"ოქროს ბურთის" საინტერესო სტატისტიკა: ჯაბა კანკავას უცნაური არჩევანი

AutoSharing Option
"ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ცნობილი გახდა ის, თუ ვის მისცეს ხმა ეროვნული ნაკრების მწვრთნელებმა და კაპიტნებმა.

საქართველოს ნაკრების დამრიგებელმა თემურ ქეცბაიამ საბოლოო სამეული კი "გამოიცნო", ოღონდ რიგითობა "აერია" - ქეცბაიამ პირველ ადგილზე ფრანკ რიბერი დაასახელა, მეორეზე ლიონელ მესი, მესამეზე კი კრიშტიანო რონალდო.

კანკავა საოცარ ოთხეულში
აი, ჯაბა კანკავას არჩევანმა კი ამჯერადაც გაოცება გამოიწვია - შარშან ეროვნული გუნდის კაპიტანმა პირველ ადგილზე უეინ რუნი დაასახელა, წელს კი მისი სამეული ასე გამოიყურებოდა: ანდრეს ინიესტა, ანდრეა პირლო, ედინსონ კავანი.

სულ "ოქროს ბურთის" წლევანდელ
გამოკითხვაში მონაწილეობა 184 ნაკრების მთავარმა მწვრთნელებმა, ამდენივე ნაკრების კაპიტნებმა და 173-მა ჟურნალისტმა მიიღეს.

აქედან მხოლოდ ოთხი ნაკრების (თავად კანდიდატების ხმები არ იგულისხმება) კაპიტნებმა ვერ "გამოიცნეს" სამეულის ვერც ერთი წევრი. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ კანკავა გახლდათ.

დანარჩენი სამია: ეთიოპიის ნაკრების კაპიტანი გებრეიეს დეგუ დებებე (ჩავი, ანდრეა პირლო, თომას მიულერი); მალტის ნაკრების კაპიტანი ბრიფა როდერიკი (ანდრეს ინიესტა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ფილიპ ლამი) და ბაჰრეინის ნაკრების კაპიტანი ენტონი ჰადსონი (ბასტიან შვაინშტაიგერი, ანდრეა პირლო, მესუთ იოზილი).

იყო სხვა მოულოდნელობებიც. ასე მაგალითად, ბელგიის ნაკრების კაპიტანმა ვენსან კომპანიმ პირველ ადგილზე ფრანკ რიბერი დაასახელა, მომდევნო ორ პოზიციაზე კი თანაგუნდელები, (კლუბში) იაია ტურე და (ნაკრებში) ედენ აზარი გაიყვანა.

ჰონკონგის ნაკრების კაპიტნის, ჩან ვაი ჰოს აზრით, 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი იყო, ხოლო მადაგასკარის ნაკრების კაპიტანმა რანდრიანარისოა ტაჰინას აზრით, გასულ წელს ყველას ტიაგო სილვა სჯობდა. ბრედ ჰანგელანდმა ("ფულჰემი" და ნორვეგია) საუკეთესოდ ბასტიან შვაინშტაიგერი მიიჩნია, რუსლან როტანმა (უკრაინა) კი - ჩავი.

ვის მისცეს ხმა თავად კანდიდატებმა
აქვე საინტერესოა, ვის მისცეს ხმა თავად მთავარმა კანდიდატებმა. ლიონელ მესის სამეული ასეთი იყო: ანდრეს ინიესტა, ჩავი, ნეიმარი;

კრიშტიანო რონალდომ კი პირველ ადგილზე რადამელ ფალკაო გაიყვანა, მეორეზე გარეთ ბეილი, მესამეზე კი მესუთ იოზილი.

საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა უგო ლორისმა პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, ფრანკ რიბერი დაასახელა, მეორეზე მანუელ ნოიერი, 1 ქულა კი გარეთ ბეილისთვის გაიმეტა.

რაც შეეხება მწვრთნელებს: როგორც ჩანს, ტიაგო სილვამ განსაკუთრებით აზიელები მოხიბლა - ჰონკონგის ნაკრების კაპიტნის გარდა, ის საუკეთესოდ ჩინეთის ნაკრების დამრიგებელმა ფუ ბომაც მიიჩნია. იმავე ჰონკონგის მწვრთნელმა კიმ პანგონმა, ისევე, როგორც ტაილანდის დამრიგებელმა ჯატურაპატარაპონგ სურაჩაიმ (!!!!), 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელად რობინ ვან პერსი დაასახელა, ლევანდოვსკიმ კი ვინი შეფერი (იამაიკა) და ნავალკა ადამიც (პოლონეთი) აღაფრთოვანა.

რიბერი - ჟურნალისტების რჩეული
აქვე აღვნიშნოთ, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, გაცილებით ერთსულოვანნი იყვნენ მედიის წარმომადგენლები, რომელთა გამოკითხვაშიც უპირატესობა ფრანკ რიბერის მიენიჭა - ფრანგმა 80 ჟურნალისტისგან პირველი ადგილი დაიმსახურა, იმ დროს, როდესაც გამარჯვებულმა კრიშტიანო რონალდომ მხოლოდ 48 პირველი ადგილი მიიღო, ლიონელ მესიმ კი - 31.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვის მისცეს ხმა თემურ ქეცბაიამ და ჯაბა კანკავამ "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული