აშშ. MLS. ფინალი: ჰოლივუდური ჰეფი ენდი

AutoSharing Option
MLS-ის 2012 წლის ფინალში, წინა წლის მსგავსად, ერთმანეთს "ლოს ანჯელეს გელექსი" და "ჰიუსტონ დინამო" დაუპირისპირდნენ. 2011 წლის არ იყოს, ამჯერადაც გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ და გამარჯვების მომტანი გოლი კვლავ ლენდონ დონოვანმა გაიტანა (2011-ში "გელექსიმ" 1:0 მოიგო). ამ გამარჯვების წყალობით, "გელექსი" "ემ-ელ-ეს"-ის 4-გზის ჩემპიონი გახდა და ტიტულების რაოდენობით, რეკორდსმენ "დი სი იუნაიტედს" გაუთანაბრდა.

მატჩის წინ განსაკუთრებულ ყურადღებას დევიდ ბექჰემი იპყრობდა, რადგან ვეტერანი ინგლისელი აშშ-ში უკანასკნელ შეხვედრას ატარებდა. საბოლოოდ ბექჰემი ამერიკას ორგზის ჩემპიონის რანგში დაემშვიდობა.

პირველი ტაიმის წაგების შემდეგ მასპინძელთა მწვრთნელმა ბრიუს არენამ
საკუთარი შეგირდები საბრძოლველად განაწყო და მეორე ნახევარმა მთლიანად "ლოს ანჯელესის" უპირატესობით ჩაიარა. განსაკუთრებით გამორჩეული იყო რობი კინი, რომელმაც პლეი ოფის ეტაპი შესანიშნავად ჩაატარა და 6 შეხვედრაში 6 გოლიც გაიტანა. აქტიურობდა "გელექსის" კიდევ ერთი ვეტერანი ვარსკვლავი კრისტიან ვილჰელმსონი, რომელიც "დინამოელთა" ფლანგის მცველებს აწიოკებდა.

ფინალურ შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა ორი კუთხური – პირველს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის, ომარ გონსალესის გოლი მოჰყვა, ხოლო მეორე კუთხურის შემდეგ სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად დონოვანმა აქცია. დაწინაურების შემდეგ "გელექსიმ" თამაში კონტრშეტევებზე ააწყო და მატჩის ბოლო წამებზე, ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს, სტუმართა მეკარე ტალი ჰოლმა საჯარიმოში რობი კინი წააქცია. 11-მეტრიანი თავად დაზარალებულმა გამოიყენა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

ლონ ანჯელესი-ჰიუსტონი 3:1
გოლები: 0:1 კარი (44), 1:1 ო. გონსალესი (60), 2:1 დონოვანი (65-პენ), 3:1 რობი კინი (90-პენ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული