ედენ აზარი - ბელგიური ფეხბურთის მარგალიტი

AutoSharing Option
"ჩელსისა" და ბელგიის ნაკრების გარემარბი ედენ აზარი სამართლიანად ითვლება მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ უპირველეს ვარსკვლავად.

მისი პროგრესი გრძელდება - უახლოეს მომავალში ედენი კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს და უკვე უპირველეს ჯილდოებზე განაცხადოს პრეტენზია...

ედენ აზარმა დიდი ფეხბურთის კარი "ტუბიცეში" შეაღო. 2003 წელს ის 12 წლის იყო, როცა ამ გუნდში მივიდა. იქ დიდხანს არ გაჩერებულა - აზარის დიდებული ტექნიკური მონაცემები უმალ შენიშნეს ტრადიციულ ფრანგულ კლუბ "ლილში".

სხვათა შორის, აზარების მთელი ოჯახი ფეხბურთითაა დაკავებული. ედენის ძმებს რომ თავი დავანებოთ, მამამისიც პროფესიონალი ფეხბურთელი იყო. ის
სხვადასხვა ბელგიური კლუბების ღირსებას იცავდა.

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბურთთან ერთად დავიბადე. ჩვენს ოჯახში ყოველი დღე ბურთთან ერთად იწყება და მთავრდება. ოჯახი და ფეხბურთი - ესაა ჩემი ცხოვრების ორი მთავარი კრედო", - ამბობს ედენი.

აზარმა ორი წელი გაატარა "ლილის" საკლუბო აკადემიაში, მერე კი მთავარ გუნდში გადავიდა და მოკლე ხანში მის ლიდერადაც იქცა. სულ ედენმა "ლილში" 147 მატჩი ჩაატარა და 36 გოლი გაიტანა.

ბელგიელი ვარსკვლავი ძალიან ემადლიერება "ლილის" ყოფილ და "რომას" ახლანდელ დამრიგებელ რუდი გარსიას.

"მან წარმოუდგენლად ბევრი მასწავლა. შეიძლება ითქვას, მისი უდიდესი ძალისხმევის შედეგად ჩავწვდი ფეხბურთის ყველა საიდუმლოს. გარსიას ვერავინ ვერასდროს შემიცვლის", - ასე აფასებს ედენი ექსდამრიგებლის ღვაწლს.

რა არის აზარისთვის ფეხბურთი? ამ კითხვაზე ის ასე პასუხობს:

"მამას და სამ ძმას რომ თავი დავანებოთ, დედაც ყოფილი ფეხბურთელია. ეს არის ჩემთვის ყველაფერი და სანამ შემეძლება, ხარკს გადავუხდი მათ".

აზარის მიერ "ლილში" გატარებულ პერიოდზე ვსაუბრობთ და, ალბათ, საინტერესოა, როგორ შეაფასა თავის დროზე 19 წლის მომავალი ვარსკვლავის თამაში ზინედინ ზიდანმა:

"ის უდიდესი ტალანტია, რაც ოდესმე მინახავს. ვფიქრობ, მოვა დრო და ის მადრიდის "რეალში" ითამაშებს".

"რეალისა" რა გითხრათ, მაგრამ ედენმა 2012 წელს "ჩელსისთან" გააფორმა კონტრაქტი.

"4 ივნისი უბედნიერესი დღეა ჩემს ცხოვრებაში. მე მოვედი ჩემპიონთა ლიგის მომგებ გუნდში და ეს დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის", - თქვა ედენმა.

მართალია, ჯერ მას ლონდონელთა შემადგენლობაში მხოლოდ ორი ტიტული (ევროპის ლიგა და ინგლისის ლიგის თასი) აქვს მოგებული, მაგრამ ყველაფერი წინაა. ჟოზე მოურინიო მომავლის გუნდს აშენებს, რომელმაც, დიდი ალბათობით, უნდა მოიგოს ინგლისური პრემიერლიგა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტადაც უნდა მოგვევლინოს.

აი, რას ამბობს აზარი მის ამჟამინდელ დამრიგებელზე, პორტუგალიელ ჟოზე მოურინიოზე:

"ის არის უნიკუმი. მას მარცხს სიკვდილი ურჩევნია და მაშინაც არ ნებდება, როცა ერთი შეხედვით უიმედო სიტუაციაა. აი, ამიტომ მიყვარს მე ის და ამიტომ გიჟდებიან მასზე სხვა ფეხბურთელები".

აზარის თამაშით თავად "განსაკუთრებულიც" აღტაცებულია:

"ხანდახან მგონია, რომ მას ფრთები აქვს და დაფრინავს. მოვა დრო და ედენი მიაღწევს ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს სიმაღლეს", - ამბობს ჟოზე.

ახლა მოვუსმინოთ ტიერი ანრის, პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს:

"მას არაფრისგან შეუძლია შექმნას გოლი. მის თამაშს რომ ვუყურებ, მიჩნდება განცდა, რომ ის უბრალოდ შეუჩერებელია".

"ჩელსის" ცოცხალმა ლეგენდამ, ფრენკ ლამპარდმა, ვინც ახლა ოფლს "მანჩესტერ სიტისთვის" ღვრის, ახალგაზრდა ბელგიელის თამაშს უმაღლესი შეფასება მისცა.

"ის ნელი მოქმედების ბომბივითაა - არავინ იცის, როდის აფეთქდება. და როცა ეს ხდება, მეტოქეები უმწეონი არიან".

ედენს ბელგიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ეროვნულ გუნდში პირველად რენე ვანდერეიკენმა უხმო (ლუქსემბურგთან მატჩისთვის). ბელგიის ნაკრების დებიუტანტი იმ დროს 17 წლის და 361 დღის იყო.

მანამდე, აზარის გადაბირება საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ სცადა და ედენს სანაკრებო წვევაც აახლა, თუმცა აზარმა იუარა, ისიც ზეპირად, თორემ ფრანგთათვის პასუხი არ გაუგზავნია.

"ვიცი, ფრანგებს არ ესიამოვნათ, რომ გავჩუმდი. მე არასოდეს მიფიქრია სხვა ქვეყნის სახელით თამაშზე. ჩემში მხოლოდ 1 პროცენტია ფრანგული. 99 პროცენტით ბელგიელი ვარ", - განაცხადა ედენმა.

58 მატჩი, 7 გოლი - ესაა 24 წლის აზარის სანაკრებო მონაგარი. მან ბელგიასთან ერთად უკვე ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატზე.

"ჩვენ დიდებული თაობა გვყავს და ვალდებულნი ვართ, ბელგიელ ხალხს სიხარული მოვუტანოთ", - აღნიშნა აზარმა.

მას ძალიან მოსწონს ის, რომ ბელგიაში ამ ქვეყნის საფეხბურთო ლეგენდას, ენცო შიფოს ადარებენ. თავად შიფო კი ამბობს:

"აზარი ჯერაც წაუკითხავი წიგნია, ის ბელგიური ფეხბურთის მარგალიტია".

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული