რონალდინიოს ტიტული უნდა

AutoSharing Option
რონალდინიო მოტივირებულია. შესაძლოა, ისე არა, როგორც კარიერის დასაწყისში, მაგრამ მაინც. "რაჯა კასაბლანკასთან" 18 დეკემბრის მატჩის წინ საფეხბურთო თვალსაზრისით ასაკში შესულმა ბრაზილიელმა თავის ფანებს სოციალური ქსელის მეშვეობით მხარდაჭერისკენ მოუწოდა - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და ტიტული უნდა მოვიგოთო. ვისაც "ატლეტიკო მინეიროსა" და რონალდინიოს ბოლოდროინდელი ფეხბურთი არ უნახავს, 18 დეკემბრის მეორე ნახევარფინალს უნდა უყუროს.

"ატლეტიკო მინეირო" ლიბერტადორესის თასის მოქმედი გამარჯვებულია და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თავიდანვე მიუნხენის "ბაიერნის" ერთადერთ სერიოზულ კონკურენტად შეირაცხა, რაც ამ კლუბის სხვა ფეხბურთელებთან ერთად, რონალდინიოს დამსახურებაც
უნდა იყოს.

მართალია, ბრაზილიელი უკვე 33 წლისაა და სამბას სტილის მოხდენილი მოძრაობებიც შეუნელდა, მაგრამ სპექტაკლს ჯერ კიდევ დგამს და საჯარიმო დარტყმებსაც ძველებურად ასრულებს. რაც მთავარია, საკლუბო მუნდიალისთვის რონალდინიო დროულად გამოჯანმრთელდა - გეცოდინებათ, 27 სექტემბრის შემდეგ ტრავმირებული იყო.

გამოჯანმრთელებული მოედანს მაშინვე გოლებით დაუბრუნდა - სალვადორის "ვიტორიასთან" (2:2) რონალდინიომ დუბლი შეასრულა, ორიდან ერთი გოლი კი, რა თქმა უნდა, საჯარიმო დარტყმით შეაგდო.

"მიხარია, რომ დავბრუნდი. ახლა მხოლოდ საკლუბო მუნდიალზე მსურს კონცენტრირება და ძალიან მინდა, რომ ჩვენი კლუბის ქომაგებს მსოფლიოს თასი ვაჩუქო
", - ეს სიტყვებიც "თვითერზე" დაწერა.

თუმცა რონალდინიო მაროკოში მხოლოდ ტიტულისთვის როდი იბრძოლებს. კონტრაქტს ვადა ეწურება, მისი ძმა ასისი კი მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და ოპტიმისტურადაა განწყობილი - ეჭვი არ ეპარება, რომ კლუბის ბოსები რონის ახალ ხელშეკრულებას გაუფორმებენ. თავად რონალდინიო "ატლეტიკო მინეიროში" თავს იდეალურად გრძნობს და ისიც უხარია, რომ მწვრთნელმა კუკამ მარცხენა ფლანგიდან ისევ ცენტრში გადასწია, სადაც რონის თამაში ძალიან უყვარს.

მსოფლიოს 2004 და 2005 წლების საუკეთესო ფეხბურთელის გარდა, "ატლეტიკოში" ვეტერანი მცველი ჟილბერტო სილვა (რონის დარად, ისიც მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონია), ბუნდესლიგიდან ცნობილი ექსვოლფსბურგელი ჟოსუე და ასევე ცნობილი ფეხბურთელები, დიეგო ტარდელი და ჟო თამაშობენ. მთავარი შემოქმედი კი მაინც თვით რონალდინიოა, რომლის მოედანზე ცქერა, შესაძლოა, არა ისეთი, როგორიც საუკეთესო წლებში იყო, მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიპი VS გვარდიოლა - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალის წინ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული