იტალია
მისტერ ბი თუ მისტერ ლი?
პრინციპში, სილვიო ბერლუსკონისთვის ნაღდად სულერთია, "ბი" იქნება თუ "ლი" - მთავარია, ფული ჩაიდოს. ბევრი ფული! ფაქტია, რომ სილვიოს "მილანის" კრიზისიდან გამოსაყვანად მხოლოდ ერთი რეცეპტი აქვს და ეს აზიური ფულია. მისტერ ბი თუ მისტერ ლი?
შაბათს სილვიო ტაილანდელ ბროკერ ბი ტაეჩაუბოლს (თუ როგორც ჰქვია) შეხვდა და უნდა, რომ ამ უკანასკნელს "მილანის" აღორძინების საქმეში 500 მილიონი ევრო ჩაადებინოს. მისტერ "ბი" თანახმაა, მაგრამ ამ თანხის სანაცვლოდ "მილანის" 51-პროცენტიანი წილი უნდა. თუმცა ბერლუსკონის 49 პროცენტზე მეტის დათმობა არ სურს.
"მინიმუმ 51 პროცენტი მე უნდა
მისტერ "ბი" ტაილანდში გაბრუნდა, თუმცა უარი არ უთქვამს და, სავარაუდოდ, 49-პროცენტიანი წილის ყიდვასაც დათანხმდება, მაგრამ ბერლუსკონი თავს იზღვევს და იტალიურ პრესაში ჭორი თუ მართალი გაავრცელა, ჩინელები მზად არიან, 49 პროცენტში 500 მილიონი ჩადონო.
ასე რომ, მისტერ "ბი" და მისი კომპანიონები შანხაისა და აბუ დაბის მდიდრებს უფრთხიან.
როგორც იტალიური პრესა წერს, რიჩარდ ლი (მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებში 86-ე ადგილზე რომ არის) "მილანისთვის" შეთავაზებას ამზადებს. მართალია, ბერლუსკონიმ ოფიციალურად მისტერ ლის ამბავი უარყო, მაგრამ მაინც...
მოკლედ, მთავარია, ფული იყოს, "მილანი" ფეხზე დადგეს და რა მნიშვნელობა აქვს, "ბი" იქნება თუ "ლი"...
დე შილიო
"მილანში" ფულის შოვნა და ახალი ეტაპის დაწყება რომ აუცილებელია, ამაში "როსონერის" უკანასკნელ ოპტიმისტ ტიფოზებს ნეაპოლში 0:3-ზე წაგებული მატჩი მაინც დაარწმუნებდა; ან მხოლოდ ის ფაქტი, რომ მატია დე შილიომ მატჩის 49-ე წამზე (!!!) წითელი ბარათი "აირტყა". "სკაის" რეპორტიორმა დე შილიოს გაძევების შემდეგ თქვა, ფილიპო ინძაგიმ ტაქტიკა 4-4-1-1-ზე უნდა გადააწყოსო, რაზეც, რა თქმა უნდა, მთელმა საფეხბურთო იტალიამ დასცინა. ამრიგად, დე შილიო ახალი რეკორდის მფლობელია - სერია A-ს ისტორიაში ის უკვე ყველაზე სწრაფად გაძევებული ფეხბურთელია.
რეკორდი აქამდე კალიარელ ლუის ოლივეირას ეკუთვნოდა, რომელიც 1999 წელს საშხაპეში მატჩის 50-ე წამზე მიაბრძანეს.
ალეგრის კვერცხები
"იუვეს" ზედიზედ მეოთხე ჩემპიონობა თეორიულად ჯერ კიდევ თვეების წინ ჰქონდა განაღდებული, ახლა კი ოფიციალურად გაიფორმა სკუდეტო, რომელიც ტურინული გრანდისთვის 10 000 პროცენტით დამსახურებულია. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ "იუვენტუსი" მასიმილიანო ალეგრის ხელში გაცილებით სოლიდურ სეზონს ატარებს, ვიდრე ანტონიო კონტეს დროს. არადა, სეზონის წინ "იუვეს" ფანებმა ალეგრი ლამის პერსონა "ნონ გრატად" გამოაცხადეს, "მილანის" ქომაგები კი "იუვეს" ტიფოზერიას დასცინოდნენ, ტურინში ალეგრის უკვე "მაქსს" ეძახიანო...
"ვიხსენებ, როგორ გვაკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ კონტეს ნაცვლად ალეგრი დავნიშნეთ და ახლა ამაზე უკვე მეღიმება. როცა კონტე წავიდა და მაქსი მოვიყვანეთ, ვისაც არ დაეზარა, ყველამ გაგვლანძღა. გვაგინებდნენ, გვაფურთხებდნენ და ულტრასები კვერცხებსაც კი გვესროდნენ", - ეს "იუვენტუსის" სპორტული დირექტორის, ბეპე მაროტას სიტყვებია.
ტურინელთა პრეზიდენტმა კი მოკლე კომენტარი გააკეთა: "ალეგრის კვერცხები ნამდვილად ჰქონია!" - განაცხადა ანდრეა ანიელიმ.
ინგლისი
"ჩელსის" მთვლემარე ფანები
"ჩელსიმ" ინგლისის ჩემპიონობა შთამბეჭდავი უპირატესობით, ფინიშამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა - ლონდონელებმა ეს "კრისტალ პალასთან" 1:0-ით მოახერხეს. "ჩელსის" მთვლემარე ფანები
მიუხედავად იმისა, რომ წინ საჩემპიონო ზეიმი ელოდათ, "ჩელსის" ფანები მაინცდამაინც გახარებულები არ ჩანდნენ - ყოველ შემთხვევაში, "სტემფორდ ბრიჯზე" გოლის შემდეგ ზედმეტად არისტოკრატიული განწყობა იყო, რაც ჟოზე მოურინიოს ძალიან არ მოეწონა.
პირველი ტაიმი რომ დამთავრდა, გაბრაზებულმა მოურინიომ კატაკომბებში გაუჩინარებამდე "კრისტალ პალასის" ფანებს დემონსტრაციულად დაუკრა ტაში - მაგრები ხართო. საქმე ისაა, რომ სტადიონზე ისინი უფრო მეტს ხმაურობდნენ, ვიდრე მომავალი ჩემპიონის ფანები. ამასთან, ჟოზემ "ჩელსის" ქომაგებს მძინარე კაცის ჟესტი გაუკეთა და კატაკომბებში თავის ქნევით გაუჩინარდა.
"ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ცარიელ სტადიონზე ვთამაშობდით. ეს ნამდვილი საშინელებაა", - კბილებში გამოსცრა ჟოზემ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.
თვითმფრინავი "ენფილდზე"
"ლივერპულის" თავკაცი ბრენდან როჯერსი განაწყენებულია. "ქუინზ პარკ რეინჯერსთან" 2:1-ზე მოგებულ მატჩში მას "ენფილდზე" ასეთი შინაარსის მქონე ტრანსფარანტი გადმოუკიდეს: "როჯერ, წადი, რაფა მოვიდეს!"მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ბრენდანს ამაზე ლაპარაკი არ უნდოდა, მაგრამ ჟურნალისტებმა აალაპარაკეს:
"სამწუხაროდ, ფეხბურთის გულშემატკივრებს ბევრი რამ ძალიან მალე ავიწყდებათ ხოლმე. შარშან ამ დროს კინაღამ ინგლისის ჩემპიონობა ვიზეიმეთ, ახლა კი მოედანზე თვითმფრინავები დაფრინავენ", - გულდაწყვეტით თქვა "ლივერპულის" დამრიგებელმა და იქვე დასძინა, - თუმცა, მე მგონი, ეგ ბანერი რაფას მრჩეველმა გადმოფინა".
ესპანეთი
ესპანელი კოლეგა
ჟურნალისტის მიერ კოლეგის გაკრიტიკება რომ არაკოლეგიალურია, ვიცით. "დრიბლინგის" ერთგულ მკითხველებს კი გეცოდინებათ, რომ ეს ესპანელ ჟურნალისტებს არ ეხება. ესპანელი კოლეგა
ჩვენი ესპანელი კოლეგების შესახებ ადრეც არაერთხელ დაგვიწერია და ახალს არაფერს ვამბობთ, მაგრამ მაინც: ის ფაქტი, რომ ესპანური სპორტული ჟურნალისტიკა ისევეა დამოუკიდებელი და ობიექტური, როგორც ნებისმიერი ხუთი წლის ბავშვი, თქვენც კარგად მოგეხსენებათ და ჩვენც.
ტომას რონკერო გაზეთ AS-ის ჟურნალისტი და ამავდროულად, მადრიდის "რეალის" თავგადაკლული ფანია, რასაც ეს პატიოსანი პიროვნება არც მალავს. მეტიც, 49 წლის კაცი შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ "ბარსას" არ უკბინოს და უკლებლივ ყველა სტატიაში "რეალის" სიყვარულს გვიზიარებს. ამ თემით, ანუ რონკეროს "რეალის" ფანობით უკვე თვით გაზეთიც სპეკულირებს.
AS-მა თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ზემოთ ხსენებული ტომას რონკერო "რეალისა" და "სევილიას" მატჩს ტელევიზორში უყურებს და შეხვედრაში მიმდინარე მოვლენებს ერთობ ემოციურად განიცდის.
აი, ასეთი ობიექტურები და ნეიტრალურები არიან ესპანელი ჟურნალისტები.
რონალდო
კრიშტიანო რონალდო რომ ეგოისტია, აქამდეც ვიცოდით, მაგრამ პორტუგალიელს ეგოიზმი ისე განუვითარდა, რომ თუ ვინმემ ან რამემ არ შეაჩერა, მართლაც ძალიან მაგარი ფეხბურთელი მალე მთელი მსოფლიოს დაცინვის ობიექტი გახდება.რა თქმა უნდა, ალვარო არბელოას გოლს ვგულისხმობთ. უფრო სწორად, რონალდოს რეაქციას არბელოას გოლის შემდეგ, როცა იმით განაწყენებულმა, რომ თანაგუნდელმა დაასწრო და გოლი გაიტანა, გამწარებულმა პორტუგალიელმა ჯერ ბურთს ფეხი დასცხო და ბადე კინაღამ გახია, მერე კი თავის უშნო ქნევით გამოემართა, მის უკან კი არბელოა და სხვები ზეიმობდნენ.
კრიშტიანო უკვე ხუთი წლის ბავშვივით იქცევა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"