ახლა კი შემოგთავაზებთ ტოპ-10 ტრანსფერს (რა თქმა უნდა, თანხის მიხედვით) ჯერარგახსნილი სატრანსფერო სეზონიდან...
1. ბერნარდო სილვა (პორტუგალია) - 50 მლნ ევრო
22 წლის, მონაკო-მანჩესტერ სიტი
მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელი მარჯვენა გარემარბი ძალიან კარგი ფეხბურთელია, გვეეჭვება, რომ მისი გადასვლა სეზონის სენსაცია "მონაკოდან" პეპ გვარდიოლას "სიტიში" სატრანსფერო სეზონის ბოლომდე დარჩეს პირველ ადგილზე. ისეთი ხმაურიანი ტრანსფერები გველოდება, რომ
2-წლინახევრის წინ "მონაკომ" "ბენფიკას" მის აღზრდილ ტანჩია ნახევარმცველში თითქმის 16 მილიონი ევრო გადაუხადა. მშვენივრადაც გამოადგა და ახლა 3-ჯერ ძვირად გაყიდა ინგლისში. ბერნარდო სილვა ახლა პორტუგალიის ნაკრებთან ერთად კონფედერაციათა თასის ნახევარფინალშია გასული.
"რატომ ავირჩიე "სიტი"? უფრო რთულ პირობებში ჩემი თავის გამოცდა მსურს, პრემიერლიგა კი მსოფლიოში საუკეთესო ლიგაა", - ამბობს "სიტის" ახალწვეული, რომელმაც "სიტის" ბედი მომავალი 5 წლით დაუკავშირა.
2. მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე) - 42
25 წლის, რომა-ლივერპული
სალაჰი ერთ მდინარეში მეორედ შედის, ოღონდ სხვა ფონიდან - "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი 1-ლი ივლისიდან "ლივერპულის" საკუთრებაა. ინგლისური ჩაფლავების მერე მან სერია A-ში გაიბრწყინა და უკან ბრუნდება, რათა დაახლოებით ის გზა გაიაროს, რაც კევინ დე ბრუინმა, რომელმაც თავი გერმანიას შეაფარა და პრემიერლიგაში უფრო ძლიერი დაბრუნდა.
სალაჰი უფრო მარჯვენა გარემარბია, მისი დიდი იმედი აქვს იურგენ კლოპს. ეგვიპტელმა "ლივერპულთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის კლუბის სარეკორდო შენაძენია და ყველაზე ძვირტრანსფერიანი აფრიკელი ფეხბურთელიც.
3. კორენტინ ტოლისო (საფრანგეთი) - 41,5
22 წლის, ლიონი-ბაიერნი
22 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა "ბაიერნს" ჩაბი ალონსოს ფეხბურთიდან წასვლა არ უნდა აგრძნობინოს. ექსლიონელმა ამ ტრანსფერით ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა, სადაც ისეთი ხმაურიანი ტრანსფერები არ იციან, როგორც ინგლისსა და ესპანეთში.
"დიდებული დრო გავატარე "ლიონში", ახლა კი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში უნდა ვითამაშო", - ამბობს ტოლისო. იგი 2022 წლამდე რეკორდმაისტერის განკარგულებაშია.
4. ედერსონ მორაეში (ბრაზილია) - 40
23 წლის, ბენფიკა-სიტი
ედერსონ მორაეშმა "ბენფიკადან" "სიტის" მიაშურა. ხოსეპ გვარდიოლა ედერსონით მეკარის პრობლემის გადაჭრას აპირებს. ის გახდა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული გოლკიპერი. ბუნებრივია, ასეთ ფეხბურთელს სათადარიგოთა სკამზე დასასმელად არავინ ყიდულობს.
"მე ყველაფერი მომწონს "სიტიში", პრემიერლიგა, აქაური ფანები. ინგლისში დიდებულ ფეხბურთს თამაშობენ. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ პრემიერლიგაში მეთამაშა და აი, ოცნება ამიხდა", - ამბობს მეკარე, რომელმაც ჯიჯი ბუფონის სატრანსფერო რეკორდი მოხსნა.
5. ანდრე სილვა (პორტუგალია) - 38
21 წლის, პორტუ-მილანი
კრიშტიანო რონალდომ თქვა, მე რომ წავალ, პორტუგალიის ნაკრებს პრობლემა არ ექნება შეტევაში, ჩემი მემკვიდრე უკვე გვყავსო. სწორედ რონალდოს "მემკვიდრე" შეიძინა "მილანმა" და მასში იტალიური სტანდარტით არცთუ ცოტა გადაიხადა. ანდრე სილვა რომ კარგი ცენტრფორვარდია, მან კონფედერაციათა თასის ჯგუფურ ეტაპზეც დაამტკიცა. მისი კონტრაქტიც ხუთწლიანია.
6. ვიქტორ ლინდელიოფი (შვედეთი) - 35
22 წლის, ბენფიკა-მანჩესტერი
7. ჯორდან პიკფორდი (ინგლისი) - 28,5
23 წლის, სანდერლენდი-ევერტონი
8. დევი კლაასენი (ჰოლანდია) - 27
24 წლის, აიაქსი-ევერტონი
9. იური ტილემანსი (ბელგია) - 25
20 წლის, ანდერლეხტი-მონაკო
10. ნიკლას ზიულე (გერმანია) - 20
21 წლის, ჰოფენჰაიმი-ბაიერნი
ათეულში ორი შიდა ტრანსფერია - ჯორდან პიკფორდისა შიდაინგლისური გადაადგილებაა, ხოლო ნიკლას ზიულეს ტრანსფერი - შიდაგერმანული. 10-დან 6 შემთხვევაში მყიდველი ინგლისური კლუბია, ორში - გერმანული (ბაიერნი). ესპანელებს ჯერ სძინავთ - მათ არც ერთი სერიოზული ტრანსფერი არ განუხორციელებიათ ჯერ, თუმცა ასე დიდხანს არ გაგრძელდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"