სენეგალელი, მესის თანამემამულე, ჩემპიონი მწვრთნელი - 7 ფაქტი ევროპის ჩემპიონ ესპანელ 19-წლამდელებზე

AutoSharing Option
19 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც საბერძნეთმა უმასპინძლა, გამარჯვება ესპანეთის ნაკრებმა იზეიმა. ლუის დე ლა ფუენტეს ნაკრებმა ფინალში რუსეთის ნაკრები დაამარცხა.


"ბარსელონას" გარეშე

კატალონიური სკოლა ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა ესპანეთში, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ბარსელონელებს არანაირი წვლილი არ შეუტანიათ ტრიუმფში - მსოფლიოს საუკეთესო კლუბის არც ერთი წარმომადგენელი არ ყოფილა ევროზე.

მადრიდის "რეალმა" ორი ფეხბურთელი მიავლინა ესპანეთის ნაკრებში - ბორხა მაიორალი და მარკო ასენსიო. ასევე ორ-ორი ფეხბურთელი ჰყავდათ "ვილიარეალსა" და "ბეტისს".

25 მილიონი
ევრო
ცენტრალურმა მცველმა ხორხე მერემ ერთი წლის წინათ ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა ხიხონის "სპორტინგთან". ამჟამინდელი ხელშეკრულებით, ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა 25 მილიონ ევროს უდრის.

17 წლის სენეგალელი
ესპანეთის ნაკრებში არაერთი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც, თეორიულად, სხვა ქვეყნის ნაკრებში თამაში შეეძლო. კერძოდ, ეს ეხება ნახევარმცველ პაპე შეიკ დიოპ გუაეს, რომელსაც სენეგალური ფესვები აქვს. 8 აგვისტოს ის მხოლოდ 18 წლის გახდება - მასზე ახალგაზრდა ამ ტურნირზე მხოლოდ სამი ფეხბურთელი იყო.

ერთ-ერთი ტყუპისცალი
ესპანელების დაცვაში თამაშობს ბორხა სამ ემერიტო. სანტანდერის "რასინგში" ასევე გამოდის მისი ტყუპისცალი ფედერიკო, რომელიც ამპლუით ნახევარმცველია. თუმცა ნაკრებამდე მხოლოდ ერთმა ძმამ მიაღწია.

მწვრთნელი - ესპანეთის ორგზის ჩემპიონი
ლუის დე ლა ფუენტე კასტილიო მოთამაშის რანგში იყო ესპანეთის ჩემპიონი - "ბილბაოს" შემადგენლობაში 1983 და 1984 წლებში. გარდა ამისა, მის ანგარიშზეა გამარჯვება ესპანეთის თასზე და ესპანეთის სუპერთასზე.

სამწვრთნელო დამსახურებები მოკრძალებულია - წინა სამუშაო ადგილი იყო "ალავესი", საიდანაც კასტილიო 2011-12 წლების სეზონის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ გაათავისუფლეს.

მესის თანამემამულე
"ვილიარეალის" შემტევი ნახევარმცველი მატიას ნაუელი როსარიოში დაიბადა, იქ, სადაც, თავის დროზე ქვეყანას მოევლინა თვით ლიონელ მესი. ესპანეთში მისი ოჯახი მაშინ გადაბარგდა, როცა ბიჭი 14 წლის იყო.

გასული წლის 28 აგვისტოს, ნაუელმა თავისი პირველი გოლი გაიტანა პროფესიულ ფეხბურთში - ევროთასებზე "ასტანას" (4:0) წინააღმდეგ გამოიჩინა თავი.

ყველაზე ტიტულოვანები
ესპანეთმა მეშვიდედ მოიგო 19-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი. მანამდე ის გამარჯვებების რაოდენობით რეკორდს იყოფდა ინგლისთან (თუმცა, ამ უკანასკნელს 1993 წლის შემდეგ არ მოუგია კონტინენტის პირველობა). შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ხუთჯერ სწორედ ესპანელი დასახელდა.

პირველი იყო "ატლეტიკოს" ფორვარდი ფერნანდო ტორესი, ბოლო - "ბარსელონას" აღზრდილი ჟერარდ დეულოფეუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
და არცერთი სიტყვა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელ ასენსიოზე და საუკეთესო ბომბარდირ მაიორალზე o.O
Joke_Maker
15:53 22-07-2015
0

სიახლეები პოპულარული