კვირა ციფრებში: "არსენალის" 28 წელი და ავსტრალიური ორიანები

AutoSharing Option
"არსენალმა" მორიგი ანტირეკორდი დაამყარა. "რომას" და მათ ათიანს კარგი უქმეები ჰქონდათ, ხოლო "ბაიერნის" დაცვა კვლავ საოცრად გამოიყურება...

28 – წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ლონდონის "არსენალი" ორივე თასის გათამაშებას ქვედა დივიზიონის მეტოქესთან უკანასკნელად გამოეთიშა. 1984/85 წლების სეზონში "მეთოფეები", რომლებიც პირველი დივიზიონის ლიდერები იყვნენ, ლიგის თასის მესამე ეტაპზე მეორე დივიზიონის "ოქსფორდ იუნაიტედთან" დამარცხდნენ (2:3). "ოქსფორდელთა" მხრიდან გოლები ჯონ ოლდრიჯმა, ბილი ჰემილტონმა და დეივ ლანგენმა გაიტანეს.

მოგვიანებით "არსენალი" თასის მეოთხე ეტაპზე "იორკ სიტისთან" დამარცხდა. სხვათა შორის, იმ შეხვედრის ერთადერთი გოლი კიტ
ჰოუკენმა
გაიტანა, ფეხბურთელმა, ვინც რამდენიმე წელიწადში, "ქოვენთრიში" თამაშისას, "ტოტენჰემთან" ფინალურ შეხვედრაში შესანიშნავი გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

საკუთარ მოედანზე "არსენალს" თასზე 34-თამაშიანი დაუმარცხებელი სერია ჰქონდა, რომელიც ამ შაბათს შეწყდა – "მეთოფეებმა" "ბლექბერნს" უმასპინძლეს და კოლინ კაზიმ-რიჩარდსის ერთადერთი გოლის გამო მარცხი განიცადეს. არსენ ვენგერის მოღვაწეობის 17-წლიან ეპოქაში "არსენალმა" ქვედა დივიზიონის გუნდთან პირველად წააგო ("ბრედფორდთან" ლიგის თასზე "მეთოფეებმა" პენალტების სერიაში წააგეს).
ამ სეზონში ინგლისის თასის გათამაშებაში ქვედა დივიზიონის ოპონენტთან უკვე 8 პრემიერლიგელმა წააგო.

16 – მატჩის განმავლობაში ვერ ახერხებდა "რომა" "იუვენტუსთან" დაპირისპირებებში კარის მშრალად შენახვას. შაბათს რომაელებმა 1:0 მოიგეს და ბოლო 7 შეხვედრაში პირველი გამარჯვება მოიპოვეს. ტურინელებისთვის კი ეს ბოლო 31 საგარეო შეხვედრაში მხოლოდ მეორე მარცხი იყო. გარდა ამისა, "იუვემ" "სტადიო ოლიმპიკოზე" 2004 წლის შემდეგ პირველად წააგო.

ამ შეხვედრის ერთადერთი გოლი ფრანჩესკო ტოტიმ გაიტანა, რომელსაც "ოლიმპიკოზე" "იუვეს" კარში 2007 წლის შემდეგ არ გაეტანა. სულ კი ტოტი ჯანლუიჯი ბუფონის წინააღმდეგ მე-9 შეხვედრას ატარებდა და ლეგენდარულ კიპერს მე-10 გოლი გაუტანა. ახლა ტოტის სერია "ა"-ში 224 გოლი აქვს გატანილი და ყველა დროის ბომბარდირებში მეორე ადგილზე მყოფ გუნარ ნორდალს მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ პირველ ადგილს სილვიო პიოლა იკავებს, რომლის ანგარიშზეც 274 გოლია.

6 – მეორე ადგილი ბოლო ცხრა სეზონში. ანტიგუა და ბარბუდას გუნდი "ჰუპერსი" ქვეყნის ჩემპიონი არასდროს გამხდარა. სამაგიეროდ, ვიცეჩემპიონობა ბოლო 9 სეზონში 6-ჯერ მოიპოვა. ამ ჩემპიონატში "ჰუპერსს" საქმეები კარგად მისდიოდა და თითქოს დიდი ხნის ნანატრი ტიტულიც უნდა მოეპოვებინა, მაგრამ ბოლო რამდენიმე მატჩის ჩაგდების შემდეგ, ბოლო ტურის წინ, გუნდი მეორე ადგილზე აღმოჩნდა და უკანასკნელ შეხვედრაში, სტუმრად ლიგის ლიდერ "ოლდ როუდთან" მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა. მიუხედავად სტუმართა დიდი უპირატესობისა, მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და "ოლდ როუდმა" ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

4 - საათი: სწორედ ამდენი ხანი არ ჰქონდათ დარტყმული "ბაიერნის" კარში ამ გუნდის ბუნდესლიგელ მეტოქეებს, სანამ ბოლო ტურის შეხვედრაში, 77-ე წუთზე, მანუელ ნოიერი "ვოლფსბურგელმა" დიეგომ არ შეაწუხა. ის მატჩი "ბაიერნმა" 2:0 მოიგო და კარი მშრალად ზედიზედ მეხუთედ შეინახა. 22 ტურის შემდეგ მიუნხენელებს მხოლოდ 7 გოლი აქვთ გაშვებული, მანუელ ნოიერის მშრალი სერია კი 519 წუთამდე გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის რეკორდი ტიმო ჰილდებრანდს ეკუთვნის (884 წუთი გოლის გაშვების გარეშე), რომელიც მეკარემ 2003/04 წლების სეზონში, "შტუტგარტში" თამაშის პერიოდში დაამყარა.

ულამაზესი მაკრეტელა დარტყმით გატანილი გოლის შემდეგ მარიო მანჯუკიჩმა გოლების რაოდენობა 15-მდე გაზარდა და კვლავ წამოეწია შტეფან კისლინგს, რომელთან ერთადაც ხორვატი ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავის ლიდერია. ყოფილმა "ვოლფსბურგელმა" ბოლო 5 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

ასევე, უნდა აღვნიშნოთ "შალკეს" დებიუტანტი მაქს მაიერი, რომელიც ბუნდესლიგის ისტორიაში მეშვიდე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. მაიერმა "მაინცის" წინააღმდეგ 17 წლის და 151 დღის ასაკში ითამაშა და მატჩის 82-ე წუთზე მიშელ ბასტოსს საგოლე გადაცემაც გაუკეთა.

2 – გოლი გამარჯვებული გუნდის სასარგებლოდ. ავსტრალიის ჩემპიონატის ბოლო 8 შეხვედრაში იმ გუნდმა, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა, 2 გოლი გაიტანა. ხუთი შეხვედრა 2:1 დასრულდა, სამი კი 2:0. ერთ-ერთი გამარჯვებული გუნდი ალესანდრო დელ პიეროს "სიდნეი" იყო, რომელმაც "ადელაიდას" 2:1 მოუგო. ახლა "სიდნეის" შინ ზედიზედ 5 მატჩი აქვს მოგებული, რაც ახალი საკლუბო რეკორდია.

"სიდნეი", რომელიც ერთი პერიოდი ბოლო ადგილზე იყო, ახლა მეხუთე პოზიციას იკავებს. ფრენკ ფარინას გუნდს პლეი-ოფში გასვლის საკმაოდ კარში შანსი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კვირის საუკეთესო ფინტები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული