რეკორდსმენი ახალგაზრდები და შეწყვეტილი სერია

AutoSharing Option
150 - გოლი აქვს აშშ-ის ქალთა ნაკრების რიგებში გატანილი ები უომბახს, რომელიც სულ რაღაც 8 გოლით ჩამორჩება მია ჰემის ყველა დროის რეკორდს.

32 წლის უომბახმა ამ შედეგს ჩინეთის ნაკრებთან შესრულებული დუბლით მიაღწია (აშშ-მ 4:0 მოიგო). ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობისთვის ასევე კრისტინ სინკლერი (143 გოლი) იბრძვის, რომელმაც კვირას ლუ მარშის სახელობის პრიზი მიიღო და 2012 წლის კანადის საუკეთესო სპორტსმენი გახდა.

16 - წლის, ოთხი თვის და ერთი დღის იყო "ნიცას" ფეხბურთელი ნილ მოპეი, როდესაც შაბათს, არბიტრის მიერ დამატებულ დროში, "ევიანს" გამარჯვების
მომტანი გოლი გაუტანა (3:2).

ვერსალში დაბადებული ფორვარდი საფრანგეთის ჩემპიონატის ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც გოლის გატანა შეძლო.

ლიგა 1-ის ყველა დროის რეკორდი ლორან რუსეს ეკუთვნის, რომელმაც 1978 წელს "სენტ ეტიენის" მაისურით თავის გამოჩენა 16 წლის, 3 თვის და 25 დღის ასაკში მოახერხა. წლის დასაწყისში მოპეი ახლოს კიდევ ერთ რეკორდთან იყო - თინეიჯერ ფეხბურთელს ლიგა 1-ში დებიუტი 16 წლის და 31 დღის ასაკში ჰქონდა.

მოპეი მცირედით ჩამორჩა რეკორდსმენ კრისტოფერ ორიეს, რომელმაც უმაღლეს დივიზიონში 16 წლის და 17 დღის ასაკში ითამაშა.

14 - გოლი აქვს მიმდინარე სერია ა-ში გატანილი სტეფან ელ შაარავის, თან არც ერთი პენალტით. ევროპის წამყვან ლიგებში თამაშიდან "პატარა ფარაონზე" მეტი მხოლოდ ლიონელ მესის (24 გოლი) და ზლატან იბრაჰიმოვიჩს (16 გოლი) აქვთ გატანილი. 20 წლის ფეხბურთელმა ზლატანს უკვე აჯობა - "მილანში" თამაშის დროს "იბრაკადაბრას" 17 ტურის შემდეგ ამდენი გოლი არასდროს გაუტანია.

ასევე აღსანიშნავია ანტონიო დი ნატალეს მიღწევა - "უდინეზეს" ფორვარდმა სეზონში მინიმუმ 10 გოლის გატანა მერვედ შეძლო.

ანდრეა პირლომ კი ამ სეზონში საჯარიმო დარტყმით მეოთხე გოლი გაიტანა. "იუვეს" ნახევარმცველს სერია ა-ში 49 გოლი აქვს გატანილი, აქედან 20 საჯარიმო დარტყმით. ბოლო 30 წელიწადში იტალიის ჩემპიონატში ასეთი შედეგი მხოლოდ რობერტო ბაჯოს და ჯანფრანკო ძოლას ჰქონდათ, ხოლო სტანდარტულიდან უფრო მეტი გოლი ალესანდრო დელ პიერომ (22) და სინიშა მიხაილოვიჩმა (27) გაიტანეს.

5 - გამარჯვება ზედიზედ - სწორედ ასეთი შედეგი ჰქონდათ ევროპელებს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, რომელიც კვირას, "კორინთიანსის" მიერ "ჩელსის" ძლევით დასრულდა. "ტიმაომ" საკლუბო ჩემპიონის ტიტული 12 წლის შემდეგ დაიბრუნა და ბრაზილიას ამ ტურნირზე მეოთხე გამარჯვება მოუტანა, რაც საუკეთესო შედეგია.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს თუ საკონტინენტთაშორისო თასს მივუმატებთ, ბრაზილია აქაც საუკეთესო იქნება - პენტაკამპეონთა კლუბების ანგარიშზე 10 გამარჯვებაა, ერთით ნაკლები არგენტინას და იტალიას აქვთ, ინგლისელების ანგარიშზე კი მხოლოდ ორი ტიტულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული