კონფედერაციათა თასი. ბრაზილია 2013. II ტური: იაპონიის მზე რესიფეში ჩაესვენა

AutoSharing Option
რესიფეს "არენა პერნამბუკოზე" შეკრებილმა 40 000-ზე ოდნავ მეტმა და ტელეეკრანებთან მსხდომმა მილიონობით მაყურებელმა საოცარი მატჩი იხილა, რომელიც ამ კონფედერაციათა თასის მშვენებად იქცა.

იტალიამ და იაპონიამ ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლი, შოუ შემოგვთავაზეს, რომლის მთავარი გმირებიც ფეხბურთელები, რეჟისორები კი იტალიელები - ჩეზარე პრანდელი და ალბერტო ძაკერონი იყვნენ.

ამ წყვილში ფავორიტი, რა თქმა უნდა, იტალიის ნაკრები იყო, მაგრამ იაპონიას რომ კარგი და საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს, ეს მატჩამდეც ვიცოდით, თუმცა ძაკერონის შეგირდებისგან ასეთ კარგ თამაშს მაინც ცოტა თუ ელოდა. "ამომავალი მზის ქვეყნის" წარმომადგენლებმა თავიდანვე
შეუტიეს, რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს და კარგი გარჯის გამო დასაჩუქრდნენ კიდეც - მატია დე შილიომ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც შინჯი ოკაზაკი ჯანლუიჯი ბუფონთან პირისპირ დარჩა.

"იუვეს" მეკარე ბურთთან პირველი კი იყო, მაგრამ ჯიჯიმ ბურთს ფეხი ააცილა და "შტუტგარტის" ფორვარდი წააქცია. არბიტრმა დიეგო აბალმა პენალტი დანიშნა, ბუფონს კი ყვითელი ბარათი აკმარა. 11-მეტრიანი კეისუკე ჰონდამ უზადოდ შეასრულა და ნომინალური სტუმრები დააწინაურა. გოლის შემდეგ იაპონია დაცვაში არ ჩამდგარა, პირიქით, ძაკერონის ბიჭებმა შეუტიეს და 33-ე წუთზე მეორე გოლიც გაიტანეს - თავი შინჯი კაგავამ გამოიჩინა.

იტალიელები დაბნეულები და არეულები იყვნენ. "სკუადრა აძურას" მხსნელად ანდრეა პირლო-დანიელე დე როსის ტანდემი მოევლინა - "იუვეს" ნახევარმცველმა ჯარიმა შეასრულა, დე როსიმ კი თავური დარტყმით იუჯი კავაშიმას შანსი არ დაუტოვა - 1:2.

შეხვედრის მეორე ტაიმი იტალიამ აქტიურად დაიწყო და 2-წუთიან მონაკვეთში ორი გოლიც გაიტანა. ჯერ შეცდა მაია იოშიდა, როდესაც "საუთჰემპტონის" მცველმა ბურთი ემანუელე ჯაკერინის ჩააბარა. ამ უკანასკნელმა საჯარიმოში შეისეირნა და ბალოტელისკენ პასი გააკეთა. "სუპერმარიო" ბურთს ვერ შეეხო, რადგან ჯაკერინის გადაცემა აცუტო უჩიდამ ჩაჭრა, თუმცა ეს იმდენად ცუდად გააკეთა, რომ ბურთი მისი გუნდის კარში აღმოჩნდა.

ამ მომენტიდან წუთზე ოდნავ მეტი იყო გასული, როდესაც სებასტიან ჯოვინკოს დარტყმა მაკოტო ჰასებეს ხელში მოხვდა და აბალმა მატჩში მეორე 11-მეტრიანი დანიშნა. მარიო ბალოტელის პენალტი კარიერის განმავლობაში არ გაუფუჭებია და "მილანის" ფორვარდმა ეს არც ამჯერად გააკეთა. "ბალოს" ზუსტი დარტყმის შემდეგ ანგარიში 3:2 გახდა, გოლის ავტორის კი ამჯერად მაისური აღარ გაუხდია.

წესით, იტალიის ამ გოლის შემდეგ ყველაფერი უნდა დასრულებულიყო, მაგრამ არა, იაპონიამ შეუტია და არა მარტო ანგარიში გაათანაბრა, წინ გასვლაც შეეძლო. 69-ე წუთზე იასუჰიტო ენდოს ჩაწოდებულს ოკაზაკი გამოეხმაურა და თავურით წონასწობა აღადგინა, რამდენიმე წუთში კი იტალია გოლს სასწაულებრივად გადაურჩა - იმავე ოკაზაკიმ ძელს გაარტყა, გადმოვარდნილ ბურთზე კი კაგავამ ითამაშა, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის თავური დარტყმა უკვე ხარიხამ აისხლიტა.

შეხვედრის ბოლო წუთები იაპონელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ გოლი იტალიამ გაიტანა. დე როსიმ მარკიზიოს გადააწოდა, ამ უკანასკნელის პასით კი სებასტიან ჯოვინკომ იხეირა და "სკუადრა აძურა" ისევ წინ გავიდა.

ამის მერე "სამურაებს" გოლი არ ჩაუთვალეს - მაია იოშიდამ თამაშგარე მდგომარეობიდან შეაგდო. საბოლოოდ, იტალიამ ძალიან კი ინერვიულა, მაგრამ ერთბურთიანი უპირატესობა შეინარჩუნა, ჯგუფში მეორე თამაში მოიგო და 1/2-ფინალის საგზური მოიპოვა. ახლა მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონს გადამწყვეტი მატჩი ბრაზილიასთან ელის - ამ წყვილში დამარცხებული (ფრეც ბრაზილიას აძლევს ხელს) მომდევნო ეტაპზე, დიდი ალბათობით, ესპანეთს შეხვდება, ეს კი არავის უნდა სურდეს.

მატჩის შემდეგ
ჩეზარე პრანდელი (იტალია): "ძალიან კარგ შედეგს მივაღწიეთ, რომელიც აშკარად დავიმსახურეთ. დღეს ჩვენ ძალიან დიდი ენერგია დავხარჯეთ და ახლა მნიშვნელოვანია, რომ კარგად დავისვენოთ და ბრაზილიისთვის მზად ვიყოთ. ასეთი შეხვედრის მოგება განსაკუთრებით სასიამოვნოა. ნახევარი საათის შემდეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავით, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა და საბოლოოდ, თამაშში დაბრუნება მოვახერხეთ.

დღევანდელი გამარჯვებით ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ, მაგრამ მომავალში გაცილებით უკეთ ორგანიზებულნ
ი და მეტად მოტივირებულნი უნდა ვიყოთ. მომენტებში კი ვიწვალეთ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად დასრულდა და ჯგუფიდან გასვლა გავინაღდეთ".

ალბერტო ძაკერონი (იაპონია): "ჩვენ რამდენიმე კარგი შანსი გვქონდა და მოგებაც შეგვეძლო. ჩემმა ფეხბურთელებმა თავი ბოლომდე გადადეს და იმაზე მეტი დაიმსახურეს, ვიდრე მიიღეს. ბიჭები, მიუხედავად იმისა, რომ მათი მეტოქე ევრო 2012-ის ფინალისტი იყო, შესანიშნავად თამაშობდნენ. სახლში იმედგაცრუებულები, მაგრამ თავაწეულები დავბრუნდებით".

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი
შინჯი კაგავა (იაპონია)

ამ ტურნირზე პირველად, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დამარცხებული გუნდის მოთამაშე დასახელდა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ძალიან აქტიური იყო და საკუთარი გუნდის ლამის ყველა შეტევაში მონაწილეობდა. 24 წლის ფეხბურთელმა იტალიელთა კარისკენ 4-ჯერ დაარტყა, აქედან სამი კარში წავიდა და ერთ-ერთ მათგანს გოლიც მოჰყვა. ამის გარდა, მიმოხილვაშიც აღვნიშნეთ, რომ 3:3-ზე კაგავას მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მისი თავურის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა.

დამარცხებული გუნდის რიგებიდან ასევე უნდა გამოვყოთ კეისუკე ჰონდა, რომელმაც არაერთი ლამაზი ეპიზოდი შემოგვთავაზა და შინჯი ოკაზაკი, ვინც გოლი გაიტანა და 11-მეტრიანი მოიპოვა.

B ჯგუფი

იტალია-იაპონია 4:3
გოლები: 0:1 ჰონდა (21-პენ), 0:2 კაგავა (33), 1:2 დე როსი (41), 2:2 უჩიდა (50-საკ. კარში), 3:2 ბალოტელი (52-პენ), 3:3 ოკაზაკი (69), 4:3 ჯოვინკო (86)
იტალია (4-3-2-1): ბუფონი - მაჯო (59. აბატე), ბარძალი, კიელინი, დე შილიო - მონტოლივო, პირლო, რე როსი - აკვილანი (30. ჯოვინკო), ჯაკერინი (68. მარკიზიო) - ბალოტელი
იაპონია (4-2-3-1): კავაშიმა - უჩიდა (73. ჰ. საკაი), იოშიდა, კონო, ნაგატომო - ჰასებე (90. კ. ნაკამურა), ენდო - ოკაზაკი, ჰონდა, კაგავა - მაედა (79. ჰავენაარი)
გაფრთხილება: ბუფონი, დე როსი - ჰასებე, კონო
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 12-17 (8-11); ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 40 489

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



თ მ ფ წ ბ ქ
1. ბრაზილია 2 2 0 0 5-0 6
2. იტალია 2 2 0 0 6-4 6
3. მექსიკა 2 0 0 2 1-4 0
4. იაპონია 2 0 0 2 3-7 0

ბომბარდირები: 3 - ოდუამადი (ნიგერია); 2 - ბალოტელი (იტალია), ნეიმარი (ბრაზილია), ჟო (ბრაზილია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია-მექსიკა 2:0 - ნეიმარმა მექსიკა დაძირა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული