იგი ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და სწორედ ამ ჟინის, შემართებისა და საკუთარ თავზე მუშაობის წყალობით ავიდა ეს, ერთი შეხედვით, არც ისე დიდი ტალანტით დაჯილდოებული ფეხბურთელი უმაღლეს დონეზე.
არც ისე დიდი ხნის წინათ, შტეფან ლიხტშტაინერმა გულზე ოპერაცია გაიკეთა, თუმცა დაგეგმილზე ადრე შეძლო მინდორზე დაბრუნება. იგი დაასახელეს შვეიცარიის 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც, რაც მცველისთვის ორმაგად სასიხარულოა.
"გრასჰოპერის", "ლილისა" და "ლაციოს" ყოფილი ფეხბურთელი
მსოფლიოს ჩემპიონატზე შვეიცარიამ და კონკრეტულად ლიხტშტაინერმა, მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა.
- გილოცავთ შვეიცარიის წლის საუკეთესო ფეხბურთელობას. რას ნიშნავს ეს აღიარება თქვენთვის?
- ყველა ჯილდო ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ეს ინდივიდუალური სახის მიღწევაა, ფეხბურთი კი გუნდური სახეობაა და ტიტულებს გუნდურად იგებ, ის სხვა სიხარულია. თუმცა ცხადია, მსგავსი აღიარება ძალიან მახარებს. ეს ნიშნავს, რომ წინა წლებში კარგად ვთამაშობდი.
მსგავსი ჯილდოს მოგება მცველისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად რთულია და ეს ორმაგად მაბედნიერებს. როგორც კლუბთან, ასევე ნაკრებთან ერთად, მართლაც მშვენიერი სეზონი მქონდა.
- უკვე 7 წელიწადია, იტალიაში თამაშობთ, დიდ წარმატებებს აღწევთ და თავსაც კარგად გრძნობთ. როგორც ჩანს, იქაური ცხოვრების სტილი და გარემო, თქვენთვის მისაღებია და იქაურობას კარგად ეწყობით, არა?
- იტალია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და კარგი ქვეყანაა. აქ ყველაფერია, რაც შეიძლება ისურვო - ზღვა, მთები, ტბები, ბრწყინვალე სამზარეულო, ფანტასტიკური ცხოვრების სტილი... მე ასევე დიდი ფანი ვარ იტალიელი ხალხის მენტალიტეტის.
ისინი გახსნილები და თავისუფლები არიან, ალბათ, ცოტა უფრო სამხრეთში, ვიდრე ჩრდილოეთში.
გარდა ამისა, მათ საოცრად უყვართ ფეხბურთი. აქ თამაში უფრო ტაქტიკურად დახუნძლულია და ამას დიდი ყურადღება ექცევა, აქცენტი შედეგზე კეთდება, რის გამოც ყოველთვის ისეთი სპექტაკლი არ გამოდის, როგორც სხვა ჩემპიონატებში. თუმცა იტალიაში ფეხბურთისადმი არნახული ვნებაა, ყველას თავისი აზრი აქვს და ყველა ჩართულია განხილვაში.
- კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც ფეხბურთითაა შეპყრობილი ბრაზილიაა. იქ შვეიცარიის ნაკრებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა მუნდიალზე. როგორ ფირქობთ, გაიზარდა ნაკრები ოტმარ ჰიტცფელდისა და ვლადიმირ პეტკოვიჩის ხელში? ეს "ახალი შვეიცარიაა"?
- ნამდვილად! შვეიცარიის ნაკრებს საამაყოდ აქვს საქმე, 2004 წლიდან მოყოლებული, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის გარდა, ჩვენ ყველა დიდ ტურნირზე მოვხვდით. ისეთი პატარა ქვეყნისთვის კი, როგორიც შვეიცარიაა, ეს წარმატებაა.
სწორ გზაზე ვდგავართ და შემადგენლობაში ბევრი ტალანტი გვყავს. ჰიტცფელდმა ნაკრებს თავისი ხელი აშკარად დაატყო და ახალგაზრდული გუნდი შექმნა. ბირთვი უცვლელი იყო, ჩვენც უკეთ გავიცანით ერთმანეთი და შევთამაშდით, ეს კი თავდაჯერებას გმატებს.
ნაკრების ფეხბურთელების უმეტესობას იშვიათაად ხვდები და ამიტომაც, როდესაც წლების მანძილზე შემადგენლობის ძირითადი ნაწილი არ იცვლება და ვითარდება, ეს მნიშვნელოვანია, საქმეს გაცილებით გიადვილებს.
- სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ნაკრებს ახალი სახე, თამაშის მანერა და მენტალიტეტი აქვს?
- საკუთარ სახეს თამაშის ხასიათითა და ხარისხით ვაჩენთ და ვაჩვენებთ. ახალგაზრდები ყოველგვარი შიშისა და რიდის გარეშე თამაშობენ, ამას სიამოვნებით აკეთებენ. ტექნიკური კუთხით საკმაოდ წინ წავედით და მაღალ დონეზე ვართ. თუმცა მიმჩანია, რომ როგორც გუნდს, კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი.
- რა შეცვალა პეტკოვიჩმა პოსტზე მოსვლის შემდეგ?
- ჰიტცფელდის დროს ტაქტიკას შედარებით მეტ ყურადღებას ვუთმობდით და ამ მიმართულებით ძალიან წინ წავედით. პეტკოვიჩი ძალიან კარგი სპეციალისტია და ცოტა, სხვანაირად გვამზადებს მატჩებისთვის. ფაქტია, მასაც კარგი შედეგები აქვს და მჯერა, ასეც გაგრძელებს.
- რას ელოდებით შვეიცარიის ნაკრებისგან უახლოეს წლებში? როგორ ფიქრობთ, კიდევ შეიძლება მომატება?
- რთულია წინასწარ პროგნოზების კეთება და რამის ვარაუდი. ბევრი რამ მეტოქეებზეა დამოკიდებული. მიმაჩნია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალიან კარგად ვითამაშეთ.
თუმცა მატჩების უმეტესობაში ბოლომდე ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ, არგენტინასთან ბრწყინვალედ გამოვიყურებოდით და ცოტა არ გაგვიმართლა, მაგრამ სხვა შეხვედრებში პოტენციალი სრულად ვერ გამოვავლინეთ. ჩვენი მიზანი ყოველთვის პლეი ოფში რაც შეიძლება შორს გასვლა იქნება.
ეს პროგრამა მინიმუმია და მიღწევა შესაძლებელია. გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა ჩამოგვიყალიბდეს, ფსიქოლოგიურ მხარეზე ჯერ კიდევ სამუშაოა. მომატებაა საჭირო, არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმით, რასაც უკვე მივაღწიეთ.
- შვეიცარიას მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას ან ევროპის ჩემპიონ ესპანეთს თუ შევადარებთ, როგორ ფიქრობთ, რა აკლია თქვენს ნაკრებს?
- გერმანია და ესპანეთი დიდი საფეხბურთო ქვეყნები არიან, მათ ძალიან ძლიერი კლუბები ჰყავთ და სერიოზული რესურსი გააჩნიათ. მათგან ყოველთვის მოგებას ელიან, ისინი ზეწოლას განიცდიან, განსხვავებით შვეიცარიისგან. ჩვენ, როგორც წესი აუტსაიდერებად მივიჩნევით, მაგრამ დროა, ჩრდილიდან გამოვიდეთ და ახალ საფეხურზე ავინაცვლოთ.
მომავალი ევროპის ჩემპიონატი ამის გასაკეთებლად ძალიან კარგი შესაძლებლობაა. პატარა საფეხბურთო ქვეყნებმა, დანიამ და საბერძნეთმა უკვე გვიჩვენეს, რომ ასეთ ნაკრებებსაც შეუძლიათ ტურნირის მოგება. იმ ხარისხისა და რესურსის გათვალისწინებით, რომელიც ახლა გვაქვს, მსგავსი წარმატების მიღწევა ჩვენც შეგვიძლია.
- საკუთარ თავს 2018 წლის მსოლფიოს ჩემპიონატზე თუ ხედავთ? სანაკრებო კარიერას ევრო 2016-ის მერეც გააგრძელებთ?
- ამჟამად ევროპის ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული, რომლის დროსაც 32 წლის ვიქნები. თუმცა ჯერჯერობით, მშვენიერ ფორმაში ვარ, მიყვარს ვარჯიში და ვგრძნობ, რომ უახლოეს წლებში უმაღლეს დონეზე თამაში შემიძლია. ფსიქოლოგიურადაც ყველაფერი რიგზეა, მოტივაცია არ მაკლია და ისე შემართული ვარ, როგორც არასდროს.
- ნერვიულობდით თუ არა ბერლინში ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს?
- სხვათა შორის, თამაშის დღეს დიდად არ ვნერვიულობდი. საკმაოდ მშვიდად ვიყავი. ვიცოდი, რომ ორ საათში ყველაფერი გადაწყდებოდა ან ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ.
სამაგიეროდ, ფინალამდე მთელი კვირა ვნერვიულობდი და ბევრს ვფიქრობდი მატჩზე, ტიტულის მოგებაზე... ცხადია, გამარჯვება ყველას გვსურდა. ძალიან კარგი სეზონი ჩავატარეთ, ორი ტიტული უკვე მოგვეგო და როგორც ფეხბურთელებს, ასევე ფანებს გვინდოდა, რომ ოცნება რეალობად ქცეულიყო.
"იუვე" ევროპის ერთ-ერთი უდიდესი გუნდია, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ არის იმ დონეზე, როგორზეც "რეალი", "ბარსელონა" და "ბაიერნი" არიან, რომლებიც ხშირად გადიან ფინალში. ჩემთვის ეს იყო შანსი, რომლის მსგავსიც ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა - ვფიქრობდი, ან ახლა ან არასდროს მეთქი. მატჩის მერე უაღრესად გულდაწყვეტილი გახლდით.
არადა, სინამდვილეში ჩვენი სეზონი დადებითად უნდა შეფასებულიყო, რადგან დიდ წარმატებებს მივაღწიეთ. უშუალოდ ჩემი თამაშითაც ვამაყობ. ჩემპიონთა ლიგაზე 13-ივე შეხვედრა შეუცვლელად ჩავატარე.
- ალბათ ზუსტად ასეთი შეხვედრები აქცევს ფეხბურთს განსაკუთრებულად. რას ნიშნავს ფეხბუთი პირადად თქვენთვის?
- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის გამარჯვებულის მენტალიტეტი და მებრძოლი სული, რომელსაც ყოველ შეხვედრაში ვავლენთ და ბოლომდე ვიბრძვით. ფეხბურთს ვთამაშობ იმიტომ, რომ მიყვარს ეს სპორტი და მსიამოვნებს პროცესი.
მინდა ყოველ ჯერზე დავამტკიცო, რომ ასეთ მაღალ დონეზე თამაში შემიძლია და მინდა საკუთარი თავი უძლიერეს მეტოქეებთან გამოვცადო ხოლმე და თანაგუნდელებთან ერთად დიდ წარმატებებს მივაღწიო. არ მაღელვებს ის, რაც მინდორს გარეთ ხდება. ის ყურადღება და პრივილეგია, რომელსაც როგორც ფეხბურთელი იღებ, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის.
ვფიქრობ, ის დიდი თანხები, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში ტრიალებს, მას ზედმეტად კომერციულს ხდის. საქმეს ართულებს ის ზეწოლაც რომელიც მოთამაშეებზეა, ყველას უნდა რომ ხმის უფლება ჰქონდეს და საკუთარი აზრი გამოთქვას.
სწორედ ამიტომ მიყვარს ხოლმე ის პერიოდი, როდესაც შვეიცარიაში ვბრუნდები, აქ ის ვარ, ვინც ვარ. მხოლოდ იმიტომ, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ, განსაკუთრებულს არ მხდის.
დოსიე
შტეფან ლიხტშტაინერი
დაიბადა: 1984 წ. ადლიგენსვილი (შვეიც)
პოზიცია: მარჯვენა მცველი
კარიერა: 2001-05 - გრასჰოპერი, 2005-08 - ლილი, 2008-11 - ლაციო, 2011-დან - იუვენტუსი
შვეიცარიის ნაკრები: 79 თამაში, 5 გოლი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"