ჩამქრალი ვარსკვლავი: ფეხბურთმა კიდევ ერთი ლეგენდა დაკარგა

AutoSharing Option
71 წლის ასაკში გარდაიცვალა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე - ეუსებიო. ლეგენდარული პორტუგალიელის გარდაცვალების მიზეზი ინფარქტი გახდა.

"შავი პანტერა" 1942 წლის 25 იანვარს მოზამბიკში დაიბადა და თამაშიც იქვე დაიწყო. კარიერის დიდი ნაწილი კი ეუსებიომ ლისაბონის "ბენფიკაში" (1960-75) გაატარა, სადაც ის გუნდის ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ბელა გუტმანმა მიიყვანა.

ლისაბონური გუნდის რიგებში "მეფემ" (ეუსებიოს კიდევ ერთი მეტსახელი) ყველა ტურნირზე 440 მატჩი ჩაატარა და 473 გოლი გაიტანა. 15 სეზონის განმავლობაში, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა "ბენფიკასთან" ერთად პორტუგალიის ჩემპიონის 11 ტიტული მოიპოვა, თასს კი 5-ჯერ დაეუფლა. ჩემპიონატის
საუკეთესო ბომბარდირი ეუსებიო 7-ჯერ (რეკორდი) გახდა, სამჯერ კი ის ჩემპიონთა თასის გოლეადორად მოგვევლინა.

გარდა ამისა, სწორედ მისი დუბლის წყალობით შეძლო 1962 წელს პორტუგალიურმა კლუბმა "რეალის" დამარცხება (5:3) და ჩემპიონთა თასზე ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვება.

1965 წელს ეუსებიომ "ოქროს ბურთი" მოიგო და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ერთი წლის შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიბრწყინა და მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა, მისი პორტუგალია კი მესამე ადგილზე გავიდა, რაც ქვეყნის ისტორიაში დღემდე საუკეთესო შედეგია. 64 შეხვედრაში გატანილი 41 გოლით ეუსებიო დიდი ხნის განმავლობაში პორტუგალიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი იყო, სანამ მას პედრო პაულეტამ და კრიშტიანო რონალდომ (47-47 გოლი) არ გადაასწრეს.

აშშ-სა და მექსიკაში გატარებული ორი წლის შემდეგ ეუსებიო ერთი სეზონით პორტუგალიაში დაბრუნდა, "ბეირა მარში" 12 თამაში ჩაატარა და გუნდს სამი გოლით შეეწია. სულ პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში მის ანგარიშზე 319 გოლია, რაც ფერნანდო პეიროტეოს (1937-50 წლები, 331 გოლი) შემდეგ მეორე შედეგია. კარიერა "შავმა პანტერამ" 1978 წელს, "ნიუ ჯერსი ამერიკანსში" დაასრულა.

ლეგენდის გარდაცვალებას მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. კრიშტიანო რონალდომ, ჟოზე მოურინიომ, ზეპ ბლატერმა, მიშელ პლატინიმ, ლუიშ ფიგუმ, ბობი ჩარლტონმა და კიდევ უამრავმა სხვა ცნობილმა ადამიანმა დიდი მწუხარება გამოთქვა და საკუთარი პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოხატა.

"ოპერაცია წმინდა იანუარიუსი" ალბათ ბევრს გაქვთ ნანახი. "მე შენთვის ეუსებიოს ვიყიდი," - ეუბნება ნინო მანფრედის პერსონაჟი დუდუ წმინდა იანუარიუსს. მანამდე კი "სან პაულოზე" მყოფი ომარ სივორის მეხუთე გოლის გატანას სთხოვს. დღეს ცოცხალი არც ნინო მანფრედია, არც სივორი და აღარც ეუსებიო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული