თურქული გამბიტი: ვან პერსი, ეტო'ო, პოდოლსკი... ვინ არის რიგში?

AutoSharing Option
თურქეთის ჩემპიონატი ევროპაში ერთ-ერთი ვარსკვლავური იქნება. ყოველ შემთხვევაში, საქმეს ასეთი პირი უჩანს. "ბებერი კონტინენტის" ბევრ ქვეყანაში ფინანსური კრიზისია, თურქები კი ფეხბურთისათვის ძველებურად არ ინანებენ მილიონებს.

ფეხბურთელი კი... ფეხბურთელთა უმრავლესობისათვის მთავარი მაინც ფულია. ერთი ძველი ქართული ანდაზა ცოტა რომ გადავასხვაფეროთ, დაახლოებით ასე გამოგვივა: ფული იყოს და ვარსკვლავი ბაღდადიდანაც კი მოვაო.
მაშ ასე, ჩვენი წერილის თემაა თურქული ტრანსფერები - ზოგი განხორციელებული და ზოგიც ისეთი, უახლოეს დღეებში რომ უნდა დაესვას ბეჭედი.

ტომას ნეციდი
ზვოლე - ბურსასპორი, უფასოდ
ჩეხეთის ნაკრების ფორვარდს მშვენიერი სეზონი ჰქონდა
ჰოლანდიის ჩემპიონატში. მან არაერთი გოლი გაიტანა და "ზვოლეს" ბევრი ქულა მოუტანა. "ბურსასპორში" ის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იქნება.

თავის დროზე მოსკოვის ცსკა-ში ნეციდი ზეპერსპექტიული შემტევის სტატუსით მივიდა, მაგრამ გაცემული ავანსები ვერ გაამართლა. ჩეხი ჰოლანდიის ჩემპიონატში გამოცოცხლდა, მაგრამ საკითხავია, რას იზამს თურქეთში, სადაც დაცვას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ.

სტეფან მბია
სევილია - ტრაბზონი, უფასოდ
სწორედ კამერუნელი საყრდენი ნახევარმცველი უნდა იყოს მომავალ სეზონში შოთა არველაძის გაწვრთნილი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. მას საამისოდ ყველა მონაცემი გააჩნია - კლასი, გამოცდილება, სათამაშო ინტელექტი.

"სევილიაში" ჰქონდა დიდებული მატჩები და გაუტანია უმნიშვნელოვანესი გოლები - განსაკუთრებით, ევროპალიგაზე. მბიას დიდებულ კონტრაქტს სთავაზობდა მოსკოვის "სპარტაკი", მაგრამ თურქებმა იმარჯვეს.

სამუელ ეტო'ო
სამპდორია - ანტალიასპორი
მსოფლიო ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი კურორტზე წავიდა. მისი ბოლო თამაშები აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა "ევერტონსა" და "სამპდორიაში". ცოდვა გამხელილი სჯობს - სამუელმა კარიერა მაშინ დაასრულა, რუსულ მილიონებს რომ დათანხმდა და "ანჟიში" წავიდა.

როგორც ჩანს, "ანტალიასპორი" ამ ზაფხულის მთავარი ნიუსმეიკერი ხდება. გუნდმა ეტო'ოს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. კლუბის ხელმძღვანელობა კი აცხადებს, რომ სერიოზულად ფიქრობს საჩემპიონო ტიტულისათვის ბრძოლაზე.

ლუიშ პედრო კავანდა
ლაციო - ტრაბზონი, 1,75 მილიონი ევრო
შოთა არველაძემ ამ ცოტა ხნის წინ გუნდის მიზანზე გვითხრა - "ტრაბზონი" აუცილებლად უნდა იყოს ჩაბმული საჩემპიონო მარულაშიო. ამ საქმეში შოთას სტეფან მბიასთან ერთად კიდევ ერთი კვალიფიციური ფეხბურთელი, ლუიშ პედრო კავანდაც შეეშველება.

24 წლის ბელგიელი "ტრაბზონმა" ზედ ცხვირწინ ააცალა "ბეშიქთაშს" და "სტოკს". კავანდას არაერთი შეხვედრა ჩაუტარებია "ლაციოს" ძირითად შემადგენლობაში. ამ ფეხბურთელს ასაკი ისეთი აქვს, რომ კიდევ უნდა მოუმატოს.

ანდრეას ბეკი
ჰოფენჰაიმი - ბეშიქთაში, 1,75 მილიონი ევრო
თავის დროზე ბუნდესლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფლანგელი მცველი. ბოლოს ოდნავ მოუკლო, რადგან "ჰოფეს" დატოვება დააგვიანდა. ამბიციურ გუნდში გადასვლის შემდეგ, წესით, ძველ დონეს უნდა დაუბრუნდეს.

სხვათა შორის, რუსეთის ქალაქ კემეროვოშია დაბადებული. იქაური ფეხბურთის მესვეურები დღესაც ძალიან ნანობენ, რომ თავის დროზე ბეკი რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში არ ათამაშეს. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და აგრესიული ფლანგელი.

ლუკას პოდოლსკი
არსენალი - გალათასარაი, 2,5 მილიონი ევრო
"პოლდის" სატრანსფერო ფასი არც ისე დიდია. სამაგიეროდ, დიდებულია გერმანიის ნაკრების შემტევის კონტრაქტი. ის სამი წლის განმავლობაში 9 მილიონ ევროზე მეტს გამოიმუშავებს. "პრინცი" ბოლო დროს ვეღარ არის ფორმაში.

"არსენალსა" და "ინტერში" თამაშის შემდეგ ის მივიდა ისეთ გუნდში, სადაც შეუძლია, ლიდერად იგრძნოს თავი. ვინ იცის, სწორედ "ლომების" შემადგენლობაში დაიბრუნოს პოდოლსკიმ ძველი სათამაშო ფორმა.

ნანი
მანჩესტერი - ფენერბახჩე, 6 მილიონი ევრო
წარმოშობით კაბოვერდელი ვარსკვლავი ბოლოს ლისაბონის "სპორტინგში" იყო განათხოვრებული. "იუნაიტედში" ერთ დროს დაფრინავდა, მერე კი არათანაბარი ხასიათის გამო მოუკლო.

სამ წელიწადში 15 მილიონ ევროზე მეტი - ასეთია მისი კონტრაქტის ფინანსური არსი. ნანის შეუძლია თამაში. მას შეუძლია ხალხის გახარება და შოუს დადგმა. მთავარია, მხოლოდ თურქულ ფულებზე არ იფიქროს.

სიმონ კიაერი
ლილი - ფენერბახჩე, 7,65 მილიონი ევრო
"ბეშიქთაშმა" შეტევა ხომ გააძლიერა და ახლა დაცვასაც მიხედა. დანიელი მცველი საიმედო გარჯით არის განთქმული. სიმონმა არაერთ ჩემპიონატში ითამაშა, მათ შორის, ევროპის წამყვან პირველობებზე.

როგორც თავად ფეხბურთელმა განაცხადა, თურქეთში ის ტიტულების მოგების სურვილმა ჩაიყვანა. წელს ყველა თურქული გრანდი გაძლიერდა, მაგრამ "ფენერბახჩეს" მაინც გვარიანი საჩემპიონო შანსი უნდა ჰქონდეს.

რობინ ვან პერსი
მანჩესტერ იუნაიტედი - ფენერბახჩე, თანხა ზუსტდება
ლუი ვან გაალთან უთანხმოება და არასასურველი სათამაშო ფორმა - ამ მიზეზებით დაშორდა ვან პერსი "იუნაიტედს", სადაც დიდებული სეზონები გაატარა. ახლა რობინი "ფენერისათვის" გაიტანს. სტამბოლელებმა მართლაც რომ ვარსკვლავური გუნდი შეკრეს.

ვან პერსი ბოლო სეზონში ვეღარ იყო ძველებურად სასარგებლო და თითქოს ახალი გამოწვევა სჭირდებოდა. აი, ისიც!

უახლოეს დღეებში თურქეთის ჩემპიონატს შეიძლება შეემატონ:
ხოელ კემპბელი არსენალი - ბეშიქთაში
დუგლასი დინამო (მ) - ბეშიქთაში
ბალაშ ჯუჯაკი დინამო (მ) - ბეშიქთაში
რაფაელი მანჩესტერი - გალათასარაი
ფრედი გუარინი ინტერი - ფენერბახჩე
რიკარდო კუარეშმა პორტუ - ბეშიქთაში
ვიქტორ ვალდესი მანჩესტერი - ანტალიასპორი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საღოლ თურქებო
dzia
13:46 13-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული