MLS: სოკერის ვარსკვლავები და მათი ხელფასები

AutoSharing Option
ამერიკის ჩემპიონატმა სტარტი აიღო: "მეიჯორლიგის" (MLS) პირველ ტურში "ლოს ანჯელეს გელექსიმ" საკუთარ კედლებში "სან ხოსეს" 5:2 მოუგო, მიუხედავად იმისა, რომ 0:2-ს აგებდა.

რობი კინმა ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა (ორი გოლი პენალტით გაიტანა). მაგრამ მთავარი მოვლენა მაინც ის გახლდათ, რომ სტივენ ჯერარდმა ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრა გოლით აღნიშნა.

0:2-ზე ირლანდიელმა ერთი ბურთი გაქვითა და სანამ დანარჩენს მიაყოლებდა, ანგარიში სწორედ სტივი ჯიმ გაათანაბრა და გულიანად, ლივერპულურად აღნიშნა კიდეც. მან მინდორზე 88 წუთი გაატარა.

"გოლის გატანა ძალიან სასიამოვნო იყო. თავს ნელ-ნელა უკეთ ვგრძნობ, თითქმის
ბოლომდე მწყობრში ვარ. მწვრთნელი ბრიუს არენა მეძახდა, როგორ ხარო, დაახლოებით მე-60 წუთიდან მოყოლებული, მაგრამ თავს ვიკატუნებდი, თითქოს, არ მესმოდა და ვერ ვხედავდი.

თავს ისევ ბავშვივით ვგრძნობ, გასვლა არ მსურდა. მინდა, რაც შეიძლება მეტი ვითამაშო ხოლმე. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც "გელექსიში" გადმოვედი, ის არის, რომ ყველა შეხვედრაში ძირითადში ყოფნა მინდა და რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო.

ენერგიით სავსე ვარ, კვლავ მიყვარს თამაში და მსიამოვნებს ვარჯიში. ადაპტაციის პროცესიც მშვენივრად მიდის" - განაცხადა კმაყოფილმა ჯერარდმა.

35 წლის ნახევარმცველს "ლოს ანჯელესში" დებიუტი "რეალ სოლტ ლეიკთან" წაგებულ სათასო შეხვედრაში ჰქონდა, იგი შეცვლაზე შევიდა.

"სან ხოსესთან" მის თამაშს კი ჯერარდის თანამემამულე დევიდ ბექჰემი ადევნებდა ტრიბუნიდან თვალს და ძალიან კმაყოფილიც ჩანდა. შეგახსენებთ, რომ ბექჰემი პირველი დიდი ვარსკვლავია, რომელიც თავის დროზე "გელექსიმ" იყიდა.

"მე და რობის "ლივერპულშიც" კარგი ურთიერთობა გვქონდა. როდესაც კარგ ფეხბურთელებთან ერთად თამაშობ, საერთო ენის გამონახვა ადვილია. რობი კარგ ფორმაშია და ის ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია. ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ" - აღნიშნა ჯერარდმა.

***
ამერიკაში ფეხბურთის პოპულარიზაციის მიზნით, სუპერვარსკვლავების მიწვევა ათწლეულების წინ დაიწყეს და მხოლოდ "კოსმოსისა" და პელეს მაგალითი რად ღირს.

თუმცა რაღაც პერიოდის განმავლობაში, ამას სისტემატური ხასიათი აღარ ჰქონდა და გამორჩეული ლეგიონერების სიმრავლეს ვეღარ ვამჩნევდით, მაგრამ ბოლო წლებში ვითარება ისევ შეიცვალა და ახლა "მეიჯორლიგაში" ვარსკვლავთცვენა და ცნობილი ფეხბურთელების მიწვევის ნამდვილი ბუმია.

სტივენ ჯერარდი, ფრენკ ლამპარდი, ანდრეა პირლო, დავიდ ვილია, სებასტიან ჯოვინკო, კაკა, რობი კინი...

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ურიგო არ იქნება, თუ გადავხედავთ სიას, რომელსაც ამერიკული პრესა ავრცელებს - მოთამაშეების ხელფასის ოდენობის კუთხით. ყველაზე ბევრი ლეგიონერითა და მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელებით ერთმანეთს "ნიუ-იორკ სიტი", "ლოს ანჯელეს გელექსი" და "ტორონტო" ეჯიბრებიან.

თუმცა, როგორც ირკვევა, ყველაზე მეტს ბრაზილიელ რიკარდო კაკას უხდიან "ორლანდო სიტიში", რომელიც ახალდაარსებული და უმაღლეს ლიგაში ახალაღზევებული გუნდია. პირლო, ჰონორარის მხრივ, ათეულშიც ვერ მოხვდა და ასე შემდეგ... დანარჩენს სიისთვის თვალის გადავლებისას იხილავთ.

ფეხბურთელი კლუბი ხელფასი
1. კაკა ორლანდო სიტი 7,16 მლნ დოლ.
2. სებასტიან ჯოვინკო ტორონტო 7,11
3. მაიკლ ბრედლი ტორონტო 6.5
4. სტივენ ჯერარდი გელექსი 6.33
5. ფრენკ ლამპარდი ნიუ იორკ სიტი 6
6. დავიდ ვილია ნიუ იორკ სიტი 5,61
7. ჟოზი ალტიდორი ტორონტო 4,75
8. კლინტ დემპსი სიეტლ სანდერსი 4,6
9. რობი კინი გელექსი 4.5
10. ჯოვანი დოს სანტოსი გელექსი 4,1
11. ჯერმეინ ჯონსი ნიუ ინგლენდი 3,05
12. ობაფემი მარტინსი სიეტლ სანდერსი 3
13. ანდრეა პირლო ნიუ იორკ სიტი 2,31
14. შონ მელოუნი ჩიკაგო ფაირი 1,58
15. ომარ გონსალესი გელექსი 1,45

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული