1035 - წუთი გავიდა მას შემდეგ, რაც "სელტიკის" მეკარე ფრეიზერ ფორსტერმა შოტლანდიის ჩემპიონატში ბოლო გოლი გაუშვა და ამით ინგლისელმა კარის დარაჯმა ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარა. საინტერესოა, რომ 11-მატჩიანი მშრალი სერიით ფორსტერმა ზუსტად 100 წლის წინანდელი მიღწევა დაამხო - 1913/14 წლების სეზონში "სელტიკის" ლეგენდა ჩარლი შოუმ გოლი მიჯრით 10 მატჩში არ გაუშვა. საფრთხეშია შოუს კიდევ ერთი რეკორდი - 13 მატჩი გაშვებული
ასევე, "ნიუკასლის" ყოფილი მეკარე შოტლანდიის რეკორდის დამხობას ეცდება, რომელიც კრის ვუდს ეკუთვნის და 1 196 წუთს შეადგენს. მომდევნო ნაბიჯი ედვინ ვან დერ სარის შედეგის გამეორება უნდა იყოს - ჰოლანდიელმა კარი მშრალად 1 311 წუთის განმავლობაში შეინახა. მსოფლიოს რეკორდი კი ბრაზილიელ მაზაროპის ეკუთვნის. "ვასკო და გამას" მეკარემ 1977-78 წლებში გოლი 1 816 წუთის განმავლობაში არ გაუშვა.
59 - ტური პირველ ადგილზე - ეს არის ლა ლიგის ყველა დროის რეკორდი, რომელიც "ბარსელონას" "ვალენსიასთან" წაგებამ და "ატლეტიკოს" გამარჯვებამ ისტორიის კუთვნილებად აქცია. "ღამურებმა" კატალონიელებს "ნოუ კამპზე" 3:2 მოუგეს და ამ უკანასკნელის 25-მატჩიანი საშინაო მოგებათა სერია დაასრულეს. "ვალენსია" გახდა პირველი გუნდი მადრიდის "რეალის" შემდეგ (2012 წლის აპრილი), რომელმაც "ბარსას" სტუმრად მოუგო.
დასრულდა კიდევ ერთი სერია - ლიონელ მესიმ, როგორც იქნა, ესპანეთის ჩემპიონატშიც გაიტანა. არგენტინელს გოლი ლა ლიგაში 126 დღის განმავლობაში არ ჰქონდა გატანილი.
კვირას კი "ატლეტიკომ" "სოსიედადს" 4:0 მოუგო და პირველ ადგილზე გადავიდა - პირველად 1995/96 წლების სეზონის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ იმ წელს "როხიბლანკომ" დუბლი შეასრულა, რისი გაკეთების შანსი ამ სეზონშიც აქვს.
3 - გოლი გაიტანა ვესლი სნეიდერმა "ბურსასპორთან" შეხვედრაში და კარიერაში მეორე ჰეთ-თრიქი შეასრულა, მისმა "გალათასარაიმ" კი მეტოქეს 6:0 მოუგო.
კარიერის პირველი ჰეთ-თრიქი სნეიდერმა 7 წლის წინ, 2007 წლის 4 თებერვალს, "აიაქსის" და "ფეიენოორდის" შეხვედრაში შეასრულა, რომელიც ამსტერდამულმა გუნდმა 4:1 მოიგო. 29 წლის ნახევარმცველმა, ვისაც ბოლო შვიდ შეხვედრაში ერთი გოლი ჰქონდა გატანილი, თავი ზურგით გაკეთებული გადაცემითაც გამოიჩინა.
"გალათასარაიმ" კი სეზონის ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. უკანასკნელად ექვსი გოლი სტამბულელებმა 2008 წლის თებერვალში, "მანიასპორის" კარში გაიტანეს (6:3).
3 - წელი, 3 თვე და 61 მატჩი - სწორედ ამდენი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ სიტიმ" უკანასკნელად ვერ შეძლო საკუთარ მოედანზე გოლის გატანა. ეს შთამბეჭდავი სვლა ორშაბათს, ჟოზე მოურინიოს "ჩელსიმ" დაასრულა, რომელმაც "სიტის" 1:0 მოუგო და მანჩესტერელთა 8-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. გარდა ამისა, "ქალაქელებისთვის" ეს მხოლოდ მეორე წაგება იყო ბოლო 22 საშინაო შეხვედრაში.
ასევე, ზეიმის საბაბი ჰქონდათ "სანდერლენდის" გულშემატკივრებს, რომელთა საყვარელმა გუნდმაც ტაინ-უირის დერბიში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ეს კი მართლაც აღსანიშნავი მოვლენაა, რადგან "ნიუკასლის" მიჯრით სამჯერ დამარცხება "შავმა კატებმა" ბოლოს 1923 წელს მოახერხეს. "სანდერლენდმა", შარშანდელის მსგავსად, 3:0 მოიგო და კიდევ ერთი ძველი მიღწევა გაიმეორა: "სენტ ჯეიმს პარკზე" ზედიზედ ორჯერ სამი ან მეტი გოლი "სანდერლენდს" 1919 წლის შემდეგ არ გაეტანა.
2 - უპასუხო გოლი გაუტანა შაბათს "მაინცმა" "ფრაიბურგს" და მორიგი სამი ქულა მიითვალა. მთავარი კი ამ შეხვედრაში იყო ის, რომ ორივე ბურთი კორეელი ფეხბურთელების ანგარიშზე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის წარმომადგენლები ბუნდესლიგაში უკვე წლებია ბრწყინავენ, აქამდე არასდროს მომხდარა, რომ ერთ მატჩში გოლი ორ ან მეტ კორეელ ფეხბურთელს გაეტანოს. შედეგად, პარკი და კოო კორეული ფეხბურთის ისტორიაში შევიდნენ.
რომან ვაიდენფელერმა "ბორუსიას" მაისურით 301-ე მატჩი ჩაატარა, ლარს რიკენს გაუთანაბრდა და დორტმუნდელთა რიგებში ჩატარებული მატჩების მიხედვით, მესამე ადგილზე გადავიდა.
მორიგი რეკორდი დაამყარა მიუნხენის "ბაიერნმა", რომელიც გახდა პირველი გუნდი ბუნდესლიგის ისტორიაში, რომელმაც პირველ 19 ტურში 17 გამარჯვება მოიპოვა. მორიგ ტურში "რეკორდმაისტერმა" ფრანკფურტის "აინტრახტი" გაანადგურა - 5:0.
საკლუბო ანტირეკორდი გაიმეორა "ბუნდესლიგის უკანასკნელმა დინომ" - "ჰამბურგმა". ერთადერთმა გუნდმა, რომელსაც ბუნდესლიგის ყველა გათამაშებაში აქვს მონაწილეობა მიღებული, 40 წლის წინანდელი "მიღწევა" გაიმეორა და ზედიზედ ოთხ შეხვედრაში "შეძლო" სამი ან მეტი გოლის გაშვება. თუ მომდევნო ტურშიც დამარცხდება, ზედიზედ ხუთ წაგებას "გამოაცხობს" - ასეთი რამ კი ამ გუნდს ბოლოს 1970 წელს დაემართა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"