ერთ დროს სერ ალექსიც იწყებდა: ათი საუკეთესო ახალგაზრდა მწვრთნელი

AutoSharing Option
ოდესღაც ყველა მწვრთნელი იწყებდა. იწყებდა მოურინიო, ანჩელოტი და ასე განსაჯეთ, თავად ფერგიუსონიც იწყებდა. დღევანდელი ჩვენი წერილი მსოფლიოს 10 საუკეთესო ახალგაზრდა დამრიგებელზეა.

ვილი სანიოლი
ბორდო, 38 წლის
ორი წლის წინათ, ფრანგული ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე პიერ მანკოვსკი შეცვალა და მას ერთი წლის განმავლობაში ერთი თამაშიც კი არ წაუგია. ბურთების შეფარდება - 29:6.

სანიოლმა აღმოაჩინა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ანტონი მარსიალი, ლუკას დინი, ფლორან ტოვენი, ლევენ კურზავა, იასინ ბენზია, ჟორ
დან ვერეტუ და სხვები.

გასულ ზაფხულს სანიოლი "ბორდოში" მივიდა და იქაც შეინარჩუნა თავისი შემტევი სტილი. ცოტა ხნის წინ მან თქვა, რომ "ბორდოში" ნაკლებ აფრიკელს იყიდის, რადგან ისინი ყოველ ორ წელიწადში აფრიკის თასზე მიდიან. მწვრთნელს ამასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტების გაკეთება მოუხდა.

არმანდუ პეტიტი
ბოავიშტა, 38 წლის
"ბოავიშტას" მიერ მსაჯების მოსყიდვასთან დაკავშირებული სკანდალის გამო პორტუგალიის 2001 წლის ჩემპიონმა 6 წლის განმავლობაში ქვეყნის დაბალ დივიზიონებში იხეტიალა. კრიზისის შუაში გუნდში პეტიტი მოვიდა "კიოლნიდან". ჯერ ის მოთამაშე იყო, მერე მოთამაშე - მწვრთნელი, ბოლოს კი იმდენი ქნა, რომ გუნდი უმაღლეს ლიგაში დააბრუნა.

ეგაა, "ბოავიშტას" ფინანსური მდგომარეობა იდეალური ვერ არის და კლუბი ძალიან ხშირად ყიდულობს საშუალოზე საშუალო ფეხბურთელებს. აფონსო ფიგერედო, მაიკლ უჩებო - პეტიტმა მაინც მოახერხა საინტერესო ფეხზბურთელების წარმოჩენა. მისი საყვარელი სქემაა 4-3-3.

რობერტო სტელონე
ფროზინონე, 38 წლის
სერია B-ში გაბარიტულ ფორვარდს ხშირად გაჰქონდა სეზონში 10 გოლზე მეტი. მან სწორედ "ფროზინონეში" დაასრულა აქტიური სათამაშო კარიერა და ჯერ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე იმუშავა. მას შემდეგ, რაც ეუჯენიო კორინი "კიევოში" წავიდა, ახალგაზრდა მწვრთნელმა გუნდი ჩაიბარა.

მაშინ კლუბი სერია C-ში თამაშობდა. სტელონემ გუნდი ჯერ სერია B-ში გადაიყვანა, ახლა კი "ფროზინონე" იტალიის უძლიერეს ლიგაში თამაშობს. მან აღმოაჩინა ორი ცენტრფორვარდი, ძონძინი და ჩოფანი. ამ დუეტმა წყვილში 27 გოლი გაიტანა. ზამთარში "ფროზინონეში" ცნობილი ფეხბურთელები მივიდნენ - სამარკო, სანტანა და ლუპოლი. გუნდმა სერია A-ში თამაშის უფლება მოიპოვა. "ფროზინონე" ყველაზე ცოტას ხარჯავს იტალიურ ლიგაში ფეხბურთელთა ხელფასებზე - სულ 8 მილიონს წელიწადში.

როდოლფო არუაბარენა
ბოკა ხუნიორსი, 38 წლის
"ვილიარეალის" რიგებში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტმა სამწვრთნელო მოღვაწეობა შესანიშნავად დაიწყო. მან უკვე მეორე წელს "ტიგრე" არგენტინის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორად აქცია. 30 წლის ფორვარდი კარლოს ლუნა კი არგენტინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ტალანტი რუბენ ბოტა "ინტერში" წავიდა, ლუკას ორბანმა კი "ბორდოს" რიგები შეავსო. ერთი წლის წინ არუაბარენამ "ბოკა" თავისი მასწავლებლის, კარლოს ბიანკისაგან გადაიბარა. ახლა არგენტინული გრანდი ჩემპიონატს ლიდერობს და ახლოსაა იმასთან, რომ 4 წლის შემდეგ დაიბრუნოს ჩემპიონის ტიტული.
არუაბარენამ დააწინაურა 21 წლის ფორვარდი, ხონათან კალიერი, დიდებულია 23 წლის სესარ მელი. ერთადერთი პრობლემა "რივერთან" ბალანსია. არუაბარენამ მტერი მხოლოდ მეოთხე ცდაზე დაამარცხა.

სერხიო
ესპანიოლი, 38 წლის
"ესპანიოლის" აღზრდილმა კარიერა "დეპორტივოში" განაგრძო. იყო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. ამის შემდეგ ის ნახევარი წლის განმავლობაში წვრთნიდა გალისიურ კლუბს. მერე "ესპანიოლის" ჯერი დადგა.

სერხიომ ხავიერ აგირესაგან არცთუ შეკრული გუნდი ჩაიბარა. ამას მოჰყვა გუნდიდან რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის წასვლა. გუნდს მაინც შესანიშნავი სეზონი გამოუვიდა. მეორე სუნთქვა გაეხსნა 32 წლის კაპიტანს, სერხიო გარსიას, მეკარე კიკე კასილია კი "რეალში" გადავიდა.

ვიქტორ გონჩარენკო
ბელარუსი, 37 წლის
ძალიან ადრე, 25 წლისამ დაასრულა აქტიური საფეხბურთო კარიერა. წვრთნიდა ჯერ ბელორუსული "ბატეს" დუბლს, მერე კი ამ გუნდის ძირითად შემადგენლობას. სახელი გაითქვა ჩემპიონთა ლიგაზე გრანდების გამწარებით.

თავად განსაჯეთ: მისი ხელმძღვანელობით სხვადასხვა დროს "ბატემ" ჩემპიონთა ლიგაზე ქულები წაართვა "იუვენტუსს", "მილანს" და "ზენიტს", "ბაიერნი" და "ლილი" კი სულაც დაამარცხა.

შემდეგ გონჩარენკო რუსეთში წავიდა, სადაც დაუმსახურებლად გაუშვეს კრასნოდარის "ყუბანიდან", ბოლოს კი "ურალიდანაც" გაათავისუფლეს.

ედი ჰოუ
ბორნმუთი, 37 წლის
თავის დროზე "პორტსმუთის" 27 წლის მცველმა ტრავმა მიიღო. მისთვის მშობლიური "ბორნმუთის" ქომაგებმა 21ათასი ფუნტი შეაგროვეს, რათა საყვარელი მოთამაშე მშობლიურ გარემოში დაებრუნებინათ.

ჰოუ მერე ისევ წავიდა, თუმცა მწვრთნელის რანგში დაბრუნდა და ჰოი, საოცრებავ...არაფრით გამორჩეული გუნდი პრემიერლიგაში ასპარეზობს. მწვრთნელს არაერთხელ უთქვამს, რომ მისთვის მისაბაძი მაგალითი "ლივერპულის" დამრიგებელი, ბრენდან როჯერსია.

ანდრე ვილაშ-ბოაში
ზენიტი, 37 წლის
ჰალკი, ფალკაო, ხამესი, ოტამენდი-ეს არასრული ჩამონათვალია იმ ფეხბურთელებისა, რომელიც ვილაშ ნოაშმა "გახსნა". დიდებული "პორტუს" შემდეგ იყო წარუმატებლობა "ჩელსიში", მერე კი არცთუ ერთმნიშვნელოვანი პერიოდი "ტოტენჰემში". ლონდონურ კლუბში პორტუგალიელს სტატისტიკა ცუდი არ ჰქონდა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა მეტს ითხოვდა.

"ზენიტში" შესანიშნავად მუშაობს და ამაში მწვრთნელს რუსეთის კვალობაზე დიდებული შემადგენლობაც უწყობს ხელს.

გარი მონკი
36 წლის, სუონსი
სულ ცოტა ხნის წინათ, მონკი "სუონსის" მოთამაშე იყო. მისგან სამწვრთნელო ასპარეზზე ასეთ ყოჩაღ გამოსვლას ბევრი არ ელოდა. საქმე ისაა, რომ რაც მონკმა გუნდი ჩაიბარა, მას შემდეგ "სუონსიში" ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. წავიდა არაერთი ლიდერი, მათ შორის - ესპანელები.

ამის მიუხედავად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ფორმაციის "სუონსი" წინაზე უკეთესია. გუნდს ჰყავს ახალი ლიდერები, თუნდაც კორეელი სონი, ისლანდიელი სიგურდსონი და ახალწვეული მეკარე ფაბიანსკი.

მარკუს ვაინცირლი
აუგსბურგი, 40 წლის
ფეხბურთელობისას მიუნხენის "ბაიერში" თამაშობდა, თუმცა დუბლებს ვერ გასცდა. მწვრთნელობის პირველ წარმატებას "რეგენსბურგში" მიაღწია - მწირბიუჯეტიანი კლუბი მეორე ბყნდესლიგაში გადაიყვანა.

როცა "აუგსბურგი" ჩაიბარა, ეს გუნდი ყველაზე ღარიბი იყო ბუნდესლიგაში. პირველი სეზონი წარუმატებლად დაიწყო და ზამთრის პაუზისას გუნდს მხოლოდ ერთი შეხვედრა ჰქონდა მოგებული. მას მშველელად ახალი სპორტული დირექტორი, შტეფან როიტერი მოევლინა.

"აუგსბურგი" გადარჩა, ერთი წლის შემდეგ კი ბუნდესლიგაში მერვე ადგილი დაიკავა. თანაც მწვრთნელმა რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელი დააწინაურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
საქართველოში არ ხდება წარმატებული მწვრთნელების დაწინაურება
ჯაბა
18:58 13-09-2015
0
ჩემი აზრით, ამ სიას აკლია ვალენსიის ახლანდელი ახალგაზრდა მწვრთნელი ნუნო ესპირიტო სანტო, რომელმაც პორტუგალიის რიო ავედან დაიწყო მწვთნელის კარიერა და ეს პატარა გუნდი ევროპის ლიგაზე გაიყვანა პირველად თავის ისტორიაში.ნუნო იყო პორტუს შემცვლელი მეკარე, რადგან მას მოუწია ვიქტორ ბაიას და შემდეგ ჰელტონის პერიოდში თამაში.
ვანო არჩუაშვილი
17:25 13-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული