U21. ევროპის ჩემპიონატი: გერმანული სიურპრიზი "როხიტას" [VIDEO]

AutoSharing Option
"ჰერტას" 23 წლის მარჯვენა გარემარბმა მიტჩელ-ელია ვაიზერმა ესპანეთის ბრწყინვალე გუნდს წყალში ჩაუყარა შესანიშნავად გავლილი მთელი ტურნირი. "ლა როხიტას", რომელიც პოლონური ტურნირის მთავარ მატჩამდე მონათლეს "ესპანეთის ახალ ოქროს თაობად", ფინალის თამაში არ სცოდნია...

ფინალი კრაკოვში 15 ათასი ქომაგის თვალწინ გაიმართა. პოლონელი ქომაგი აშკარად ესპანეთის ნაკრებს უჭერდა მხარს და არა მეზობელ გერმანიას. ყველაფერი მე-40 წუთზე გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, მარჯვენა მცველმა ჯერემი ტოლიანმა მეტოქის მარცხენა ფრთა გააბითურა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ვაიზერმა ბურთს თავი ძალიან იღბლიანად დაჰკრა - 1:0. შტეფან კუნცის გერმანია
ევროპის ჩემპიონია.

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად, ბურთი ესპანეთს ეჭირა, უკეთ ნამდვილად გერმანიამ ითამაშა. მაგალითად, კეპა არიზაბალაგას კარის დალაშქვრის შესანიშნავი შანსი ჰქონდა სერჟ გნაბრის. ესპანელთა ყველაზე სახიფათო მომენტმა კაპიტან დეულოფეუს შესრულებით შედეგი ვერ მოიტანა და გერმანია ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონი მეორედ გახდა. პირველად ეს 2009 წელს მოხდა. მაშინ ინგლისთან ფინალის (4:0) საუკეთესო ფეხბურთელი მესუთ იოზილი გახდა, გუნდში კი ნოიერი, ჰიოვედესი, ბოატენგი, ჰუმელსი, ხედირა, ვაგნერი და სხვები ირიცხებოდნენ, მოკლედ, თითქმის მთელი ახლანდელი ბუნდესმანშაფტი.

პარასკევს კი გერმანული ფეხბურთის ხვალინდელმა იმარჯვა ტურნირის აშკარა ფავორიტზე. ესპანეთმა ვერ შეძლო ტიტულის მეხუთედ მოპოვება.

მოედანზე თითქმის არ ჩანდნენ საულ ნიგესი და მარკო ასენსიო, რომელთაც 5 და 3 გოლი (შესაბამისად) ჰქონდათ გატანილი. ისინი საიმედოდ ამოკეტეს გერმანელმა მცველებმა.

ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად გამარჯვების გოლის ავტორი მიტჩელ ვაიზერი დასახელდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შტეფან კუნცი
(გერმანია): "დღეს შესანიშნავი სათამაშო გეგმა შევარჩიეთ. ეს ძალზე ძნელი იყო, რადგან ესპანელთა თამაშში იძულებითი ცვლილებების შეტანა ურთულესია. ჩემმა გუნდმა ეს მოახერხა უდიდესი გუნდური სულის გამოვლინებით. ძალიან გახარებული ვარ არა მარტო ჩემ გამო, კიდევ 40-50-მა ადამიანმა შეიტანა ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი. მაქსი არნოლდი შესანიშნავი კაპიტანია. ის სულ ჯავრობდა, რომ ბოლო დროს გერმანიის ახალგაზრდული ნაკრები არც ისე კარგი იყო. მაქს მაიერი, რომელიც "შალკეში" მაღალ დონეზე თამაშობს, დღეს უბედნიერესი იყო გასახდელში, რადგან თავისი პირველი ტიტული მოიგო. ბიჭებს ვუთხარი, რომ თუ ფინალს მოიგებდნენ, ხალხი მათ ისევე დაიმახსოვრებდა, როგორც 2009 წლის გმირებს. ვიცი, რომ ინგლისთან ნახევარფინალს ბევრმა გერმანელმა უყურა და ეს ბიჭებს გასახდელში შევახსენე. ბიჭებს ვუთხარი, რომ დასაკარგავი არაფერი ჰქონდათ, ჩვენ გვქონდა გეგმა და ის სრულყოფილად შევასრულეთ".

ალბერტ სელადესი (ესპანეთი): "ჩვენ კარგად ვიცოდით გერმანიის ძლიერ მხარეები, მაგრამ ყოველი თამაში განსხვავებულია. პირველ ტაიმში გვაჯობეს. ჩვენ შევეცადეთ ამ ყველაფრის გამოსწორება, მაგრამ არ გამოგვივიდა. ნეგატიურ ამბავსაც აქვს პოზიტიური მხარე - ბიჭებს დიდებული ტურნირი ჰქონდათ და ისინი შინ თავაწეულები უნდა წავიდნენ. სრულ ტრიუმფამდე ძალზე ცოტა დაგვაკლდა".

* * *
"ადიდასის ოქროს ბუცის" მფლობელი საულ ნიგესი გახდა, რომელმაც ტურნირზე 5 გოლი გაიტანა. მას მარკო ასენსიო და ბრუმა (პორტუგალია) 2-2 გოლით ჩამორჩნენ. ეს ტიტული ადრე ისეთ ფეხბურთელებს მოუპოვებიათ, როგორებიც ალვარო მორატა (2013), კლაას-იან ჰუნტელაარი (2006), ალბერტო ჯილარდინო (2004) და ანდრეა პირლო (2000) არიან.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელთა ნახევარმცველი დანი სებალიოსი დაასახელეს, რომელსაც ბრწყინვალე საფეხბურთო მომავალი ელის. ტყუილად არ არის, რომ "ბეტისის" ფეხბურთელით მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.

სხვათა შორის, ეს ჯილდო პირველად დაწესდა. ასე რომ, 20 წლის ანდალუსიელი მისი პირველი მფლობელია. "ძალიან ვამაყობ, რომ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი, მაგრამ ამ ტიტულს სიამოვნებით გავცვლიდი ევროპის ჩემპიონის თასში. ასე რომ, ეს ტკივილიანი სიხარულია", - განაცხადა სებალიოსმა. ადრე მსგავს ტიტულს "ოქროს ფეხბურთელი" ერქვა. 2015 წელს ეს პრიზი პორტუგალიელ ვილი კარვალიოს შეხვდა. ადრე კი ტროფეი მიუღიათ ანდრეა პირლოს, პეტრ ჩეხს, ხუან მატას...

Sportall.Ge

* * *
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების ისტორიაში კვლავ იტალია რჩება ყველაზე ტიტულოვან გუნდად. იტალიელებმა ხუთჯერ იმარჯვეს. ესპანელებს მათი დაწევა შეეძლოთ, მაგრამ...

2-2-ჯერ თასი მოგებული აქვთ ინგლისს, საბჭოთა კავშირს, ჰოლანდიას და ახლა უკვე გერმანიას.

ფინალი
გერმანია-ესპანეთი 1:0
გოლი: ვაიზერი (40)
გერმანია (4-1-4-1): პოლერსბეკი - ტოლიანი, შტარკი, კემპფი, გერჰარდტი - ჰაბერერი (82. კორი) - ვაიზერი, მაიერი, არნოლდი, გნაბრი (81. ამირი) - ფილიპი (87. იოზთუნალი)
ესპანეთი (4-3-3): არიზაბალაგა - ბელერინი, მერე, ვალიეხო, ხონი (51. გაია) - საულ ნიგესი, მ. ლორენტე (83. მაიორალი), სებალიოსი - ასენსიო, ს. რამირესი (71. ვილიამსი), დეულოფეუ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული