TimeLine: რატომ "აიაქსი"?

AutoSharing Option
რატომ ახატიათ "აიაქსის" ფეხბურთელებს გულზე მუზარადიანი კაცი? იმიტომ, რომ გუნდის ემბლემაა, - გვიპასუხებს მავანი. ემბლემა რომ არის, ყველა ხვდება, მაგრამ რა შინაარსი დევს მასში? ან საერთოდ, ვინ არის წვერიანი და მუზარადიანი მებრძოლი?

ბერძენი პოეტის, ჰომეროსის "ილიადას" ვინც მეტ-ნაკლებად იცნობს, ან ფილმი "ტროა" უნახავს, იოლად იპოვიდა კავშირს ძველ ბერძენ გმირ აიაქსსა და საფეხბურთო კლუბ "აიაქსის" ემბლემას შორის.

მაგრამ შეკითხვები მაინც რჩება - რატომ აიაქსი? როგორ მოხვდა ტროას კედლებთან მებრძოლი ადამიანი მეოცე საუკუნეში საფეხბურთო კლუბის ლოგოზე?

სიმართლე გითხრათ, ამსტერდამელებმა 1995 წელს ჩემპიონთა
თასი რომ მოიგეს, პირველად სწორედ მაშინ დავინტერესდი "აიაქსის" სიმბოლიკით, თუმცა ამომწურავი ინფორმაცია ახლა ამოვკრიფე.

ვფიქრობ, ქვემოთ მოცემული განსაზღვრება ჩვენი გაზეთის მკითხველის ინტერესსაც დააკმაყოფილებს.

აი, რატომ
1893 წელს სამი სტუდენტი - ხან დადე, კარელ რესელი და ფლორის სტემპელი ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამის ერთ კაფეში შეიკრიბნენ და საფეხბურთო გუნდის დაარსება გადაწყვიტეს. სახელიც იმ დროისთვის კარგად აპრობირებული დაარქვეს - "უნიონი".

რამდენიმე თვეში მიხვდნენ, რომ "უნიონი" ჩვეულებრივი, არაფრის მთქმელი სახელწოდება იყო და იგი "აიაქსით" შეცვალეს. სრული სახელი ასე იწერებოდა: Footh-Ball Club Ajax, რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც "ფეხი-ბურთი კლუბი აიაქსი".

რატომ "აიაქსი"? საქმე ის არის, რომ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცის დასაწყისში, უამრავი ახალი აღმოჩენის წყალობით, ბერძნულმა ცივილიზაციამ და ელინურმა მითოლოგიამ ევროპაში დიდი პოპულარობა შეიძინა. სტუდენტებსაც სურდათ მათი საფეხბურთო კლუბი გმირი აიაქსივით სახელოვანი გამხდარიყო.

რომელი აიაქსია?
ჰომეროსის პოემა "ილიადაში" ორი აიაქსი გვხვდება:

პირველი - აიაქსი ოილიდი, ოილეის ვაჟი, ლოკრიდის მეფე. ტროას ომში ლოკრიდელებს მიუძღოდა.

მეორე - აიაქსი ტელამონიდი, სალამინის მეფე. საფეხბურთო გუნდს სწორედ სალამინის ხელმწიფის საპატივსაცემოდ დაერქვა "აიაქსი". იგი ტროას 12 გემით მიადგა და გმირის სახელი ბრძოლებში მოიპოვა.

"ილიადაში" მისი დახასიათებაცაა: გამოირჩეოდა სიმაღლით ("დიდ აიაქსს" უწოდებდნენ) და ძლევამოსილი იყო, ერთ ხელში უზარმაზარი ფარი ეჭირა, მეორეში - შუბი. მისი გამოჩენა ტროელებს შიშის ზარს სცემდა, პირდაპირ შებმას ყველა ერიდებოდა და ციხესიმაგრეში იმალებოდა.

ფაიფურის თეფშზე
"ახალბედა" გუნდი თავიდან შავი ფერის მაისურით თამაშობდა. იმდროინდელი ტრადიციის თანახმად, ფეხბურთელები წელზე წითელ შარფს იხვევდნენ. ისევე როგორც სახელი, გუნდის ფორმაც მალე შეიცვალა: ფეხბურთელები გამოეწყვნენ წითელ-თეთრი ზოლებით გაფორმებულ მაისურსა და შავი ტრუსებში.

წითელი, თეთრი და შავი ამსტერდამის გერბის ფერები გახლდათ.

გუნდის ემბლემაზეც სწორედ ასეთ ფორმაში ჩაცმული ფეხბურთელი გაჩნდა, თუმცა 1911 წელს, როცა "აიაქსი" (მწვრთნელი ჯონ კირუენე) ჰოლანდიის მთავარ ლიგაში გადავიდა, იძულებული შეიქნა, კიდევ ერთხელ შეეცვალა ფორმაც და ემბლემაც.

რადგან თეთრ-წითელი ზოლებით ლიგაში როტერდამის "სპარტა" უკვე თამაშობდა, "აიაქსს" ლიგის უფროსობამ ფორმის შეცვლა ოფიციალურად მოსთხოვა. სწორედ მას მერე ასპარეზობს ამსტერდამული გრანდი თეთრ მაისურზე ვერტიკალურად დაშვებული სქელი, წითელი ზოლით.

2011 წლის სეზონის წინ ემბლემაზე მხოლოდ ფეხბურთელის ფორმა შეიცვალა. თუმცა 17 წლის შემდეგ დღის წესრიგში დადგა ლოგოს გუნდის სახელწოდებასთან მიახლოება - ფაიფურის თეფშზე პროფილში დახატულმა ლეგენდარულმა გმირმა აიაქსმა დიდი მოწონება დაიმსახურა და 1928 წლის 20 სექტემბერს ოფიციალურად გამოცხადდა მისი გუნდის ემბლემად მიღების შესახებ.

Sportall.Ge

აბა, გამოიცანით
ინტელექტუალთა შეჯიბრებაში "აიაქსის" შესახებ საინტერესო შეკითხვა დაისვა. მოაზროვნეებს მიუტანეს კლუბის ემბლემა და ჰკითხეს: კარგად დააკვირდით და გვიპასუხეთ, კონკრეტულად რა მიგვანიშნებს, რომ ეს საფეხბურთო კლუბის სიმბოლოაო.

ვისაც მსგავსი ამოცანები გიზიდავთ, შეგიძლიათ კიდევ ერთხელ შეათვალიეროთ "აიაქსის" ლოგო და პასუხზე დაფიქრდეთ...
კარგად დაუკვირდით...

ვისაც ეჩქარება, მოვახსენებთ: ემბლემაზე გმირი აიაქსი თერთმეტი ხაზითაა დახატული. სწორედ რიცხვი 11 მიგვანიშნებს, რომ ეს საფეხბურთო კლუბის სიმბოლოა (ყოველ გუნდში მოედანზე ხომ 11 ფეხბურთელი გადის).

1928 წელს დამტკიცებული ლოგო ზედმეტად იყო დახვეწილი, ბიზნეს-გათვლების გათვალისწინებით 1991 წელს ემბლემა გამარტივდა. სწორედ მაშინ გაჩნდა 11 შტრიხი.

ჩვენ ახალი არ გვინდა...
"აიაქსის" ქომაგები ათწლეულების განმავლობაში შეეჩვივნენ 1928 წელს შექმნილ ემბლემას. მის ცვლილებას ვერ ეგუებიან და კლუბის ხელმძღვანელობას დღესაც სთხოვენ ძველის დაბრუნებას. პასუხი უარყოფითია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგრად მიყვარს ეს კლუბი, თავისი ისტორიით და ტიტულებით, ყველაზე მეტად კი მათ სწორ მუშაობას ვაფასებ
Goreli
16:48 06-06-2015
0
ამსტერდამელებმა 1995 წელს ჩემპიონთა თასი რომ მოიგეს, პირველად სწორედ მაშინ დავინტერესდი "აიაქსის" სიმბოლიკით, თუმცა ამომწურავი ინფორმაცია ახლა ამოვკრიფე. ------------------------------------------------------------------------------------ნაყოფიერად გიმუშავია ოცი წელი!!!!
avtors-s
13:09 07-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული