნა ო'კონელის სახელობის მემორიალური ფონდი და 15 წლის განმავლობაში აგროვებდა ინფორმაციას დიადი მწვრთნელის შესახებ.

ამ ყველაფრის შედეგი იყო 2016 წელს გამოცემული წიგნი - "ადამიანი, რომელმაც "ბარსელონა" გადაარჩინა". სხვადასხვა დროს, ფონდს დახმარება გაუწიეს იოჰან კრუიფმა, კენი დალგლიშმა, ფრანც ბეკენბაუერმა, დევიდ ბექჰემმა, პაოლო მალდინიმ და სხვა ცნობილმა ფეხბურთელებმა. სწორედ მათი წყალობით, დღეს, პატრიკის საფლავზე ღირსეული ქანდაკება დგას.

2015 წელს, ო'კონელი "ბარსელონას" დიდების დარბაზში შეიყვანეს, 2017 წლის მარტში კი "ბეტისმა" მწვრთნელის ქანდაკება წარმოადგინა. ის "ბენიტო ვილიამარინის" სტადიონის შესასვლელთან დადგეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
20 ან 30 წლის შემდეგ კალაძესაც დაუდგამენ ძეგლს, თბილისის მერიის ტუალეტში
ჩუნგა ჩანგა
19:30 18-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული