ავრამ გრანტის გარანტია განას აფრიკის ერთა თასზე

AutoSharing Option
ავრამ გრანტი საფეხბურთო სამყაროში ფართო მასებმა მაშინ გაიცნეს, როდესაც ლონდონის "ჩელსის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

ებრაელი სპეციალისტი, რომელიც 6 თებერვალს 60 წლის გახდება, ამჟამად განას ნაკრების მთავარ მწვრთნელად გვევლინება. იგი ამ პოსტზე ნოემბერში დანიშნეს.

გრანტმა "შავი ვარსკვლავები" აფრიკის ეროვნებათა თასზე წარმატებით უნდა გამოიყვანოს. "შავი კონტინენტის" პირველობა სტარტს ეკვატორულ გვინეაში 17 იანვარს აიღებს.

- თქვენ დაგევალათ, რომ განა წარმატებულად ათამაშოთ აფრიკის თასზე. შეუძლია ამ ნაკრებს ახლა კარგი შედეგების ჩვენება?
- ყველაზე ბედნიერი მე ვიქნები, როდესაც
ჩვენ გოლებს გავიტანთ და მატჩებს მოვიგებთ და ასეთივე დამწუხრებული ვიქნები, როცა გოლებს გავუშვებთ და წავაგებთ. თუმცა გვინდა, რომ ეკვატორულ გვინეაში წარმატებულად ვითამაშოთ. ხოლო მე, როგორც მწვრთნელს, მევალება, რომ მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყო ბოლო მომენტამდე.

- ჯგუფში თქვენი კონკურენტები სამხრეთი აფრიკა, სენეგალი და ალჟირი არიან. რას გვეტყვით მათზე?
- ჩვენ ყველა მატჩის მოგება გვინდა, მაგრამ სიტუაციის მიხედვითაც უნდა ვიმოქმედოთ. ალჟირი აფრიკაში ამ წუთას ყველაზე რეიტინგული გუნდია, რომელმაც ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატზე კონტინენტი საუკეთესოდ წარმოაჩინა. სამხრეთ აფრიკამ ბოლო დროს მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ნიგერია ჩამოიშორა, ტიტულის დაცვის შანსი მოუსპო. სენეგალიც ძალიან კარგი გუნდია, რომელთანაც რთული იქნება. ზოგადად, ჯგუფურ ეტაპზე ადვილი მატჩები არ არსებობს, მაგრამ ჩვენსას შევეცდებით.

- პოსტზე არც ისე დიდი ხანია, რაც დაინიშნეთ. საკმარისია ეს დრო ნაკრების ბოლომდე მოსამზადებლად? იმ ფეხბურთელებისთვის თუ აპირებთ შანსის მიცემას, რომლებიც ბოლო პერიოდში ნაკრებში ვეღარ ხვდებოდნენ?
- განელი ფეხბურთელების თამაშს თვალყურს ვადევნებ, არამარტო იმ ფეხბურთელებისა, რომლებთან ერთადაც მუშაობა უკვე გადაწყვეტილი მაქვს. ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა, უბრალოდ, ყველა მსურველმა უნდა დაამტკიცოს, რომ მზად არის, ნაკრებისთვის ყველაფერი გაიღოს და გარკვეულ მსხვერპლზე წავიდეს.

მოკლე დროში ნაკრების ბოლომდე მომზადება თითქმის შეუძლებელი ჩანს, მაგრამ ჩვენ დაახლოებით ორი თვეა, ერთად ვართ და ეს სულ არაფერს სჯობს. ის, რისი გარანტიაც შემიძლია დანამდვილებით მოგცეთ, არის, რომ ჩვენ ყოველთვის მოსაგებად გავალთ მინდორზე, გამარჯვებისთვის ვიქნებით განწყობილნი.

დავეყრდნობი მოთამაშეებს, რომლებსაც ძლიერი მენტალიტეტი ექნებათ და მინდორზე ბოლომდე დაიხარჯებიან. სწორედ ეს მინდა, რომ დავინახო ფეხბურთელებისგან.

- ადგილობრივ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს თუ ექნებათ ნაკრებში მოხვედრის შანსი?
- მე განაში ვიქნები და ადგილობრივ ჩემპიონატს კარგად დავაკვირდები. ძალიან მაინტერესებს იქაური ფეხბურთელების ხილვა, რასაც გავაკეთებ კიდეც და ისინი, ვინც შანსს დაიმსახურებენ, მიიღებენ კიდეც მას. ყველა იმ მოთამაშის ხილვა ძალიან გამახარებს, რომელსაც, ჩემი აზრით, ნაკრების დახმარება შეეძლება.

ასევე, მსურს, ზოგადად, განას ფეხბურთის განვითარებას შევუწყო ხელი.

- რას ეძებეთ ფეხბურთელში და როგორი მოთამაშეების ძიებაში ხართ?
- ჩემი აზრით, გუნდი ყოველთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე ინდივიდუალისტი. ასე რომ, თუ ვინმეს ექნება იმის ინდივიდუალური ხარისხი, რომ ნაკრები გააუმჯობესოს და ნაკრებისთვის მსხვერპლზე წავიდეს და ის გააკეთოს, რაც გუნდს დასჭირდება, მისთვის კარები ღიაა.

მე მჯერა კარგი ფეხბურთის, რომელიც კარგ ტექნიკას მოითხოვს, მაგრამ ბალანსი ყოველთვის საჭიროა. ჩემი ფილოსოფია შეტევისა და თავდაცვის სინთეზია, სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია.

- თქვენ გაქვთ ისეთი მწვრთნელის რეპუტაცია, რომელიც დიდი ხნით არსად ჩერდება. ისურვებდით, რომ უფრო დიდხანს გაჩერდეთ პოსტზე?
- აქ ორი წელი და სამი თვე ვიქნები. იმედია, ყველანი ბედნიერები და კმაყოფილები ვიქნებით. კიდევ უფრო დიდი ხნითაც სიამოვნებით გავჩერდებოდი, მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატამდე, თუნდაც კიდევ 20 წელი, მაგრამ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გვენდომება ერთმანეთთან თანამშრომლობის გაგრძელება და რა შედეგებს მივაღწევთ იქამდე.

დიდი ხნით სადმე გაჩერება ყოველთვის მსურდა და მომავალშიც სიამოვნებით ვისურვებდი. თუმცა ახლა ამ ყველაფერზე ლაპარაკი ცოტა ადრეა. ამჟამად მთავარია, ფეხბურთელები მაქსიმალურად კარგად და ახლოს გავიცნო.

- ზოგჯერ აფრიკის კონტინენტზე გადაადგილებისთვის ვიზის აღება ძალიან რთულია. რას ფიქრობთ, როგორც ისრაელის მოქალაქეს, ამ მხრივ პრობლემები ხომ არ შეგექმნებათ?
- ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ და ვერც წარმოვიდგენ. ჩემი პასპორტი წესრიგშია და გარდა ამისა, მე საფეხბურთო პერსონა ვარ, ფეხბურთი კი საერთაშორისო ენაა და ეს მთავარია. ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მათ შორის, ისეთებშიც, რომლებზედაც მეუბნებოდნენ, რომ ვერ წავიდოდი. ვფიქრობ, ამჯერადაც არანაირი წინაღობა არ შემხვდება და იმედია, ფეხბურთი ყველაფერზე მაღლა დადგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული