თურქეთი 2013 ციფრებში

AutoSharing Option
საფრანგეთის და ურუგვაის ფინალურ მატჩამდე, რომელიც დღეს გაიმართება, ერთად გადავხედოთ წლევანდელ 20-წლამდელთა მუნდიალზე დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებს და ციფრებს...

149 - გოლი გავიდა 50 შეხვედრაში, რაც საშუალოდ ერთ მატჩში 2,98 გოლს უდრის. მიუხედავად იმისა, რომ წინ კიდევ ორი მატჩია, შედეგიანობის მხრივ, ეს ჩემპიონატი ბოლო ათ წელიწადში მეორე ადგილზეა. 2011 წელს კოლუმბიაში 132 გოლი გავიდა, 2007 წელს კანადაში - 135, 2005 წელს ჰოლანდიაში - 143, ხოლო 2003 წელს ემირატებში - 119. საუკეთესო შედეგი კი 2009 წელს, ეგვიპტეში დაფიქსირდა, როდესაც მონაწილეებმა 167 გოლი
გაიტანეს.

34 - თამაში (50-დან) ან ფრედ, ან ერთბურთიანი სხვაობით დასრულდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ წლევანდელი მუნდიალი ძალიან დაძაბული და თანაბარი იყო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ყველაფერი შედეგიანობაზე არ ასახულა და უგოლო ფრე მთელი ტურნირის მანძილზე მხოლოდ ერთხელ, განა-საბერძნეთის შეხვედრაში დაფიქსირა. 24-გუნდიან ფორმატზე გადასვლის შემდეგ, ეს ახალგაზრდული მუნდიალების რეკორდია.

17 - მოუგებელი მატჩი ზედიზედ 20-წლამდელთა მუნდიალზე არის წარმოუდგენელი და საზარელი ანტირეკორდი, რომლის მფლობელიც არა რომელიმე საშუალო ან სუსტი გუნდი, არამედ ინგლისის ნაკრები გახლავთ. ბრიტანელებს უკვე ხუთი ტურნირია გამარჯვება არ მოუპოვებიათ. უკანასკნელად, 3 ქულა ინგლისის ნაკრებმა 16 წლის წინ, 1997 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მოიპოვა, როდესაც მაიკლ ოუენის ერთადერთი გოლის წყალობით მექსიკას მოუგო.

15 - გოლი აქვს გატანილი საფრანგეთის ნაკრებს, რაც ამ ტურნირზე საუკეთესო შედეგია. ეს 15 ბურთი 8 სხვადასხვა მოთამაშემ გაიტანა. გოლეადორთა ასეთი გადანაწილება ძალიან ჰგავს 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დაფიქსირებულ შედეგს, როდესაც საფრანგეთის ნაკრების რიგებში თავის გამოჩენა 9 ფეხბურთელმა შეძლო.

14 - წელი აზიური გუნდის გარეშე 1/2 ფინალში - აზიელთა ეს უიღბლო სერია ერაყის ნაკრებმა დაასრულა და შესანიშნავად ჩატარებული მატჩების შემდეგ, საუკეთესო ოთხეულში მოხვდა. ჰაკიმ შაკირის კრებული გახდა პირველი გუნდი 20-წლამდელთა მუნდიალების ისტორიაში, რომელმაც პლეი ოფის სამივე ეტაპზე დამატებითი დრო ითამაშა. პირველ ორ შეხვედრაში ერაყელებმა იმარჯვეს, მაგრამ 1/2 ფინალში ურუგვაისთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ. საინტერესია, რომ აქამდე, 11-მეტრიანების სერიაში ფინალისტი უკანასკნელად 1985 წელს გაირკვა, როდესაც ესპანეთმა საბჭოთა კავშირის ნაკრებს 4:3 მოუგო.

5 - გოლი აქვთ გატანილი და ბომბარდირთა დავაში ლიდერობენ პორტუგალიელი ბრუმა, ესპანელი ხესე როდრიგესი და განელი ებენეზერ ასიფუა. ამ ტრიოდან, მონაგარის გაზრდის შანსი მხოლოდ ასიფუას აქვს, რომელიც დღეს მესამე ადგილისთვის გასამართ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ლიდერებზე ერთით ნაკრები გოლი აქვთ გატანილი ფრანგ იაია სანოგოს და ურუგვაელ ნიკოლას ლოპესს, რომლებიც ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან.

4 - კონფედერაციის წარმომადგენელი გავიდა 1/2 ფინალში, რაც ტურნირის ისტორიაში მეხუთედ მოხდა. ასევე, ჯგუფური ეტაპი ოთხმა სამხრეთ ამერიკულმა ნაკრებმა გადალახა და კონმებოლი გახდა ერთადერთი კონფედერაცია, რომლის ყველა წარმომადგენელიც 1/8 ფინალში გავიდა. ამ ოთხეულიდან ტურნირს მხოლოდ ურუგვაი შემორჩა, რომელიც დღეს ეცდება, რომ ისტორიაში მეორე ფინალში პირველი გამარჯვება მოიპოვოს.

აქამდე, გადამწყვეტ შეხვედრაში "სელესტემ" მხოლოდ ერთხელ, 1997 წელს ითამაშა და არგენტინის ნაკრებთან 1:2 წააგო.
აქვე გეტყვით, რომ თუ ურუგვაისთვის ეს ფინალი მეორეა, საფრანგეთი გადამწყვეტ შეხვედრაში პირველად ითამაშებს.

3 - მეოთხედფინალური შეხვედრის გამარჯვებული ან დამატებით დროში, ან პენალტების სერიაში გაირკვა. ბოლო 5 ახალგაზრდული მუნდიალის 20 მეოთხედფინალური მატჩიდან, 90 წუთი გამარჯვებულის გამოსავლენად მხოლოდ 5 შეხვედრაში აღმოჩნდა საკმარისი, თამაშების 75% კი 120 წუთამდე, ზოგჯერ კი პენალტების სერიამდეც გაგრძელდა.

1 - გამარჯვება ფიფას მიერ ორგანიზებული ტურნირის ფინალურ ეტაპზე. სალვადორის ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ამ ქვეყნის ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა და სახლში თავაწეული დაბრუნდა. ისტორიული მატჩი ცენტრალური ამერიკის წარმომადგენლებმა ავსტრალიასთან გამართეს, 20-წლამდელთა მუნდიალებზე პირველი გოლები გაიტანეს და 2:1 მოიგეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჯგუფური ეტაპი დასრულდა: ერაყის სიურპრიზი, ინგლისელთა ფიასკო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული