კვირა ციფრებში: სიჩქარე, მედლები და უოლტერსის უიღბლობა

AutoSharing Option
21 – წამი იყო გასული მატჩის დაწყებიდან, როდესაც ნოლან რუმ “ლილი” დააწინაურა და ამ სეზონის რეკორდი დაამყარა.

აქამდე ყველაზე სწრაფი გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჰქონდა გატანილი, რომელმაც თავი 26-ე წამზე გამოიჩინა. მიუხედავად სწრაფი გოლისა, “ძაღლებმა” მატჩი მაინც ვერ მოიგეს – მეტოქე “ნანსიმ” ბოლომდე იბრძოლა და ამ სეზონში უკვე მე-9 ფრე ითამაშა.
ასევე, უნდა აღვნიშნოთ ედენ ბენ ბასატის გოლი, რომელიც მიმდინარე ლიგა 1-ში მე-500 აღმოჩნდა. გარდა ამისა, “ნიცამ” “ვალანსიენს” 5:0 მოუგო – ზღვისპირელებს ასეთი ანგარიშით 1989 წლის მერე არ ჰქონდათ მოგებული.

18
– მოგება 19 ტურის შემდეგ – ასეთი შედეგი აქვს “ბარსელონას”, რაც ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდია. “მალაგასთან” გამართულ შეხვედრაში, რომელიც “ბარსამ” 3:1 მოიგო, თავის გამოჩენა სესკ ფაბრეგასმა შეძლო.

კატალონიაში გადასვლის შემდეგ სესკს 15 გოლი და 17 საგოლე პასი დაუგროვდა. ეს ამ პერიოდში, ნახევარმცველებს შორის, ესპანეთის ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია.

ანდალუსიელებთან გოლი ლეო მესიმაც გაიტანა. არგენტინელს უკვე ზედიზედ ცხრა შეხვედრაში აქვს გატანილი და პრიმერას ყველა დროის რეკორდამდე ერთი მატჩი აშორებს – აქამდე ზედიზედ 10 შეხვედრაში თავის გამოჩენა მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა შეძლო. ორივე ყოფილი “ბარსელონელია”: მარიანო მარტინი (1942/43 წლების სეზონი) და რონალდო (1996/97 წლების სეზონი).

4 – უპასუხო გოლი გაუტანა “ბოლონიამ” “კიევოს” და ამ სეზონში 4-ბურთიანი სხვაობით მეორედ მოიგო. უკანასკნელად ერთ სეზონში ასეთი სხვაობით ორი მატჩის მოგება “როსობლუმ” 50 წლის წინ მოახერხა.

იტალიიდან ასევე უნდა აღვნიშნოთ “სიენას” საკლუბო ანტირეკორდი: ტოსკანელებმა “ტორინოსთან” წააგეს, რაც მათთვის ზედიზედ მე-6 წაგება იყო.

3 – ჩემპიონობა ბოლო 4 წელიწადში – ასეთი შედეგი აქვს პაკისტანის კლუბ KRL-ს (Khan Research Laboratories), რომელმაც სეზონი მხოლოდ ერთი წაგებით დაასრულა, მისი თავდამსხმელი კალე მულა კი 23 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. აღსანიშნავია, რომ KRL-მ ბოლო ტურში PIA-სთან (Pakistan International Airlines) ითამაშა, რომელიც პაკისტანის 9-გზის ჩემპიონია და ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია.

2 – ავტოგოლი და გაფუჭებული პენალტი – ასეთი საშინელი საღამო ჰქონდა ჯონათან უოლტერსს. აქამდე პრემიერლიგის ისტორიაში ერთ შეხვედრაში 2 გოლი საკუთარ კარში მხოლოდ ჯეიმი კარაგერს და დევიდ პროქტორს ჰქონდათ გატანილი, მაგრამ მათ, ამასთან ერთად, იმავე მატჩში პენალტი არ გაუფუჭებიათ.

ირლანდიელი ფეხბურთელის საოცარი უიღბლობის წყალობით, “სტოკმა” “ჩელსისთან” 0:4 წააგო და 1985 წლის შემდეგ საკუთარ მოედანზე ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხდა - მაშინ “სტოკს” სტუმრად, ამავე ანგარიშით, “ლუტონმა” მოუგო. გარდა ამისა, ამ წაგებით დასრულდა “სტოკის” 17-მატჩიანი წაუგებელი საშინაო სერია. ტონი პულისის შეგირდებს “ბრიტანიაზე” თითქმის ერთი წლის განმავლობაში არ ჰქონდათ წაგებული.

უოლტერსმა დიდხანს არ იგლოვა და რამდენიმე დღეში კიდევ ერთი დუბლი შეასრულა, ოღონდ ამჯერად ორივე გოლი მეტოქის კარში გაიტანა, მისმა გუნდმა კი “კრისტალ პალასს” 4:1 მოუგო და ასოციაციის თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული