მარკ ვილმოტსი - "წითელი ეშმაკების" ბელადი

AutoSharing Option
ბელგიის ნაკრებმა 2014 წლის მუნდიალზე დაადასტურა, რომ ამ გუნდისადმი სიმპათიები ბევრს ტყუილად არ გაუჩნდა. ახლა კი ველოდებით, თუ როგორ ითამაშებენ "წითელი ეშმაკები" ევრო 2016-ზე,

მაგრამ ბელგიელთა მთავარი მწვრთნელი მარკ ვილმოტსი გვაფრთხილებს, რომ იქამდე ჯერ მისვლაა საჭიროო... იგი ასევე იხსენებს შარშანდელ მუნდიალს და თავის მოსაზრებებს გვიზიარებს წლის საუკეთესო ფეხბურთელსა და მწვრთნელზე.

- ვინ არის 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელი?
- მე ხმა არიენ რობენს, მანუელ ნოიერსა და ტიბო კურტუას მივეცი. ასე რომ, ჩემთვის საუკეთესო ნოიერია. იგი სრულყოფილი გოლკიპერია, ამ წუთისთვის მსოლიოს საუკეთესო.
მას ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, თითქმის ყველაფერი მოიგო და მუდამ პროგრესირებს. იგი ბურთის პირველი დისტრიბუტორია თავისი გუნდისთვის და მართლაც ყველაზე თანამედროვე მეკარეა. მან მოიგო "ბაიერნთან" ერთად და გერმანიას მსოფლიოს ჩემპიონობაში დაეხმარა. ვფიქრობ, მოვიდა დრო, დავაჯილდოვოთ მოთამაშე, რომელიც გოლების გატანას უშლის ხელს და არა ტრადიციულად ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც გოლები გააქვს.

- თავად შემტევი ფეხბურთელი იყავით და ნუთუ აღფრთოვანებაში არ მოჰყავხართ კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის თამაშს?
- დიახ, რა თქმა უნდა. რონალდო ერთ-ერთი უდიდესი პროფესიონალია, რომელსაც ყოველ სეზონში 40 გოლი გააქვს. თუმცა "პრობლემა" იმაშია, რომ ეს უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა და ამას მივეჩვიეთ. მესის უფრო რთული წელი ჰქონდა, ტრავმებმა შეუშალეს ხელი, მაგრამ მუნდიალის ფინალში მაინც გააღწია. სალაპარაკო აქ არც არაფერია და მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ ორივე დიდებული ფეხბურთელა, ისინი სტაბილურად აჩვენებენ კარგ თამაშს, თანაც ისინი ჯერ ახალგაზრდები არიან. უკვე წლებია, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს დუეტი სხვა პლანეტიდანაა. თუმცა ამის მიუხედავად, მანუელ ნოიერს არანაკლებ შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს.

- როდესაც ფეხბურთელი იყავით, რომელმა მოთამაშემ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება თქვენზე?
- რონალდომ, ბრაზილიელმა. ფენომენი, კრიშტიანო რონალდო და მესი ერთი კალიბრისანი არიან. იგი გოლების მანქანა გახლდათ, ტექნიკასთან და სისწრაფესთან სინთეზში. სამწუხაროა, რომ ტრავმებმა ხელი შეუშალეს და კიდევ უფრო მეტი ვერ გვიჩვენა.

აი, რონალდოსა და მესის აღფრთოვანებაში იმიტომაც მოვყავართ, რომ სერიოზულ ტრავმებს ფაქტობრივად არ იღებენ. ეს უბრალოდ იღბლის დამსახურება არ არის, ისინი ბევრს მუშაობენ და ბრწყინვალე სპორტსმენები არიან. ისინი ნამდვილი პროფესიონალები, ათლეტები არიან, რომლებიც მუდამ მუშაობენ საკუთარ თავზე როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად და საკუთარ ტალანტს იყენებენ. სწორედ ამიტომაც ჩაეწერებიან გამორჩეულად ფეხბურთის ისტორიაში.

- ედენ აზარმა თქვა, რომ იგივე დონეზე უნდა ასვლა. ამაზე რა აზრის ხართ?
- მისი პროგრესი აშკარაა და ძალიან ნიჭიერია. იმედი მაქვს, ამ დონეზე მართლაც ავა. ის უფრო ცივსისხლიანი უნდა გახდეს და დამაგვირგვინებელ ფაზაში მოუმატოს. მან "ლილში" ყოფნისას გვიჩვენა, რომ სეზონში 20 და მეტი გოლის გატანა შეუძლია და ეს "ჩელსიშიც" უნდა მოახერხოს, ასევე გადამწყვეტ და რთულ მომენტებში უნდა გამოიჩინოს ხოლმე თავი. თუმცა ბევრი რამ გუნდის სათამაშო სტილზე და ფილოსოფიაზეც არის დამოკიდებული. ედენი ჯერ ახალგაზრდაა, ის 23 წლისაა და ბევრი რამ აქვს წინ. ის, რომ ამბიციურია, ძალიან კარგია. იმედია, ამ ყველაფერს სწორად გამოიყენებს. წარმატებებს ვუსურვებ.

- თქვენ ამჟამინდელ კოლეგებზე რას გვეტყვით? ვინ იმსახურებს თქვენიაზრით წლის მწვრთნელობას - კარლო ანჩელოტი, იოაჰიმ ლიოვი თუ დიეგო სიმეონე?
- პერსონალურად მე, დიეგო სიმეონე ძალიან მომწონს. როდესაც უყურებ იმ შემადგენლობას რომელიც მას ჰყავს, ფაქტია, რომ ის კლუბის პოტენციალს მაქსიმალურად იყენებს. სიმეონემ ძალიან დაბალანსებული, რთულად დასამარცხებელი და დაცვაში მაქსიმალურად ორგანიზებული გუნდი შეკრა. ასევე სასურველი, საჭირო ფეხბურთელების პოვნის შესანიშნავი ინსტინქტი აქვს.

მაგალითად, თავდასხმას თუ ავიღებთ, ამ გუნდს ფალკაო და დიეგო კოშტა ჰყავდა, რომელებსაც შეუძლიათ მატჩის ბედის გადაწყვეტა. სიმეონემ ისეთ წარმატებებს მიაღწია,რომლებსაც არავინ ელოდა და ვერავინ წარმოიდგენდა. იგი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და კინაღამ მოიგო, ხოლო ლა ლიგაში ჩემპიონი გახდა. თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ მან მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას" აჯობა. დიეგოს მართლაც ექსტრაორდინალური წელი ჰქონდა, ისევე, როგორც მთლიანად ბოლო 2-3 წელი. მისი სტაბილურობა პატივსაცემია.

- წლის საუკეთესო გოლად რომელს მიიჩნევთ?
- მე ჯეიმს როდრიგესის გოლს ვირჩევ. იგი კართან ზურგით იდგა და ყველაზე მეტად ის ინსტინქტი მაოცებს, რომელიც ამ მოთამაშეს აქვს, როდესაც ბურთს იღებს. მან გადაწყვეტილება მომენტალურად მიიღო და იდეალურად შეასრულა. ამ ეპიზოდში ყველა კომპონენტი სრულყოფილი გახლდათ და თანაც ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე შეძლო. დიდი ფეხბურთელები სწორედ ამით გამოირჩევიან, გადაწყვეტილებას სხარტად იღებენ და კარგადაც ასრულებენ. მას ნამდვილად აქვს ის თვისებები, რომლის წყალობითაც შეუძლია მართლაც დიდი მოთამაშე დადგეს.

- ყველაზე მეტად რა გესიამოვნათ 2014 წელს?
- ჩვენი შემართება და თამაში მსოფლიოს ჩემპიონატზე. არასდროს არის ადვილი წახვიდე სადმე 50-55 ადამიანთან ერთად. თუმცა ნაკრებში შესანიშნავი ატმოსფერო იყო. მოსამზადებელი პერიოდი კარგად ჩავატარეთ, სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ და ამის მერე, პრობლემა აღარ ყოფილა. ვფიქრობ, ბელგია ღირსეულად წარმოვაჩინეთ. ჩვენ ზედიზედ 4 მატჩი მოვიგეთ, რაც ნაკრებს აქამდე არ გაეკეთებინა.

მეოთხედფინალში გავედით, სადაც არგენტინასთან დავმარცხდით, არადა მეტოქეს რეალურად შანსები არ შევაქმნევინეთ. გული დაგვწყდა, რადგან უფრო შორს შეგვეძლო წასვლა. ბელგია საფეხბურთო რუკაზე დავაბრუნეთ და თან მუნდიალზე ყველაზე ახალგაზრდული ნაკრებით შევძელით ამის გაკეთება. ვფიქრობ, ჩემმა ბიჭებმა დიდი გამოცდილება მიიღოს, რაც სამომავლოდ გამოგვადგება.

მთლიანობაში ორი ბრწყინვალე წელი ჩავატარეთ და გავიარეთ გზა რეიტინგში 55-ე ადგილიდან მე-4 ადგილამდე. ნაკრები ისევ ფეხზე წამოდგა და რაც მთავარია, გულშემატკივრების გულები კვლავაც მოვიგეთ.

- მწვრთნელის ცხოვრება ძალიან დატვირთული და დაძაბულია მსოფლიო ჩემპიონატის დროს. მუნდიალის დასრულების მერე, ჩვეულ რეჟიმზე გადართვა რთული ხომ არ იყო?
- არა, არანაირად. ეს ჩემი მე-5 მუნდიალი გახლდათ, წინა ოთხზე ფეხბურთელის რანგში ვყოფილვარ, ასევე კომენტატორის. ასე რომ, მსოფლიოს ჩემპიონატს შიგნიდანაც ვიცნობ და გარედანაც. ვისწავლე,როგორ უნდა მიუდგე საქმეს და შეადგინო გეგმა. არის ფეხბურთზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც და მაგალითად, ტურნირის დასრულების მერე, შენს ოჯახთან ერთად შეგიძლია გაატარო დრო და დაიმუხტო.

მწვრთნელებისთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც ყველაზე რთული ამის შემდეგ, ისევ ყოველდღიურ მუშაობაზე გადართვაა. როდესაც ბრაზილიიდან დავბრუნდი, პირდაპირ ბორდოში წავედი, რადგან კარგი საბაზო ადგილი მეპოვნა ევრო 2016-ისთვის. წინ ყურებაა საჭირო, ცხოვრება არ ჩერდება და კვლავ შემართულები ვართ, ყველა დეტალისთვის საჭიროა ყურადღების მიქცევა, რადგან შემდეგ წარმატებების მიაღწევის შანსი გქონდეს.

- ახლა ურთულესი და მთავარი გამოწვევა, თქვენს წარმატებებზე დაშენებაა?
- ამის გაკეთება ყოველთვის გიწევს, მაგრამ ეს ყველაფერი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული - რამდენიმე ფეხბურთელმა შეიძლება ტრავმა მიიღოს ან ფორმიდან ამოვარდეს და ასე შემდეგ. ჩვენ არ გვაქვს დიდი ბაზა და 70-80 მოთამაშეს შორის არ ვირჩევთ, საუბარი უფრო 30-35 ფეხბურთელზეა. რამდენიმე კარგი მოთამაშე 21-წლამდელთა ნაკრებშიც არის და ვცდილობთ, მათი ინტეგრაცია მოვახდინოთ ძირითად გუნდში.

ასეა თუ ისე, უნდა ვიბრძოლოთ ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, ეს რომ ადვილი არ არის იმითაც დასტურდება, რომ 30 წელიწადზე მეტია, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ ორჯერ არ გავსულვართ და ფინალურ ეტაპზე გავლა გვიჭირს ხოლმე. უშუალოდ ტურნირის მსვლელობის დროსაც, ყველაფერი წამებში შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, მომავალი მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია შეიძლებოდა ალჟირთან გამოვარდნილიყო, ალჟირელებს სამი შანსი ჰქონდათ. რასაკვირველია, ჩვენი მიზანი ევრო 2016-ზე მოხვედრა და მერე იქ კარგი თამაშია. თუ მსოფლიოზე მეოთხედფინალში გავედით, ევროზე ნახევარფინალი იგივე დონის წარმატება იქნება. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

- შემადგენლობაში იმდენი ნიჭიერი ფეხბურთელი გყავთ, რომ ეს ალბათ საქმეს უნდა გიადვილებდეთ, მაგრამ ხანდახან პირიქით პრობლემა ხომ არ არის?
- რაღაც გვავიწყდება. შეხედეთ როგორი ფეხბურთელები ჰყავთ გერმანიას, ესპანეთს, იტალიას ან საფრანგეთს - მათ არანირი მიზეზი არ აქვთ, რომ ჩვენი შურდეთ, რადგან უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავთ. ასევე არაერთი ნაკრებია, რომელსაც ბევრი ტალანტი ჰყავს. საბოლოოდ, ყველაფერი შემართებამდე, თავდადებამდე და მუშაობამდე მიდის.

ძალიან უნდა მოინდომო და ბევრი იბრძოლო, გუნდური სულიც უმნიშვნელოვანესია. მომეცით 11 ნიჭიერი ფეხბურთელი და წარმატებას ვერ მივაღწევთ, ხოლო 11 კარგად ორგანიზებული მოთამაშითა და ასევე მზადყოფნაში მომლოდინე სათადარიგოებით წარმატების დიდი შანსი იქნება. ყველა ფეხბურთელი ერთი სულისკვეთებით უნდა იყოს, ხოლო თუ მოთამაშე მხოლოდ საკუთარ თავზე და თავის ტალანტზე ფიქრობს... ნიჭი ყველაფერი არ არის, მხოლოდ ეს არ კმარა. ყოველმხრივ პროფესიონალი უნდა იყო. საჭიროა გამოცდილებაც, რომელიც დროსთან ერთად მოდის და ამ თაობას კიდევ 7-8 წელი აქვს მის დასაგროვებლად.

- როგორ განვითარდა ბელგიის ნაკრები?
- ჩვენ ყველაფერი თავიდან დავიწყეთ და დაცვაზე ვიმუშავეთ, ის უფრო სოლიდური გავხადეთ, რამაც შემტევი ფეხბურთის თამაშის საშუალება მოგვცა, რადგან ცოტა გოლს ვუშვებთ და მეტოქეებს ჩვენი კარის აღება უჭირთ, რის გამოც მათ ჩვენთან თამაშის სტილი შეცვალეს, უფრო იკეტებიან ხოლმე და კონტრიერიშებით ცდილობენ ფონს გასვლას, ხოლო ჩვენ ვდომინირებთ. ნაკრების ფილოსოფია შეიცვალა, პირველ ნომრად ვთამაშობთ და თავდაჯერებულები ვართ.

დოსიე
მარკ რობერტ ვილმოტსი
დაიბადა: 1969 წ. დონგელბერგი (ბელგია)
საფეხბურთო კარიერა: 1985-88 - სენტ-ტრუიდენი; 1988-91 - მეხელენი; 1991-96 - სტანდარდი; 1996-2000 - შალკე; 2000-01 - ბორდო; 2001-03 - შალკე.
ბელგიის ნაკრები: 70 თამაში, 28 გოლი
სამწვრთნელო კარიერა: 2003 - შალკე (დროებითი თავკაცი); 2004-05 - სენტ-ტრუიდენი; 2009-12 - ბელგიის ნაკრები (ასისტენტი); 2012-დან - ბელგიის ნაკრები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული