ესპანური ტრიუმფი ალვარო ნეგრედოს ქუსლურით [VIDEO]

AutoSharing Option
ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი ეკვადორს ესტუმრა და იქაურ ნაკრებს 2:0 მოუგო. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს. ორივე ინგლისში მოასპარეზე ლეგიონერმა გაიტანა - 24-ე წუთზე "მანჩესტერ სიტის" ახალწვეულმა ალვარო ნეგრედომ ეფექტურად, ქუსლით გაიტანა, ხოლო 62-ე წუთზე "არსენალის" ლიდერმა სანტი კასორლამ ანგარიშს წერტილი დაუსვა.

მე-11 წუთზე შეხვედრა დროებით შეწყდა - მაყურებელმა და ფეხბურთელებმა პატივი მიაგეს ეკვადორის ნაკრების ახლახან გარდაცვლილი ფორვარდის, კრისტიან ბენიტესის ხსოვნას, რომელიც მე-11 ნომრით თამაშობდა. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში ბენიტესი 27 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

გუიაკილში განსაკუთრებით ლამაზი პირველი გოლი გამოდგა, მეორეში კი კასორლას შესანიშნავი პასი ბარსელონელმა კრისტიან ტელიომ მიაწოდა. აღსანიშნავია კრისტიანის კარგი თამაში - დებიუტანტი ისე შეერწყა მსოფლიოს ჩემპიონებს, თითქოს სულ მათ გვერდში თამაშობდა. ნაკრებში დებიუტი ჰქონდათ მცველ ინიგო მარტინესსა და ნახევარმცველ კოკესაც. მადრიდის "რეალის" ახალწვეული ისკო კი სათადარიგო იყო.

ალვარო ნეგრედო (ესპანეთი): "დავინახე, ბურთი ისეთი ტრაექტორიით მოფრინავდა, რომ ყველაზე ოპტიმალური ასეთი დარტყმა იქნებოდა. გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიმიღია, უკვე ველოდი, რომ ქუსლით დამერტყა მეტოქის კარში. იმედი მაქვს, რომ ესპანეთის ნაკრებში ადგილს შევინარჩუნებ, ახლა ყველაფერი ჩემს ხელშია".

კრისტიან ტელიო (ესპანეთი): "თამაშის შემდეგ მეტოქეებს მაისურა არ გავუცვალე, რისთვისაც ბოდიში მოვიხადე - ეს მაისურა სიცოცხლის ბოლომდე ჩემთან დარჩება, როგორც სუვენირი".

ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი): "ალვარო ნეგრედო ძალიან კარგი ფეხბურთელია, გოლის ალღოთი. ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია. ჩვენ ბევრს ველით ნეგრედოსგან მომავალში".

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014 და ამხანაგური მატჩები: ირლანდიური ხაფანგი მაესტროსთვის [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული