400 - ეს რიცხვი კვირას პარიზში აქტუალური იყო. "მარსელთან" გამართული შეხვედრა სილვენ არმანისთვის ლიგა 1-ში მე-400 აღმოჩნდა, ხოლო დევიდ ბექჰემი, რომელიც იმ შეხვედრაში ცვლილებაზე გამოვიდა, "პარი სენ ჟერმენის" ისტორიაში მე-400 ფეხბურთელი გახდა.
არმანი მოქმედ მოთამაშეებს შორის მესამე ადგილზეა. მასზე მეტი მატჩი ყოფილ თანაგუნდელ და ამჟამად "ბასტიას"
მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში ბურთს უმეტესად "მარსელი" ფლობდა და პარიზელებმა კარში პირველად 63-ე წუთზე დაარტყეს, შეხვედრა მაინც პსჟ-მ მოიგო (2:0). "მარსელმა" ბოლო 14 ურთიერთშეხვედრაში მეტოქის კარში გოლის გატანა პირველად ვერ შეძლო და "პარკ დე პრენსზე" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა.
10 - მოგება ზედიზედ - ასეთი სერია შეუწყდა არაბეთის გაერთიანებული საემიროების ჩემპიონატის ლიდერ "ალ აინს", რომელმაც შინ ბოლო ადგილზე მყოფ "დიბასთან" წააგო. არადა, ამ გუნდთან აქამდე ყველა მატჩი მოგებული ჰქონდა, თანაც მინიმუმ 5-ბურთიანი (!) სხვაობით, სატურნირო ცხრილში კი 33 ქულით უსწრებდა.
სტუმრები ლუის ფერნანდომ დააწინაურა, რითაც "ალ აინის" 317-წუთიანი მშრალი სერია შეწყვიტა. მეორე ტაიმში შესანიშნავად თამაშობდა "დიბას" მეკარე მოჰამად სალემი, რამაც საბოლოოდ ეს დიდი სენსაცია გამოიწვია. "ალ აინმა", ყველა ტურნირზე ერთად, 24-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა, კონკურენტებმა "ალ ჯაზირამ" და "ბანი იასმა" ლიდერთან ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს, ჩემპიონატის დასრულებამდე კი 10 ტური დარჩა.
7 - მოგება ზედიზედ. "ვესტერნ სიდნეი უონდერერსმა" ავსტრალიის ჩემპიონატის ისტორიაში მეორე ყველაზე გრძელი მოგებათა სერია "გამოაცხო" და მეორე ადგილზე მყარად დამკვიდრდა. მეორე პოზიცია გუნდს პლეი ოფში პირდაპირ ნახევარფინალის საგზურს მისცემს, სადაც მოედნის უპირატესობა ექნება და გარდა ამისა, კლუბი 2014 წლის აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება.
"ვესტერნ სიდნეიმ" სადებიუტო სეზონი (გუნდი 2012 წელს არის დაარსებული) ცუდად დაიწყო და პირველ სამ ტურში მხოლოდ ერთი ქულა აიღო, გოლის გატანა კი ვერ მოახერხა. შინჯი ონოს, იუსუფ ჰერსის, ნიკოლას ტოპორ-სტენლის და მარკ ბრიჯის კარგი თამაშის წყალობით, სიდნეელებმა მოუმატეს და უკანასკნელ ტურში "პერთ გლორის" მარკ მოის ერთადერთი გოლის წყალობით სძლიეს. ამ მოგების წყალობით, გუნდი დროებით პირველ ადგილზეც აღმოჩნდა, მაგრამ თავისი მატჩი მოიგო "სენტრალ კოუსტ მარინერსმაც", რომელმაც მაიკლ მაკგლინჩის ჰეთ თრიქის წყალობით "მელბურნ ვიქტორი" გაანადგურა და ლიდერობა დაიბრუნა.
მომდევნო ტურში "ვესტერნ სიდნეი" სწორედ "სენტრალ კოუსტს" ეთამაშება (სტუმრად). ამ მატჩის მოგებით, ტონი პოპოვიჩის შეგირდები არა მარტო პირველ ადგილზე გადავლენ, არამედ "მელბურნ ვიქტორის" მიერ 2006 წელს დამყარებულ რეკორდსაც (ზედიზედ რვა მოგება) გაიმეორებენ.
6 - გოლი საჯარიმოს გარედან. გარეთ ბეილი, ევროპის ხუთი წამყვანი ჩემპიონატის მასშტაბით, ლიონელ მესის შემდეგ მეორე ფეხბურთელი გახდა, ვინც ამდენი გოლის გატანა შეძლო.
უელსელმა ორშაბათს "ვესტ ჰემთან" დუბლი შეასრულა, მეორე გოლი კი 90-ე წუთზე გაიტანა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა. ახლა ბეილს ბოლო 6 შეხვედრაში (ყველა ტურნირზე) 8 გოლი დაუგროვდა.
2013 წელს პრემიერლიგაში მასზე მეტი გოლი (6) არავის გაუტანია. ასევე, ბეილს სტუმრად ჩატარებულ მატჩებში აქვს ყველაზე მეტი გოლი გატანილი (11). შესანიშნავი შედეგია ფეხბურთელისთის, რომელიც ფორვარდი არ გახლავთ.
მიმდინარე სეზონში უელსელის ანგარიშზე 15 ბურთია. მასზე მეტი მხოლოდ რობინ ვან პერსის (19 გოლი) და ლუის სუარესს (18 გოლი) აქვთ გატანილი.
არაფორვარდებს შორის მეორე ადგილს ფრენკ ლამპარდი და სანტი კასორლა იყოფენ (11-11 გოლი). კასორლამ ბოლო ტურში (ასტონ ვილასთან) ასევე დუბლი შეასრულა. ესპანელი, გახდა პირველი ფეხბურთელი ტიერი ანრის შემდეგ (1999/2000 სეზონი), რომელმაც სადებიუტო ჩემპიონატში 10-ზე მეტი გოლი გაიტანა. ასევე, ის არის მეხუთე ესპანელი, ვინც პრემიერლიგის ერთ სეზონში 10 ან მეტი ბურთი შეაგდო. სხვები არიან: ფერნანდო ტორესი, სესკ ფაბრეგასი, მიჩუ და ხუან მატა.
5 - გაშვებული გოლი საკუთარ მოედანზე. აქამდე კოპა ლიბერტადორესის ისტორიაში ასეთი რამ არგენტინულ გუნდს არ დამართვნია. "ატლეტიკო მინეიროს", რომელიც სარანდის "არსენალს" სტუმრობდა, ლიბერტადორესის თასზე ბოლო ხუთი გასვლითი მატჩი წაგებული ჰქონდა.
ანგარიში არგენტინელებმა უკვე მეორე წუთზე (ფურჩი) გახსნეს, მაგრამ პირველი ტაიმი ბრაზილიელებმა 3:2 მოიგეს და "ატლეტიკო" გახდა ტურნირის ისტორიაში პირველი გუნდი, რომელმაც არგენტინულ კლუბს სტუმრად პირველ ტაიმში სამი გოლი გაუტანა.
საბოლოოდ, ბერნარდის შესანიშნავი თამაშის წყალობით, სტუმრებმა 5:2 მოიგეს, რონალდინიომ კი ბოლო წუთებზე პენალტი ვერ გამოიყენა, თორემ ანგარიში უფრო დიდი იქნებოდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: "არსენალის" 28 წელი და ავსტრალიური ორიანები