მაგალითად, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალი სეზონის ლა ლიგაში ტიტულისთვის ისევ "ბარსელონა" და "რეალი" იბრძოლებენ, გერმანიაში დომინანტი კვლავ მიუნხენის "ბაიერნი" იქნება, ინგლისსა და იტალიაში კი ჩემპიონობისთვის ერთმანეთს ისევ გრანდები შეებრძოლებიან...
თუმცა წარმატება მუდმივი არ არის და ფეხბურთის ისტორიაში ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი არსებობს.
დღეს სწორედ წარსულის იმ გრანდებს გავიხსენებთ, რომლებიც ქვედა დივიზიონებში ასპარეზობენ ან მეტიც, საერთოდ აღარ არსებობენ...
"უონდერერსი" და სხვა ინგლისური გრანდები
ინგლისის ასოციაციის თასი მსოფლიოში დღეს არსებული
ეს კლუბი არც "მანჩესტერ იუნაიტედი", არც "ლივერპული" და არც "არსენალი" იყო; მეტიც, ეს გუნდები მაშინ საერთოდ არ არსებობდნენ. კოლექტივი, რომლის დამარცხებაც ყველას სურდა, ლონდონის "უონდერერსი" გახლდათ.
უკანასკნელ წარმატებას "უონდერერსმა" 1878 წელს მიაღწია, 1887 წელს კი დაიშალა. მიუხედავად ამისა, ამ გუნდის სახელი ინგლისური ფეხბურთის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილად დარჩა, 2009 წელს კი "უონდერერსი" მკვდრეთით აღსდგა. შარშან გუნდმა ასოციაციის თასის პირველი გათამაშების 140 წლისთავისადმი მიძღვნილ მატჩშიც ითამაშა, თუმცა "როიალ ენჯინიირსთან" 1:7 წააგო.
"უონდერერსის" გარდა, კიდევ ბევრი ისეთი კლუბი არსებობს, რომლის წარმატებული პერიოდიც უკვე შორეულ წარსულს მიეკუთვნება. "ჰადერსფილდმა" 1920-იანი წლების დასაწყისში ინგლისის ჩემპიონატი ზედიზედ სამჯერ მოიგო. მსგავსი რამ ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში კიდევ სამმა კლუბმა, "არსენალმა", "ლივერპულმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოახერხა.
დღეს "ჰადერსფილდი" ჩემპიონშიპის ბინადარია, უკანასკნელად უმაღლეს ლიგაში კი ამ გუნდმა 1972 წელს ითამაშა.
ჩემპიონშიპის კიდევ ერთი წევრი "შეფილდ უენსდეი", რომელსაც მაშინ მხოლოდ "უენსდეი" ერქვა, ინგლისის ჩემპიონი ოთხჯერ გახდა, თუმცა უკანასკნელი ტიტული ამ გუნდმა 83 წლის წინ მოიპოვა.
70-იანი წლების ბოლოს "ნოტინგემ ფორესტმა" ჩემპიონთა თასი ზედიზედ ორჯერ მოიგო. ეს გუნდი დღემდე არის ერთადერთი ჩემპიონთა თასის მფლობელი, რომელსაც ეს ტურნირი უფრო მეტჯერ აქვს მოგებული, ვიდრე ეროვნული ჩემპიონატი (ერთხელ, 1978 წელს).
"რომი ერთ დღეში არ აშენებულა, მაგრამ ეს იმიტომ, რომ იქ მე არ მიმუშავია," - განაცხადა ლეგენდარულმა ბრაიან კლაფმა. კლაფის წასვლის შემდეგ "ნოტინგემის" საქმეები უკან წავიდა და დღესდღეობით გუნდი ჩემპიონშიპის რიგითი გუნდია, ბოლოს კი ამ კლუბმა პრემიერლიგაში 1999 წელს ითამაშა.
შოტლანდია
რომანტიკული საფეხბურთო ისტორიის მოყოლა ინგლისიდან ჩრდილოეთით, შოტლანდიაშიც შეუძლიათ. გლაზგოს გუნდი "ქუინზ პარკი", რომელიც დღემდე "ჰემპდენ პარკზე" თამაშობს, შოტლანდიის თასის 10-გზის მფლობელია, რაც "რეინჯერსის" და "სელტიკის" შემდეგ მესამე შედეგი გახლავთ.
უკანასკნელი ტიტული "ქუინზ პარკმა" ზუსტად 120 წლის წინ, 1893 წელს მოიპოვა. იმის გამო, რომ კლუბმა პროფესიონალურ ეპოქაშიც სამოყვარულო სტატუსის შენარჩუნება ისურვა, "ქუინზ პარკის" საქმეები თანდათან უკან წავიდა და კლუბი ნელ-ნელა ქვემოთ დაეშვა.
2012/13 წლების სეზონი გლაზგოს გუნდმა მე-3 დივიზიონში (რიგით მე-4 ლიგა) ჩაატარა, სადაც გამარჯვება გლაზგოს მეორე გუნდმა, "რეინჯერსმა" მოიპოვა. თავად "ქუინზ პარკს" პლეი ოფის საგზური ერგო, თუმცა "ობობები" "პიტერჰედთან" დამარცხდნენ და მომავალ სეზონში კვლავ მესამე დივიზიონში იასპარეზებენ.
მიუხედავად ამისა, გუნდი დღემდე ცნობილია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, ახალგაზრდებთან მუშაობის თვალსაზრისით. "ქუინზ პარკის" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აღზრდილი სერ ალექს ფერგიუსონი გახლავთ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა "ქუინზ პარკზე" შემდეგ რამ თქვა:
"16 წლის ასაკში "ქუინზ პარკში" მოხვედრა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ამ კლუბმა ჩემს ფეხბურთელად და ისეთ ადამიანად ჩამოყალიბებაში, როგორიც ახლა ვარ, ძალიან დიდი როლი ითამაშა".
გერმანული გრანდები და ბელგია
გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კლუბებს, "დინამო დრეზდენს" და "დინამო ბერლინს", 70-80-იან წლებში არაერთი ვარსკვლავი ჰყავთ აღზრდილი, თუმცა ჯამში 18 საჩემპიონო ტიტულის მფლობელ ორ გუნდს გერმანიის გაერთიანების შემდეგ სერიოზული პრობლემები შეექმნა.
ბერლინის "დინამო" დაიშალა, ხოლო დრეზდენის "დინამომ", რომელმაც 1989 წელს უეფას თასის 1/2-ფინალში ითამაშა. წლევანდელ სეზონში, მეორე ბუნდესლიგაში ადგილი მხოლოდ პლეი ოფში, "ოსნაბრიუკის" დამარცხებით შეინარჩუნა.
ბელგიაში ყველაზე ტიტულოვანი გუნდი "ანდერლეხტი" (32-გზის ჩემპიონი) გახლავთ, მეორე ადგილზე კი "ბრიუგეა" (13). ალბათ ფიქრობთ, რომ მესამე პოზიციაზე ლიეჟის "სტანდარდი" უნდა იყოს, მაგრამ არა, მესამე ადგილს "უნიონ სენ-ჟილუაზი" ან უბრალოდ, "უნიონი" იკავებს, რომელიც ბელგიის 11-გზის ჩემპიონი გახლავთ.
კლუბმა 1904-07 წლებში ზედიზედ ოთხი ტიტული მოიგო, 1904-13 წლებში კი 10 ჩემპიონატიდან 6-ში იმარჯვა. 1923 წელს "უნიონი" მეშვიდედ გახდა ჩემპიონი და შემდეგი წარმატება მხოლოდ 30-იანი წლების შუაში მოიპოვა.
იმ გუნდს ბელგიაში "უნიონ-60" შეარქვეს, რადგან კლუბმა ათწლეულის შუაში 60-მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო. მიუხედავად იმისა, რომ სენ-ჟილის გუნდს 1901-1926 წლებში ოთხეულს მიღმა ჩემპიონატი არასდროს დაუსრულებია, ამჟამად "უნიონი" მძიმე დროებას განიცდის - წლევანდელ სეზონში ბელგიის მესამე დივიზიონიდან გავარდნას გუნდი მხოლოდ პლეი ოფში, მესამე ადგილისთვის მატჩში მოპოვებული გამარჯვების წყალობით გადაურჩა.
იტალია და საფრანგეთი
"უნიონისგან" განსხვავებით, გავარდნას ვერ გადაურჩა იტალიური "პრო ვერჩელი". 1908-13 წლებში ჩატარებული 6 ჩემპიონატიდან 5-ის მომგები და ზოგადად, იტალიის 7-გზის ჩემპიონი, რაც "ნაპოლის", "რომას" და "ლაციოს" ტიტულების ჯამს წარმოადგენს, მომავალ სეზონში მესამე დივიზიონში იასპარეზებს, რადგან წელს სერია B-ში ბოლოსწინა, 21-ე ადგილი დაიკავა.
"პრო ვერჩელისგან" განსხვავებით, კიდევ ერთმა ყოფილმა გრანდმა ნაბიჯი წინ გადადგა. საფრანგეთის ორგზის ჩემპიონი, საფეხბურთო კლუბი "სეტი", 1934 წელს გახდა პირველი გუნდი, რომელმაც დუბლის შესრულება შეძლო.
2009 წელს "სეტი" რიგით მე-6 დივიზიონში გავარდა, თუმცა წელს კარგად იასპარეზა და მე-5 ლიგის საგზური მოიპოვა.
კიდევ ერთი გუნდი, რომელიც მომავალ სეზონს მეხუთე დივიზიონში გაატარებს, ჰოლანდიური "HVV დენ ჰააგი" ("ADO დენ ჰააგში" არ აგერიოთ) გახლავთ. ის ჰოლანდიის 10-გზის ჩემპიონია და მხოლოდ დიდ ტრიოს, "აიაქსს", "პსვ ეინდჰოვენს" და "ფეიენოორდს" ჩამორჩება.
"დენ ჰააგი" მეხუთე დივიზიონში მაინც ითამაშებს; აი, საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი კი უკვე აღარ არსებობს - ათენის "გოუდი" 1940 წელს, მეხუთე და უკანასკნელი საჩემპიონო ტიტულის მოპოვებიდან 25 წლის შემდეგ დაიშალა.
აზია და სამხრეთი ამერიკა
ასეთი რამ ევროპაში არ ხდება - ჩინური "დალიან შიდე", ბერძნული "გოუდის" მსგავსად, აღარ არსებობს, არადა 1994-2005 წლებში ამ გუნდმა 8 საჩემპიონო ტიტული მოიპოვა. "დალიანი" ასევე აზიის ჩემპიონთა ლიგის და თასების თასის ფინალში გავიდა, მაგრამ შარშან ფინანსური პრობლემების გამო გუნდმა არსებობა შეწყვიტა.
ლიბანის ჩემპიონატში, 50-იან და 60-იან წლებში, სომხების მიერ დაარსებული ორი გუნდი, „ჰომენტმენი" და "ჰომენმენი" დომინირებდა. ამ გუნდებმა ჯამში 11 საჩემპიონო ტიტული მოიპოვეს, თუმცა 2003/04 წლების სეზონიდან მოყოლებული, უმაღლეს დივიზიონში არც ერთს უთამაშია. "ჰომენტმენი", რომელიც 1970 წლის აზიის ჩემპიონთა თასის მესამეადგილოსანი გახდა, ლიბანის მესამე დივიზიონის წევრია.
ბრაზილიური "გუარანი" 1978 წელს ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ამ წარმატების მთავარი შემოქმედნი კარეკა და ზენონი იყვნენ. 1990-იან წლებში გუნდში ამოროზო, ლუიზაო და ჯალმინია გამოჩნდნენ, მაგრამ "გუარანის" ძველი სიმაღლეებისთვის აღარ მიუღწევია. 2001 წელს გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა, მომავალ სეზონში კი სერია C-ში იასპარეზებს.
"გუარანისა" და სხვა გრანდებისთვის ძველი დიდების დაბრუნება წარმოუდგენლად მოჩანს, თუმცა თავად ეს სტატია ამტკიცებს, რომ ფეხბურთი არც ისეთი პროგნოზირებადია, როგორიც ჩვენ ხანდახან გვგონია...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"