მსოფლიოს ჩემპიონატი. U-17: საემიროებში ნიჭიერები ერთიანდებიან

AutoSharing Option
17 ოქტომბერს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება.

ეს ტურნირი კარგი საშუალებაა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რომ თავი წარმოაჩინონ და კარიერის უკეთ მოსაწყობად პირველი ნაბიჯები გადადგან.

ყველაფერს თავად ტურნირი გამოაჩენს, მაგრამ ჩვენ მაინც მოგახსენებთ იმ მოთამაშეების შესახებ, ვისაც გაბრწყინების მეტი შანსი აქვს. ზოგადად კი, ეს ისეთი ასაკია, სადაც იმის წინასწარ განსაზღვრა, გაამართლებს თუ არა ფეხბურთელი გაცემულ ავანსებს, საკმაოდ რთულია. არაერთი შემთხვევა გვახსენდება, როდესაც ფეხბურთელი ამ ასაკში უდიდეს იმედებს იძლეოდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო მოლოდინი ვერ გაუმართლებია.

შორს რომ არ წავიდეთ, ამავე
ტურნირის 1991 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ნილ ლემპტი გავიხსენოთ, რომელსაც თვით პელემ საკუთარი მემკვიდრე უწოდა. განელი ფეხბურთელი, რომელიც სუპერვარსკვლავი უნდა გამხდარიყო, "ანდერლეხტსა" და "პსვ ეინდჰოვენში" გატარებული წარმატებული პერიოდის შემდეგ "ასტონ ვილაში" დაიკარგა და იქიდან მოყოლებული, მისი კარიერა დაღმა წავიდა.

არადა, იმ დროს ლემპტი მხოლოდ 20 წლის იყო. ლემპტის ხშირად ახსენებენ მაშინ, როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელებზე არსებულ დიდ ზეწოლაზე საუბრობენ.

არსებობს საპირისპირო მაგალითებიც: 1999 წლის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი ლენდონ დონოვანი გახდა, 2003 წელს საუკეთესო ფეხბურთელის და ბომბარდირის პრიზი სესკ ფაბრეგასმა მიიღო, 2005-ში საუკეთესო მოთამაშედ ანდერსონი დასახელდა, სნაიპერად კი კარლოს ველა მოგვევლინა, 2007-ში ყველას ტონი კროოსმა აჯობა.

წინა ფინალები
1985 ნიგერია-გფრ 2:0
1987 სსრკ-ნიგერია 1:1 პენ. 4:2
1989 საუდის არაბეთი-შოტლანდია 2:2 პენ. 5:4
1991 განა-ესპანეთი 1:0
1993 ნიგერია-განა 2:1
1995 განა-ბრაზილია 3:2
1997 ბრაზილია-განა 2:1
1999 ბრაზილია-ავსტრალია 0:0 პენ. 8:7
2001 საფრანგეთი-ნიგერია 3:0
2003 ბრაზილია-ესპანეთი 1:0
2005 მექსიკა-ბრაზილია 3:0
2007 ნიგერია-ესპანეთი 0:0 პენ. 3:0
2009 შვეიცარია-ნიგერია 1:0
2011 მექსიკა-ურუგვაი 2:0

საინტერესო რეკორდები
* აშშ-ის ნაკრებს წინა 14-ივე ტურნირზე ჰქონდა ნათამაშები და ამ მხრივ ერთადერთი იყო, თუმცა წლევანდელ მუნდიალზე ამერიკელები ვერ მოხვდნენ. ეს ჩემპიონატი ასევე მე-14 იქნება ბრაზილიისთვის, არგენტინა კი მე-12-ედ ითამაშებს.

* მექსიკა არის ერთადერთი ნაკრები, რომელმაც ჩემპიონის ტიტული შინ მოიპოვა (2011 წელს მუნდიალი მექსიკაში გაიმართა).

* 2011 წლის მექსიკის ნაკრები არის ერთადერთი, რომელმაც ყველა, შვიდივე მატჩი მოიგო.

* ბომბარდირების რეკორდი ფრანგ ფლორან სინამა-პონგოლს (2001 წელი) და კოტდივუარელ სულეიმან კულიბალის (2011) ეკუთვნით - ორივემ ტურნირი 9-9 გოლით დაასრულა.

* ერთ ტურნირზე ყველაზე მეტი გოლი გაიტანა გერმანიამ - 24, 2011 წელს.

* კანადელი კილან რობერტსი არის ერთადერთი გოლკიპერი, რომელმაც ფიფას ეგიდით გამართული ტურნირის ფინალურ ეტაპზე გოლი გაიტანა. რობერტსმა 2011 წლის 22 ივნისს, ინგლისთან გამართული მატჩის 87-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა.

ვის დავაკვირდეთ
როგორც აღვნიშნეთ, ამ ასაკში პროგნოზი რთული გასაკეთებელია, მაგრამ ჩვენ იმ მოთამაშეებზე მოგახსენებთ, რომელთაც სახელი უკვე გაითქვეს.

ბრაზილიის ნაკრებში ორი საინტერესო ფორვარდია - გაბრიელი და კენედი. ამ უკანასკნელმა "ფლუმინენსეს" რიგებში რამდენიმე თამაშის ჩატარება უკვე მოასწრო, 17-წლამდელთა კოპა ამერიკაზე კი თავი 6-ჯერ გამოიჩინა. "სანტოსის" წევრი გაბრიელი კი "ლელოს" მკითხველისთვის მეტსახელ გაბიგოლით არის ცნობილი. 17 წლის გაბიგოლმა ბრაზილიის ჩემპიონატში და თასზე უკვე თითო გოლის გატანაც მოასწრო.

"იუვენტუსის" ორი ფეხბურთელი ჰყავს სლოვაკეთის ნაკრებს - მცველი ატილა ვარგა და ნახევარმცველი იაკუბ ჰრომადა. გარდა ამისა, "ტოტენჰემში" ირიცხება ნახევარმცველი ფილიპ ლესნიაკი.

ურუგვაელი ფორვარდი ფრანკო აკოსტა 17-წლამდელთა კოპა ამერიკის საუკეთესო ბომბარდირი (8 გოლით) გახდა, ხოლო იტალიელმა მცველმა ელიო კაპრადოსიმ (რომა) და ნახევარმცველმა მარიო პულიეზემ (ატალანტა) ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერის ტიტული გაინაწილეს.

ხორვატიის ნაკრების ღირსებას იცავს ალენ ჰალილოვიჩი, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ და ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება. ზაგრების "დინამოს" წევრმა უკვე ხორვატიის ეროვნულ ნაკრებშიც კი ითამაშა (3 თამაში, 0 გოლი).

არგენტინის ნაკრების გამორჩეული წევრები არიან: "რივერ პლეიტის" ფორვარდი სებასტიან დრიუსი და "ბოკას" ორი ნახევარმცველი - ლუის ლეშჩუკი და ლეონარდო სუარესი.

თავი ჯერ არ გამოუჩენია, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ნიგერიის ნაკრებში ირიცხება "ჩელსის" წევრი ჰაბიბ მაკანჯულა, რომელიც მხოლოდ 14 წლისაა!
ზემოთ მხოლოდ ის ფეხბურთელები ჩამოვთვალეთ, ვინც (მაკანჯულას გარდა) სახელის მოხვეჭა უკვე მოასწრო, სხვებს კი საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად მშვენიერი შანსი ეძლევათ - წინ ხომ მსოფლიოს ჩემპიონატია...

A ჯგუფი
საემიროები
ჰონდურასი
ბრაზილია
სლოვაკეთი

B ჯგუფი
ურუგვაი
ახალი ზელანდია
კოტ დივუარი
იტალია

C ჯგუფი
ხორვატია
მაროკო
პანამა
უზბეკეთი

D ჯგუფი
ტუნისი
ვენესუელა
რუსეთი
იაპონია

E ჯგუფი
კანადა
ავსტრია
ირანი
არგენტინა

F ჯგუფი
მექსიკა
ნიგერია
ერაყი
შვედეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აფსუს, ავსტრიასთან არ წაგვეგო, დიდი შანსი გვქონდა მოხვედრის.
შაკო
10:46 17-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული