Goal.com-ის "დიდების დარბაზი": ფერენც პუშკაშიც დაფასდა

AutoSharing Option
ინტერნეტსივრცეში პოპულარულმა ვებგვერდმა Goal.com-მა თავის "დიდების დარბაზში" მორიგი ფეხბურთელი შეიყვანა: ზინედინ ზიდანის, დიეგო მარადონასა და პელეს შემდეგ იქ ფერენც პუშკაში მოხვდა.

ლეგენდარული ფეხბურთელი, ფენომენალური გოლეადორი და უაღრესად საინტერესო ცხოვრების მქონე ქარიზმატული უნგრელი.

პუშკაში 1927 წლის 2 აპრილს ბუდაპეშტში დაიბადა და კარიერა ადგილობრივ "ჰონვედში" დაიწყო, სადაც 341 მატჩში 345 გოლი გაიტანა. ამას მადრიდის "რეალი" მოჰყვა, რომელშიც იგი 1958-66 წლებში თამაშობდა. "სამეფო გუნდს" იგი 30 წელს მიახლოებული შეუერთდა და ბევრი ამბობდა, რომ მისი კარიერის საუკეთესო პერიოდი უკვე წარსულში დარჩა. თუმცა პუშკაშმა საუცხოოდ
ითამაშა, ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი 4-ჯერ გახდა, "ოქროს ბურთი" მოიგო და "რეალს" უამრავი ტიტულის მოგებაში დაეხმარა.

"ძალიან ამაყი და ბედნიერი ვიყავი იმით, რომ 40 წლის ასაკამდე მაღალ დონეზე ვითამაშე. არადა, 10 წლით ადრე ბევრმა ჩამომწერა" - ამბობდა პუშკაში.

ის ასევე დიდი სინანულით იხსენებდა ხოლმე 1954 წლის ფინალს, რომელიც ტრავმიანმა ითამაშა და ბოლოს გოლი მაინც გაიტანა, მაგრამ ძალიან საკამათო თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეს. უნგრეთის "დიდი გუნდის" გმირობების ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს ნაკრებში 85 მატჩში 84 გოლი აქვს გატანილი. 4 შეხვედრა ჩაატარა ესპანეთის ნაკრებშიც.

ზოგადად, მისი კარიერა ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს - "უნგრული პერიოდი" და "ესპანური პერიოდი". მოგეხსენებათ, რომ პოლიტიკური მდგომარეობის გამო იგი სამშობლოდან გაიქცა.

ფერენც პუშკაში: "მე სხვადასხვა იდეით ზედმეტად შეპყრობილი არასდროს ვყოფილვარ და პოლიტიკა არ მაინტერესებდა. ვარჯიში, თამაში და ჩემს ბედნიერ ოჯახთან ერთად ცხოვრება იყო ის, რაც მინდოდა".

მის აღიარებებზე, ჯილდოებსა და ტიტულებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. უბრალოდ, აღვნიშნოთ, რომ "ლ’ეკიპმა" მე-20 საუკუნის საუკეთესო ევროპელ ფეხბურთელად დაასახელა, უნგრეთში მისი სახელობის სტადიონია, ხოლო ფიფას წლის საუკეთესო გოლისთვის განკუთვნილი ჯილდო მისი სახელობისაა. ფერენც პუშკაში 2006 წლის 17 ნოემბერს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საიტმა "დიდების დარბაზი" წლეულს პირველად შემოიღო. ექსპერტებმა მთელი მსოფლიოდან 15 ლეგენდარული ფეხბურთელი შეარჩიეს, რომელთაგანაც 100 ათასზე მეტმა მკითხველმა "დიდების დარბაზში" 5 დაასახელა. საიტი "დიდების დარბაზის" ბოლო წევრს პარასკევს წარადგენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული