იაპონია-მექსიკა 1:2 - მექსიკამ პრესტიჟის მატჩი მოიგო

AutoSharing Option
იაპონიის და მექსიკის არაფრისმომცემ შეხვედრაში გამარჯვება მექსიკელებმა მოიპოვეს და ხოსე მანუელ დე ლა ტორეს ოდნავ ამოსუნთქვის საშუალება მიეცა. შეხვედრის გმირი ხავიერ ერნანდესი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა, მატჩის ბოლო წამებზე კი პენალტი ვერ გაიტანა. "ჩიჩარიტოს" ნაკრებში უკვე 35 გოლი დაუგროვდა.

იაპონელთა მხრიდან ერთადერთი გოლი შინჯი ოკაზაკიმ გაიტანა, რომლისთვისაც ეს ასევე 35-ე სანაკრებო გოლი იყო. "შტუტგარტის" ფორვარდმა თავი 86-ე წუთზე გამოიჩინა და ამომავალი მზის ქვეყნის შვილებს დრო აღარ დარჩათ იმისთვის, რომ წონასწორობა აღედგინათ.

შედარებით უინტერესო პირველი ტაიმის შემდეგ, რომელშიც მხოლოდ ერთი საგოლე
მომენტი შეიქმნა (გუარდადოს დარტყმა ძელს მოხვდა), მეორე ნახევრის დებიუტში მექსიკელებმა უპირატესობა ხელთ იგდეს და "ჩიჩარიტოს" ორი თავურის წყალობით დაწინაურდნენ. ერნანდესმა ჯერ გუარდადოს ჩაწოდებულს მიუჩინა კავაშიმას კარში ადგილი, შემდეგ კი კუთხურიდან იხეირა.

86-ე წუთზე იაპონიის ნაკრების რეკორდსმენის, იასუჰიტო ენდოს, რომელიც ნაკრებში 133-ე მატჩს ატარებდა, ჩაწოდებულს ოკაზაკი გამოეხმაურა და სხვაობა შეამცირა. ამის შემდეგ გოლთან უფრო ახლოს მექსიკელები იყვნენ. ბოლოს კი ხავიერ ერნანდესმა პენალტი ვერ გაიტანა და ჰეთ თრიქი ვერ შეასრულა.

მატჩის შემდეგ
ალბერტო ძაკერონი (იაპონია): "მექსიკელები ფიზიკურად ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდნენ და თამაშსაც აკონტროლებდნენ. ჩვენ იტალიასთან გადავიღალეთ და დღეს ისე კარგად ვეღარ ვითამაშეთ. ამ ტურნირზე ის გამოცდილება შევიძინეთ, რომელიც ძალიან გვჭირდებოდა. ასე რომ, საბოლოო ჯამში, აქ გატარებულ პერიოდს დადებითად ვაფასებ.

ძალიან მსურდა, რომ ქულები აგვეღო, მაგრამ ეს არ გამოგვივიდა. ამის შემდეგ მოვითხოვ, რომ ამხანაგური მატჩები მხოლოდ ტოპ-გუნდებთან ჩავატაროთ, რადგან ასეთ გუნდებთან თამაშებში ჩვენ გუნდი იზრდება"
.

ხოსე მანუელ დე ლა ტორე (მექსიკა): "გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და ლამაზი გოლებიც გაიტანა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდი პროგრესირებას განაგრძობს. ჩვენ ამ ტურნირზე საკუთარი ძალების გამოსაცდელად ჩამოვედით და მიუხედავად იმისა, რომ ორი მატჩი წავაგეთ, ამ გამარჯვების გამო ბრაზილიას კარგი განწყობით ვტოვებთ".

საუკეთესო ფეხბურთელი
ხავიერ ერნანდესი (მექსიკა)
საუკეთესო მოთამაშე, რა თქმა უნდა, დუბლის ავტორი ხავიერ ერნანდესი გახდა. "ჩიჩარიტომ" ეროვნულ გუნდში თავისი 34-ე და 35-ე გოლები გაიტანა და ის მექსიკის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მესამე ადგილზე გადავიდა. ხავიერ ერნანდესის მსგავსად, ასევე 35 ბურთი აქვთ კარლოს ერმოსილიოს და მის მოგვარე ლუის ერნანდესს, წინ კი მხოლოდ კუატემოკ ბლანკო (39 გოლი) და ხარედ ბორხეტი არიან (46 გოლი).

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი მალე საუკეთესო გახდება და მას დიდხანს ვერავინ დაეწევა, რადგან მოქმედი ფეხბურთელებიდან უახლოეს მდევრებს, ჯოვანი დოს სანტოსს და ანდრეს გუარდადოს ეროვნულ ნაკრებში 14-14 გოლი აქვთ გატანილი.

კონფედერაციათა თასი. A ჯგუფი. III ტური
იაპონია-მექსიკა 1:2
გოლები: 0:1 ხ. ერნანდესი (54), 0:2 ხ. ერნანდესი (66), 1:2 ოკაზაკი (86)
იაპონია (4-2-3-1): კავაშიმა - ჰ. საკაი (58. უჩიდა), კურიჰარა, კონო, ნაგატომო (77. კ. ნაკამურა) - ჰოსოგაი, ენდო - ოკაზაკი, ჰონდა, კაგავა - მაედა (65. იოშიდა)
მექსიკა (4-4-2): ოჩოა - მიერი, დ. რეიესი, ე. მორენო, ხ. ტორესი - ჯოვანი დოს სანტოსი (78. ბარერა), ტორადო, სავალა, გუარდადო (71. სალსიდო) - რ. ხიმენესი (90. ხ. აკინო), ხ. ერნანდესი
გამოუყენებელი პენალტი: ხ. ერნანდესი (90. მეკარე)
გაფრთხილება: ჰ. საკაი - ოჩოა
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 7-18 (5-10); ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 52 690

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბრაზილია 3 3 0 0 9-2 9
2. იტალია 3 2 0 1 8-8 6
3. მექსიკა 3 1 0 2 3-5 3
4. იაპონია 3 0 0 3 4-9 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული